სისონა იყო ჯუმათის თემიდან, ს. ნაურმებიდან. სისონას მამა ბატონს ყმად არ ეკუთვნოდა.
.
ჯუმათის მონასტერზე იცოდნენ მთავარანგელოზობა. ერთხელ ამ დღეობაზე წავიდა ახალგაზრდა სისონა. მასთან ერთად იყო გურიელის ყმის ჩხარტიშვილის შვილი, სისონას ტოლა. გურიელებს უყვარდათ ყმების ერთმანეთზე წამასხარება და თვითონ ყმას იქცევდნენ. სისონას მამას და ჩხარტიშვილის მამას სთხოვეს, რომ დაეჭიდებინათ ბავშვები ერთმანეთისათვის. დააჭიდეს და სისონამ წააქცია ჩხარტიშვილის შვილი. სამჯერვე (სამჯერ ნაკლებ დაჭიდება არ შეიძლებოდა). გურიელს ეწყინა მისი ყმის დამარცხება. გაგულისდა ჩხარტიშვილის მამა – ძაბუნი შვილი მყოლიაო, და გალახა სისონა.
სისონას მამა მაგარი კაძახი იყო. წავიდა და ჩხარტიშვილი გალახა ისე მაგრად, რომ ექვს თვეს არ ამდგარა. გადიკიდნენ ასე ჩხარტიშვილები და დარჩიები საკვდრო სასიცოცხლოთ.
.
ჩხარტიშვილები უფრო მაგარი გალახული იყო. ერთხელ სისონას ძმა კოხტა ქალს ნიშნავდა გომში. დახვდნენ ჩხარტიშვილები და გალახეს. გომში ჩიესიძა ეს კოხტა დარჩია. მობრუნდნენ და კიდევ ის ჩხარტიშვილები გაილახა, ოჯახის უფროსი გაილახა.
.
ღვთიშობლობა იცოდნენ ჯუმათში დღიანაურის ეკლესიაზე, იქ გალახეს ოჯახის უფროსი. გურიელმა და მისმა ჯარმა ზდია ამ ნიადაგზე სისონას და გადიარა და წავიდა კაჩაღად; ძმაი მისიცა – ვასილა. შეიამხანაგეს მერე დათუნაიშვილი. დამცემლობას მაგენი არ ატარებდნენ. მხოლოდ მემამულეების ხალხს არ უშვებდნენ გაულახავს. გურიელი ჯუმათ – სილაურში იდგა. ფოსტას რომ გამოგზავნიდა გურიელი, დახვდებოდნენ.
.
ძალიან (ცქვიტი კაცი იყო, ერთი შემთხვევა იყო მამათის ტყეში: დიდი კლდე არის იქ, გამოქვაბულივით, ჩიკაშუას დააჩიხვინა იქ თავი, შემოადგნენ ჟანდარმები, სისონა ბრეზენტის ზონტიკით გადაფრინდა კლდეზე.
.
ერთხელ ციხეში გაიყვანეს პრაგულკაზე. სამი მეტრი იყო ღობე. აუხტა ზეით, მოშინჯა, თუ ავხტები ზეთო. რომ აუხტა მაღლა, მოკიდა სარს ხელი და მერე მოახერხა მართლაც გაქცევა. ფეხზე მაგას ქუსლები არ ქონდა. ორივე ფეხი ქუსლის ადგილას გადასწორებული ჰქონდა და ადვილად მოიძრო ბორკილი.
.
ლაშტიერ გოგუაძე იყო, გურიელის მოურავი: დიდი ზვინის ხელა თავი ქონდა, გურიელის მერეში ვის გაუშვებდა! პრისტავს უთხრა ერთხელ ლაშტიერმა –მე მოგიყვან მაგ გლახასო (სისონაზე), ყურებსაც მოვაჭრიო. გაიგო სისონამ და მივიდა მასთან.- რაფერაა, ლაშტიერ, საქმე, როდის მიმიყვან პრისტავთანო?! გააფრთხილა, – დემეხსენო, სამჯერ გააფრთხილა, მერე დააძრო ყურები და გაატანა პრისტავთან. ის უყურო ლაშტიერა მახსოვს მე.
.
სისონას და ვასილას რომ დიეცენ, თავის სახლში იყვნენ. სახლი ქონდენ მაღალზე. უკან პადვალი ქონდენ ამოყრილი. სისონამ უთხრა ვასილას: – შენ წინიდან გადახტი და მე პადვალით გავალო. სისონამ პადვლიდან გახტა და გაიქცა. დათუნაიშვილიც დაიჭრა მაშინ. სისონა იქიდან წამოსულა სუფსაში და ეწერაში დახვედრია პრისტავს, მაშინ კიდევ მოიკლა სამი კაცი. მოსახვევი იყო და იმ მოხერხებულ ადგილას ჩაუჯდა, იქიდან ისროდა…
.
„.სისონა დაბერდა აქ სიარულში, ყაჩაღობაში. ბოლოს გავიდა სათათრეთში. ჯოგი შეიძინა და ბიჭიც ყავდა. იქ მოკვდა. მისი ქონების ნაწილის გამოსატანად უნდა წასულიყვნენ, მაგრამ მაშინ ომიანობა იყო და ვერ გააღწიეს. “
.
სისონას გავდა ერთი მეგრელი და ის მოუკლავთ. შეუტყობინებიათ სისონას დედისათვის, – მიდი, შვილი იტირეო. მივიდა დედა და პირველ რიგში ქუსლებს დახედა და დაატირა შვილო, ჩემი შვილი არ ხარ, მაგრამ ვისიც ხარ, მაინც ცოდო ხარო.
.
მთქმელები: თეოფილე ჯაბას ძე დარჩია, 66 წლის და კალენიკე ანტონის ძე დარჩია 68 წლის. ჩაწერილი მახარაძეში ნელი ცქიტიშვილის მიერ, 1963 წლის ივლისში. (ქართული ხალხური საისტორი სიტყვიერება 1967):
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა