გურიაში არსებული ვაზის ჯიშებიდან ყველაზე უფრო მაღალხარისხოვანი ღვინის მასალას იძლეოდნენ – „ჩხავერი“, „ჯანი“ და „ჭუმუტა“. გურიაში ვენახს აშენებდნენ მაღლარისა და ოლიხნარის სახით, რომელიც მოუვლელობის პირობებშიც კი უხვ მოსავალს იძლეოდა.
სოკოვან ავადმყოფობათა (ნაცარი, ჭრაქი) და შემდეგ ფილოქსერას შემოჭრამ განადგურებამდე მიიყვანა გურიისა და სამეგრელოს მევენახეობა (1850-1895 წლები). რის შემდეგაც მოსახლეობამ მოაშენა ამერიკული ჯიში „იზაბელა“ (ადესა), რომელმაც როგორც მოსავლიანმა და მავნებლებისადმი გამძლე ჯიშმა ნაწილობრივ შეამსუბუქა ვითარება, მაგრამ დროთა განმავლობაში მანაც განიცადა ფილოქსერის ზემოქმედება, რის გამოც მისი მოსავლიანობაც საგრძნობლად შემცირდა. 1900 წლებიდან გურიის მოსახლეობამ დაიწყო იმერული ცოლიკაურის მოშენება დაბლარის სახით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამან შედეგი ვერ გამოიღო.
ადგილობრივი ჯიშების აღწერისას გამოირკვა, რომ გურიაში ადრე ითვლებოდა 60-დე ჯიში, 1948 წლის აღწერის შედეგად კი აღმოჩნდა, რომ გურიაში შემორჩენილია ვაზის 20 ჯიში დანარჩენი ჯიშების მხოლოდ სახელებიღაა შემორჩენილი. აღსანიშნავია, რომ ამჟამად შემორჩენილების უმეტესობა თითო ოროლა ძირითაა წარმოდგენილი.
გურიის ვაზის ჯიშები: – აკიდო; – ალადასტური; – ბახვასყურძენი; – ბერძულა; – კამური შავი; – კოცხანა; – მტევანდიდი; ნაშენება; – ორონა; – ოფოურა; – ოჯალეში გურიის; -რცხილი; – საფერავი გურიის; – სხილათუბანი; – შავჩხავერა; – ჩხავერი; – ცანაფითა; ცივჩხავერა; – ჭუმუტა; -ხემხუ; – ხუშია; – ჯანი; -ჯანი ნაკაშიძის; – ჯანი ციხური; – ათინაური; – დორდღო; – ვაციწვერა; – ზენათური; – თეთრი მაური; – თეთრი ყურძენი; – თეთრი ჩხავერი; – თქვლაფა; – კაკნატელა; – კამური თეთრი; – კაპისტონი წიწილიანი; – კატური; – კეშელავას თეთრი; – კლარჯული; – მაისა; – საკმიელა; – საკნატუნა; – სამარხი; – ქაქუთურა; – ჩხინკილოური; – ჭაჭიეთის თეთრა; – ხუშია თეთრი; – კიკაჩა შავი; – კუმუშა; – მაგანაკური; – მანდიკოური; – მახათური; – მტრედისფეხა; – მცვივანი გურული; – სამჩხავერა; – ჩეპეში; – ბადაგი; – ცივჩხავერა ვარდისფერი; – წითლანი; – კორძალა;
1948 წლისათვის გურიაში შემორჩენილი ვაზის ჯიშები: – კლარჯული; – თეთრი კამური; – საკმიელა; – სამარხი; – თეთრი მაური; – თქვლაფა; – ჩხავერი; – ბადაგი; – ჯანი; – მტევანდიდი; – ჭუმუტა; – სხილათუბანი; – ორონა; – ოფურა; – წითლანი; – ალადასტური; – ნაკაშიძის ჯანი; – ხუშია; – მცვივანი;
„სამარხი“
ლიტერატურული წაყროების მიხედვით „სამარხი“ გურიის უძველესი ადგილობრივი ყურძენის ჯიშია. ივანე ჯავახიშვილის მიხედვით „სამარხი ვითარცა ყურძნის შესანახი ჯიშის ზოგადი სახელი ძალიან ძველი უნდა იყოს. მაინცა და მაინც მე-10 საუკუნეზედ მერმინდელად მისი მიჩნევა არ შეიძლება იმიტომაც, რომ გურიაში ეს ტერმინი მე-8-9 საუკუნეში ქართლ-მესხეთიდან გახიზნული მოსახლეობისაგან უნდა იყოს შეტანილი“. ჯავახიშვილის აზრით „სამარხი“ შენახვის აღ,ნიშვნელი უნდა იყოს, ანუ ისეთი ყურძნის ჯიშის სახელია, რომელიც შესანახად იყო განკუთვნილი. აგრონომი ე. ნაკაშიძის აზრით „სამარხი“ საუკეთესო სუფრის ყურძენის ჯიშად ითვლებოდა შენახვის დიდი უნარიანობით. „სამარხი“ საგვიანო სიმწიფის პერიოდის და როგორც ვაზი საშუალო ზრდის ჯიშისაა, იგი სამართლიანად ითვლებოდა საუკეთესო სუფრის ყურძნად, როგორც მისი დიდი ხნის განმავლობაში შენახვის შესაძლებლობით, ისე მარცვლის კონსისტენციით და გემოვნებითი თვისებებით.
