უკრაინას რომ „ბუკებს” არ აძლევ და რაღაც მცირე შეიარაღებას, რადგან გეშინია, რომ რუსეთი დაგარტყამს, როცა ასე პოზიციონირდები, შიშს ავლენ, ეს ხომ იმასაც ნიშნავს, რომ MAP-საც არ მივიღებთ – კიდეც რომ მოგცენ, არ მივიღებთ, რადგან გვეშინია. ე.ი. ჩვენ ამ პოლიტიკით მთლიანად ჩავეხსენით აქამდე არსებულ ტრადიციულ დასავლურ ვექტორს. ეს ვექტორი აღარ გვაქვს. დე ფაქტოდ აღარ გვაქვს, – ამის შესახებ ორგანიზაცია GRASS-ის დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის” გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო მომავალში დარჩება მხოლოდ იმის იმედზე, რომ უკრაინაში დამარცხებული რუსეთი მას შეიწყალებს და არ დაიპყრობს, რადგან საქართველო არ იქნება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ნაწილი.
„ჩემი აზრით, ქვეყნის რეპუტაციამ გამოუსწორებელი ზიანი განიცადა. კანდიდატის სტატუსი რომ არ მივიღეთ, არ უკავშირდება მხოლოდ იმას, რომ ქვეყნის შიგნით დემოკრატიის კუთხით უკუსვლა გვაქვს. ასევე, უკრაინასთან ჩვენს პოზიციონირებას უკავშირდება. შესაბამისად, ამ არაშორსმჭვრეტელმა პოლიტიკამ ერთ წელიწადში ძალიან ბევრი რამ დაგვაკარგვინა და პერსპექტივაში კიდევ უფრო მეტს გვაკარგვინებს. რომ წარმოვიდგინოთ, როგორ შეიძლება დასრულდეს ან ბოლოსკენ წავიდეს უკრაინაში მდგომარეობა – რუსეთი მიდის დამარცხებისკენ, დაიწყება აჩქარებული სიარული ახალი უსაფრთხოების რეჟიმისკენ ამ რეგიონში, მათ შორის, ნატო-ს შემოსვლისკენ. ჩვენ ამ დისკუსიაში სად ვართ ? ჩვენ ამ დისკუსიაში ვართ, როგორც ნატოს მომავალი წევრი?
ამ ხელისუფლებამ თავისთვის კომფორტული პოზიცია აირჩია, რომ არის დამოკიდებული და მიენდო რუსეთის კეთილ ნებას. ახლა გვაქვს იმედი, რომ დამპყრობელი არ დაგვიპყრობს, რადგან შევეცოდებით და არა იმის გამო არ შემოვა აქ, რომ ძლიერები ვართ, მოკავშირეები გვყავს ან მაღალი ფასი ექნება გადასახდელი”, – განაცხადა კაპანაძემ.
მისივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებიდანაც ჩანს, რომ რუსეთი საქართველოს თავის უკანა ეზოდ აღიქვამს. საუბარია განცხადებაზე, სადაც ლავროვი საუბრობს საქართველოს გამბედაობაზე, არ შეუერთდეს დასავლეთის სანქციებს, მიუხედავად მის მიმართ არსებული ზეწოლისა.
„მოდი, დავიწყოთ იმით, როგორ არის აღქმული ლავროვის განცხადება დასავლეთში, ევროპაში. უკრაინა-რუსეთის ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირების შედეგად კატალიზირდა პოზიციები – დასავლეთი უკრაინის გვერდით არის, რუსეთი ამ ყველაფრის წინააღმდეგ და ჩვენ გაუგებარია, სად ვართ. ლავროვის განცხადებები მათ აფიქრებინებს, რომ საქართველო არის მათ ბანაკში თუ არა? ამ განცხადებებით, ვინც ამას მოისმენს, ჩვენ არ ვართ მოაზრებული დასავლეთის ბანაკში”, – განაცხადა კაპანაძემ.
კაპანაძე ასევე კატეგორიულად არ ეთანხმება „ქართული ოცნების” წევრთა ნაწილის შეფასებებს, თითქოს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებები გამიზნულად კეთდება საქართველოს პოზიციების დასაზიანებლად და მეორე, მხრივ იმისთვის, რომ ოპოზიციას მისცეს დამატებითი მიზეზი ხელისუფლების კრიტიკისთვის.
„ეგ ხომ რამდენიმე დაშვებას გულისხმობს – პირველი დაშვება არის ის, რომ საქართველოს ოპოზიცია არის შეკრული რუსეთთან, აკოორდინირებს მათთან ერთად საკუთარ ქმედებებს და რუსეთი ახლა იმაზე ფიქრობს, ამ განცხადებით აქ, შიგნით ხელი შეუწყოს ოპოზიციას. იმდენად დიდი ბოდვაა, რომ არ ვიცი, ამაზე სერიოზული კომენტარი როგორ გავაკეთო. სხვათა შორის ხელისუფლების მხრიდან, რომ ეგ პროპაგანდა დარჩა ერთადერთ არგუმენტად და ინსტრუმენტად, ეგეც მეტყველებს იმაზე, არგუმენტების მხრივ რაოდენ ღარიბად არიან. ეს არის ჩვეულებრივ უშნო სიცრუე, რითაც ცდილობენ ფონს გავიდნენ. უფრო ღრმა პრობლემა გვაქვს ჩვენ და ეს პრობლემა არის ის, რომ რუსეთი აღგვიქვამს თავის მოკავშირედ ამ რეგიონში და შესაბამისად, თავის უკანა ეზოდ და ამას აკეთებს ჩვენი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად”, – განაცხადა კაპანაძემ.
რეზონანსი