ტელეკომპანია იმედში ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სტუმრობის პარალელურად, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა კითხვით, რას უკავშირდება მობილიზაცია. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა, პროტესტის ნიშნად, ამოშალეს საგანი, რომელსაც ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კითხულობს. გარდა ოცნების თავმჯდომარის სალექციო კურსისა, სტუდენტებმა უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, გიორგი კახიანის საგანიც ამოშალეს.
მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო. თავდაპირველად, ოცნება ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.
თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.
რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა.