“საქართველო არის ერთი თავით მაღლა უკრაინასა და მოლდოვაზე” – კობახიძე EU-ს კითხვარის შევსებაზე

“…საქართველო არის ერთი თავით მაღლა უკრაინასა და მოლდოვაზე” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საუბრობს და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად სამი ქვეყნის მიერ შევსებულ კითხვარს ეხმაურება. ამბობს, რომ სწორედ საქართველო იყო ერთადერთი, ვინც დოკუმენტი თავად, დახმარების გარეშე შეავსო.

”საქართველო იყო სხვათაშორის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც თავისით შეავსო კითხვარი, უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში სხვებმა შეუვსეს კითხვარი, არ დავაკონკრეტებ, ეს ვინ იყო. მოლდოვის შემთხვევაში ეს იყო ერთ-ერთი ქვეყანა, უკრაინის შემთხვევაში გარედან დაახმარეს ადამიანები.

საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, ვინც თვითონ შეავსო ეს [ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად] კითხვარი. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია თავისთავად, ეს ერთი. და მეორე, თვითონ კითხვარის შინაარსიდან, ანუ პასუხების შინაარსიდან, რომ ნახოთ თქვენ საქართველოს პასუხები და უკრაინისა და მოლდოვის პასუხები, ძალიან მარტივად ჩანს, რომ საქართველო არის ერთი თავით მაღლა  როგორც უკრაინაზე, ისე მოლდოვაზე. ნუ, მაშინ ეს არც შეფასებულა, ეს შეფასდება ახლა, თუ არ ვცდები, უახლოეს დღეებში უნდა გამოქვეყნდეს შესაბამისი ანგარიში.

აქ ვერავინ ვერ გაექცევა დეტალური შეფასების დროს ვერავინ ვერ გაექევა რომ საქართველო ბევრად უფრო წინ არის, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. საბოლოო ჯამში, იქ პოლიტიკური დასკვნა რა იქნება ვერ გეტყვით, მაგრამ ტექნიკურ ნაწილში ვერავინ ვერ გაექცევა იმას, რომ საქართველო არის ბევრად უფრო წინ ვიდრე დანარჩენი ორი ქვეყანა, ” – ამბობს კობახიძე TV იმედის ეთერში.

ცნობისთვის, კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის მაშინდელ ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს 2022 წლის 2 მაისს გადასცა. მეორე ნაწილზე მუშაობა კი ხელისუფლებამ 9 მაისს დაასრულა.

უკრაინამ და მოლდოვამ კითხვარის სრულად შევსება საქართველოზე გაცილებით ადრე დაასრულეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share