ბოტანიკური აღწერა და სამეურნე დახასიათება
ზრდი კონუსი მოთეთრო მოცისფეროა და უხვადაა დაფენილი თეთრი ფერის ბეწვისებრი ბუსუსით. ახლად გაშლილი ფოთოლი როგორც ზემოდან ისე ქვედა მხრიდან ქეჩისებურად არის დაფენილი ბეწვისებური ბუსუსით. ასეთივე შებუსვა ახასიათებს ფოთლის ყუნწსაც. მომდევნო მეორე და მესამე ნორჩი ფოთლები ზედა მხრიდან მომწვანოა და მცირედით არის შებუსული მოთეთრო ფერის გრძელი ბუსუსებით. შებუსვა შემდგომ ფოთლებზე თითქმის ქრება.
ახალგაზრდა ყლორტი მრგვალია და თითქმის მწვანე, დაფარულია გრძელი მჩხერი ბუსუსებით, შებუსვა უფრო ძლიერდება ყლორტის წვერისაკენ.
შემოსული რქა საშუალო სიმსხოსია და ღია ყავისფერი. მუხლები უფრო მუქადა არის შეფერილი, მუხლთაშორის სიგრძე აღწევს 8-12 სმ-ს.
ზრდადამთავრებული ფოთოლი საშუალო სიდიდისაა და საერთო მოყვანილობით მომრგვალო ან განოვ-ოვალური. მისი საშუალო სიგრძე აღწევს 13-16 სანტიმეტრს და სიგანე 13.5 – 15.9 სანტიმეტრს, მცირედ დანაკვთულია.
ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღია და ისრისებრია, იშვიათად თაღისებრი. ზოდ შემთხვევაში გვხვდება დახურული ამონაკვეთი, ვიწრო ელიფსური ნასვრეტით. ამონაკვეთის ნაკვთები სამი და იშვიათად ოთხი ძარღვისაგან შედგება.
ზედა ამონაკვეთი მცირედ დანაკვთულია. ქვედა ამონაკვეთი უმნიშვნელოდ არის ჩაჭრილი.
ფოთოლი სამნაკვეთიანია. წვერის ნაკვთი ფოთლის ფირფიტასთან ქმნის ბლაგვ კუთხეს.
ნაკვთა წვერის კბილები განიერ სამკუთხედისებრია, მახვილი წვრით, ან გუმბათისებრია, მომრგვალებული წვერით. მეორადი კბილები მომრგვალო-სამკუთხედისებრია.
ფოთლის ქვედა მხარე საკმაოდ არის შებუსული მონაცრისფერო ბეწვისებური ბუსუსით. მისი ზედა მხარე გლუვია ან ბადისებურად არის დანაოჭებული. ფირფიტა ბრტყელია, იშვიათად ძაბრისმაგვარ-ღარისფერი. მთავარი ძარღვები საკმაოდ არის დაფარული ბეწვისებრი ბუსუსით.
ფოთლის ყუნწის შეფარდება შუა მთავარ ძარღვთან უდრის 0.7 – 0.9 ს. იგი შიშველია და მომწვანო იისფერი. დასავლეთ გურიაში „სამარხი“ ყვავილობს 10-12 ივნისამდე და 25 ივნისს ამთავრებს. ყვავილი ორსქესიანია, ნორმალურად განვითარებული მტვრიანებით და ბუტკოთი.
ყურძნის შეთვალება იწყება სექტემბრის პირველი რიცხვებიდან და მასობრივ სიმწიფეში შედის ნოემბრის პირველი რიცხვებიდან.
მტევნის ყუნწის სიგრძე აღწევს 5-8 სმ-ს. მტევნის სიგრძე 16-21 სმ-ს, სიგანე 8-14 სმ-ს. მისი საერთო ფორმა კონუსისებრია ან ცილინდრულ-კონუსისფერი, განტოტვილია და თხელი. გვხვდება საშუალო სიმკვრივის მტევნებიც. მუხლიდან განვიტარებული განტოტვა ხშირად აღწევს მტევნის სიგრძის ნახევარს. მტევნის ყუნწი კლერტით ბალახმაგვარია, ღია მწვანე – მოყვითალო ელფერით.
მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშით 6-9 მმ-ს აღწევს. ყუნწი მოყავისფროა, საჯდომი ბალიში გლუვია და განიერ-კონუსისებრი. მარცვალი მტკიცედ არის მიმაგრებული საჯდომ ბალიშზე.
მარცვალი ღია მწვანე, მზის მხრიდან ღებულობს მუქ-ქარვისფერს, საკმაოდ სქელკანიანია, მკვრივი რბილობით. მარცვლის კანი მცირედ არის დაფარული ფიფქით.
წიპწის რაოდენობა მარცვალში 1-4 ცალს აღწევს, სჭარბობს ორი წიპწა. მისი სიგრძე უდრის 7-8 მმ-ს, სიგანე 4-5 მმ-ს. რია ყავისფერია, მოყვითალო ელფერით. ქალაძა მოთავსებულია ზურგის მხარის შუა ნაწილში და მოგრძო ოვალურია. ნისკარტის ისგრძე 1.5-2 მმ-ს აღწევს.
როგორც ხარისხოვანი პროდუქციის მომცემი სუფრის ყურძნის ჯიში „სამარხი“ ყურადღების ღირსია. მისი მასობრივად გავრცელება მიზანშწონილად უნდა იქნეს მიჩნეული გურიის ზეგან და მთისპირა მიკრორაიონებში.
მ. რამიშვილის ნაშრომის – „გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები“ 1948 წლის გამოცემის მიხედვით მოამზადა კახა ჩავლეშვილმა