უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო აცხადებს, რომ მათთან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირები თანამშრომლობენ. უწყების წარმომადგენელი, ანდრეი ჩერნიაკი ბერძნულ მედიასთან ინტერვიუში ყვება, რომ იპოვეს თანამშრომლობის მექანიზმები ისეთ პირებთანაც, რომლებიც “დიდი რუსეთის” მხარდამჭერებად ითვლებიან.
“ომში ჩვენ ვიყენებთ კანონით დაშვებულ ყველა საშუალებას. ჩვენ ვიპოვეთ თანამშრომლობის მექანიზმები პუტინთან ძალიან დაახლოებულ ადამიანებთანაც კი. ეს ხალხი ყოველგვარ ეჭვს მიღმაა, ისინი ცნობილია როგორც “დიდი რუსეთის” მხარდამჭერები”, – თქვა მან.
ოფიციალური პირის თქმით, პუტინის გარემოცვაში საკმაოდ ბევრი ადამიანია, ვინც მხარს არ უჭერს რუსეთის დღევანდელ პოლიტიკას უკრაინის მიმართ, კერძოდ, სრულმასშტაბიან ომს, მაგრამ მოქმედებენ საკუთარი ინტერესებით:
“ყველა ამას საკუთარი სარგებლისთვის აკეთებს – ეს მათ ინტერესშია, ზოგი სიცოცხლის გადასარჩენად, ზოგი იმიტომ, რომ ფულს კარგავს. უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ბევრმა ადამიანმა დაიწყო ფულის დაკარგვა”, – თქვა მან. GUR-ის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მართალია ეს ხალხი არ არის მზად რუსეთის ფედერაციაში რაიმე გადატრიალებისთვის, მაგრამ “თუ ის (პუტინი) დაკარგავს ძალაუფლებას, გაანადგურებენ”.