25 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის დაბადების დღეა.
მარო მაყაშვილი 19 წლის იყო, როდესაც თბილისს რუსეთის მე-11 არმია მოადგა. მაშინ ქართველი ახალგაზრდები კოჯორ-ტაბახმელასკენ ჯართან დასაპირისპირებლად წავიდნენ, სტუდენტი გოგო კი წითელ ჯვარში მოწყალების დად ჩაეწერა.
ორი დღის შემდეგ ის ყუმბარის ნამსხვრევმა იმსხვერპლა. მარო მაყაშვილი თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე სწავლობდა. საქართველოს ეროვნული გმირი 1918 წლის 12 ივნისს დღიურში წერდა:
„იქნება სხვები ამას არ ხედავენ, მაგრამ მე ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სრულად ეღირსება ამ ბედშავს ერს თავისუფლება. მაშინ იქნება აუწერელი ბედნიერება. ყოველი ადამიანი მას აღტაცებით მიეგებება, როგორც მშობელს. მაშინ მზეც მხიარულად გაანათებს და გაათბობს არეს და მთვარეც გაანათებს ძველ კვალს, რომელიც სიმართლისკენ მიდის“.
იმდროინდელმა პრესამ მაროს “ქართველი ჟანა დარკი” უწოდა.
გთავაზობთ ამონარიდს მაროს დღიურიდან, სადაც ნახავთ, როგორ ოცნებობდა საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი 19 წლის გოგო ევროპულ განათლებაზე.
მარო. დღიური. საქართველო. 1918 წელი. მ.მ. ქეთო.
„რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“ – ამ წარწერების გვერდით მარო მაყაშვილს თავისი დღიურის გარეკანზე საქართველოს სამფერი დროშა მიუხატავს. მარო ამ დროს სულ 16 წლისაა. 1921 წლის 19 თებერვლამდე, კოჯრის ფრონტზე მისი ტრაგიკულად დაღუპვის დღემდე, მარო კიდევ ბევრ ფურცელს გაავსებს. მარო მაყაშვილის დღიურის დედანი ლიტერატურის მუზეუმში ინახება. მის ფურცლებს მკრთალად, მაგრამ მაინც ატყვია მაროს მოთხრობილი ამბები.
„რომც არ იყოს მარო მაყაშვილი კოჯორთან მოკლული თბილისში წითელი არმიის შემოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, ეს დღიური მაინც საინტერესო იქნებოდა, რადგან ეს არის ახალგაზრდა ქალის დღიურები, რომელიც ძალიან კარგად აღგვიწერს, თუ რაზე ფიქრობდა დამოუკიდებელი საქართველოს ერთი მოქალაქე თავის გრძნობებზე, მაგალითად, იმაზე, თუ როგორ სურდა უცხოეთში წასულიყო, იქ ესწავლა იმისათვის, რომ უკან დაბრუნებულიყო, რომ სამშობლოსათვის რაღაც გაეკეთებინა, და როგორ მიდის ასეთი ადამიანი ფრონტზე, რადგანაც დარწმუნებულია, რომ სამშობლოსათვის ღირს თავდადება, და როგორ აღარ ბრუნდება იქიდან“, – მოგვითხრობს ლაშა ბაქრაძე.
ნაწყვეტები მარო მაყაშვილის დღიურიდან:
„ბევრს ჰგონია, რომ ბედნიერება ფულშია. მეც ეგრე მგონია, მაგრამ ამ ფულის დახარჯვა თავისზედ კი არა. ამ ფულით სხვას შეიძლება მოუტანო ბედნიერება და მაშინ თვითონაც იქნები ბედნიერი“.
„ღმერთო, რად დამბადე ქალათ. ქალი უძლური რაღაცა საგანია, კაცების აზრით, მაგრამ ეგ ტყუილია. მაგრამ მაინც მინდოდა, ვყოფილიყავი მძლავრ და ჭკვიან კაცად. კაცს უფრო ეხერხება ყველაფერი, ვიდრე ქალს. ქალს ჰპატრონობს კაცი, კაცს ღმერთი. კაცი მაღალი სულით სულ სხვა არის ამგვარ ქალზედ. მაგრამ უმეტეს ნაწილში ქალი უფრო მაღლა სდგას კაცზედ, მაგრამ ეს არა სჩანს – ის მდგომარეობის მონაა“.
