საქართველოს მთელი მასშტაბით ყველგან დღეს ახალი სასწავლო პროცესი დაიწყო, თუმცა 16 სკოლა მოსწავლეთა მიღებას ვერ ახერხებს, რის გამოც 10 ათასამდე ბავშვი იძულებულია, ონლაინ რეჟიმში ისწავლოს.
ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულება, სადაც დღეს სწავლა ვერ განახლდა, ნორიოს საშუალო სკოლაა. უკვე სამი წელია, მოსწავლეები სასწავლებლის კარის გაღებას უშედეგოდ ელოდებიან. ნორიოს სკოლის რეაბილიტაციისთის განათლების სამინისტრომ 4 მილიონ 500 ათასი ლარი გამოჰყო. აქედან 2 მილიონი არაკეთილსინდისიერმა კონტრაქტორმა კომპანიამ უკვე გაფლანგა. საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის დაკისრებია.
მოსწავლეებმა და მშობლებმა დღეს მაგისტრალის გადაკეტვაც სცადეს, რადგან კითხვებზე პასუხი სასწავლებლის დირექციისგან ვერ მიიღეს, თუმცა, უშედეგოდ – ადგილობრივმა მუნიიციპალიტეტმა წინა წლების მსგავსად, კვლავ გამგეობაში, ბაგა-ბაღსა და სხვა სოფლებში სწავლა შესთავაზა.
ნორიოს სკოლა ერთადერთი არ არის, სადაც დღეს სასწავლო პროცესი სარემონტო სამუშაოების გამო ჩავარდა.
ტვ პირველი