ქართველი მსახიობის, მომღერლისა და რეჟისორის – ვახტან კიკაბიძის გარდაცვალების ფაქტი საკმაოდ ფართოდ გაშუქდა უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში – კომენტარები და ნეკროლოგები გამოქვეყნდა ბრიტანული, გერმანული, ფრანგული ტელერადიოკომპანიების (BBC news, Deutsche Welle, RFI – Radio France Internationale…) ვებგვერდებზე, ეთერში გადაიცა ვიდეოსიუჟეტები და ა.შ.
როგორც ფრანგული Radio France Internationale-ს პუბლიკაციაში სათაურით – “საქართველოში საბჭოთა კინოსა და ესტრადის ლეგენდა ვახტანგ კიკაბიძე გარდაიცვალა” კორესპონდენტი რეჟის ჟენტე აღნიშნავს, “ვახტანგ კიკაბიძე, მეტსახელად “ბუბა”, საბჭოთა კინემატოგრაფიისა და ქართული საბჭოთა კინოს წმინდანად იყო აღიარებული. იგი, ასევე, ჰიტად ქცეული მრავალი სიმღერის ავტორიც გახლდათ. ბუბას სტატუსი დადასტურდა 1999 წელს მოსკოვში, “ვარსკვლავთა მოედანზე” მისი ვარსკვლავის გახსნით. ამის მიუხედავად, მან დაგმო ვლადიმერ პუტინის პოლიტიკა და 2008 წელს მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გადაწყვიტა, რუსეთში აღარ დაბრუნებულიყო. ვახტანგ კიკაბიძემ, ასევე, გააკრიტიკა რუსეთი უკრაინის ომთან დაკავშირებითაც”, – ნათქვამია პუბლიკაციაში. წყარო
და მაინც, ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების ფაქტს განსაკუთრებით გამოეხმაურა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების – რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მასმედია, მათგან კი გამორჩეულად – რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები.
kvirispalitra.ge