„უსათუოდ საფრანგეთში უნდა წავიდე და იქ შევისწავლო სამეურნეო საქმე. ჩემი ფიქრი აი, ეგ არის. მე თვითონ მინდა ვიმუშაო ჩემ მიწა-წყალზედ… ძალიან და ძალიან პარიზში მინდა და იტალიაში. ნუთუ რამე შემიშლის ხელს?“
იქვეა ჩანახატებიც, მაროს დახატული ტანსაცმლის ესკიზები – მაგალითად, ნახატი, წარწერით „პალტო“, ანდა – „ტანისამოსი ქალის, ბერძნული ტანისამოსი, თხელი და რბილი კრემის ფერი აბრეშუმი კრეპდეშინისგან“. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც 16 წლის გოგომ შეიძლება თავის საიდუმლო დღიურში ჩაწეროს და შეინახოს.
„ეს სურათები დღიურს ახლა დაემატა, მისი ამონაჭრები, ჩანახატები. მასში ასევე შევიტანეთ ფოტოები, რომლებიც პირდაპირ დღიურს არ ეხება, მაგრამ იმ ადამიანებს გვაჩვენებს, რომლებიც ნახსენები არიან მაროს ჩანაწერებში. ამ მხრივაც, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საინტერესო წიგნია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ოდნავ მაინც აინტერესებს საქართველოს ისტორია“.
ისევ მარო, სამშობლოსა და მის თავისუფლებაზე:
„ეს დღე ისტორიულია ქართულ ცხოვრებაში. ამ დღეს შესრულდა ნახევარი წელიწადი, რაც საქართველოს თავისუფლება აღიარეს. მთელმა ქართველობამ თბილისისა თავი შეიყარა სასახლის წინ. აქ მოხდა „პარადი“. ყოველი ქართველი გრძნობდა თავს თავისუფლად. აღტაცების ღიმილი უკრთოდა ყოველს და თითქოს ეს ეწერათ – „ოჰ, ძლივს გვეღირსა, გვეღირსა! გვეღირსა!“. არა, ნუ ვჩქარობთ, მტერი გარშემო გვყავს და გვითვალთვალებს.
„დღე თითქოს თანაუგრძნობდა ზეიმს. დილიდან საღამომდის მზე უხვად ასაჩუქრებდა დედამიწას თავისი სხივმოსილი ისრებით. ქართველი ერი ბედნიერი იყო და ღმერთიც. მზის გარშემო რამდენიმე საათის განმავლობაში ცისარტყელა იყო“.
1921 წლის თებერვლის ტრაგედიის შემდეგ ამ თემაზე მაროს ოჯახსა და ახლობლებში მრავალი წლის განმავლობაში დუმდნენ. მაროს ფოტო დიდხანს ეკიდა მისი დედის საწოლთან, თუმცა მარო მაყაშვილის დისშვილი ელიზბარ ერისთავი იხსენებს, რომ მასზე ბევრი არაფერი იცოდნენ:
„ამ თემას ჩვენს ბავშვობაში ტაბუ ედო. მეც და ჩემმა და-ძმამაც ვიცოდით, რომ იყო ასეთი დედაჩვენის და, მარო, მაგრამ მეტი ინფორმაცია მის შესახებ არ გქვონდა. მხოლოდ მისი სურათი ეკიდა ჩვენი ბებიის საწოლთან, აი ის სურათი, მარო მაქმანებიან კაბაში“.
უფრო მეტი ელიზბარ ერისთავმა და მისმა და-ძმამ მოგვიანებით, სტუდენტობის დროს შეიტყვეს. ერთ დღესაც ერისთავების ოჯახში სტუმრად მაროს ბიძაშვილები, დები მაყაშვილები მივიდნენ. ერთ-ერთმა მაროს დღიურები მოიკითხა. ეს იყო დაახლოებით 1950-იანი წლების ბოლო. მაროს დედას, თამარს, პასუხი მზად ჰქონდა: მან დაინტერესებულ ნათესავებს უპასუხა, მაროს დღიური გრიგოლ რობაქიძემ წაიღო დასაბეჭდად, მაგრამ რადგან ის შემდეგ უცხოეთში გადაიხვეწა, არც მისი და არც დღიურის ასავალ-დასავალი აღარ ვიცითო.
საქართველოს ეროვნული გმირი, მარო მაყაშვილი წითელი ჯვრის მოწყალების და სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში თბილისის მისადგომებთან დაიღუპა 1921 წლის თებერვალში