ავთანდილ თალაკვაძემ 700 000 ლარის ავტომობილები შეიძინა

ოზურგეთის მერიამ ამ დღეებში 11 მსუბუქი ავტომობილი შეიძინა-ოპოზიცია კორუფციაზე საუბრობს-მოსახლეობა კი პრიორიტეტად მაწანწალა ძაღლების პრობლემას ასახელებს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ სამსახურეობრივი სარგებლობისათვის ამ დღეებში 11 ავტომობილი შეიძინა.

ამათგან უმეტესობა “ფიატის” მარკისაა -9,  ხოლო 2 “კია”-ა.

გარდა ამისა, ავთანდილ თალაკვაძის ბრძანებით, მერიამ გასულ წელს,” რენოს” ფირმის 4 ჯიპიც იყიდა.

ოპოზიციაში შესაძლო კორუფციაზე საუბრობენ, რადგამ მერიას მუსუბუქი ავტომობილების პრობლემა არასდროს ჰქონია.

ავთანდილ თალაკვაძის ახალი გატაცება ადგილობრივ ბიუჯეტს 700 000 ლარი დაუჯდა.

რომ არაფერი ვთქვათ არცთუ შორეულ წარსულზე, მარტო წინა მერმა, მერიის ავტოფარეხი, ასევე “რენოს” მარკის, სამი ჯიპით შეავსო.

თუმცა კოტე შარაშენიძე ძირითადად ტრაქტორებისა და ბულდოზერების შეძენით იყო დაკავებული.

სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ არც წინა მერისა და არც ახლანდელი მერის დროს. არანაირი კვლევა საზოგადოებაში, ტექნიკის საჭიროებებთან დაკავშირებით, არ ჩატარებულა და ამ ნაკლოვანებებზე ხშირად საუბრობდნენ როგორც არასამთავრობო სექტორში (მაგალითად გრიგოლ მახარაძე), ასევე მუნიციპალური საკრებულოს ადმინისტრაციაში (ნანა თავდუმაძე).

საკრებულოს დეპუტატები ოპოზიციიდან აცხადებენ, რომ ეს მანქანები ფაქტიურად მერიამ საკუთარ მაღალჩინოსნებს საკუთრებაში გადასცა და ამ უკანასკნელების პირად კომფორტს ემსახურება და ასევე, მთვარი,  ოპოზიციის მტკიცებით, მერიის მაღალჩინოსნების ოჯახის წევრების სარგებლობის ქვეშაა.

ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, ბესო ქათამაძე ეჭვობს, რომ ავტომობილების შესყიდვების ხელშეკრულებები შეკითხვებს ბადებს და კორუფციულ რისკებს შეიცავს, რაც მისი აზრით შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეისწავლოს:

“თუ გახსოვთ, ჯანდაცვის სამიუნისტროს სისტემიდან, მაშინდელი მინისტრის, ეკა ტიკარაძის მიერ ავთანდილ თალაკვაძის გამოძევება რატომ მოხდა? საუბარი იყო კორუფციულ გარიგებებზე და ერთ ერთი ასეთი თალაკვაძის უწყების “ფიატის” თბილისის წარმომადგენლობასთან, “სტრადა მოტორსთან” ურთიერთობა იყო და აჰა, ისევ “სტრადა მოტორსი” და ოზურგეთის მერის მიერ ჩაწოლილი საქონლის “ფიატების” დიდი ოდენობით შესყიდვა. დასკვნები მოსახლეობამ გააკეთოს” – აცხადებს ნასაკირალის მაჟორიტარი დეპუტატი.

ამასთან ერთად სხვა ასპექტებზე ამახვილებს ყურადღენას მეორე დეპუტატი ოპოზიციიდან-დავით მჟავანაძე:

“მერმა, ფაქტიურად ეს ავტომობილები, რომელიც ბიუჯეტიდან, ხალხის ფულით შეიძინა და რაც ჩვენ, მოსახლეობას, თითქმის მილიონი დაგვიჯდა, საკუთარ მაღალჩინოსნებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ეხმარება მათ ყველა მეთოდით ხელისუფლების შენარჩუნებაში, პირად საკუთრებაში გადასცა და ეს უკანასკნელებიც პირადი კომფორტისათვის იყენებენ. მაშინ როცა კრიტიკული მედიის ხელმძღვანელი, საკუთარი კერძო კომპანიის ტრანსპორტის სარგებლობისათვის ციხეში სრულიად უკანონოდ ზის, ოზურგეთში მომხდარი ნათლად მიუთითებს თუ რა უსამართლობასთნ გვაქვს სამე” – აცხადებს მჟავანაძე.

მერიაში ამ თემაზე საუბარი არ სურთ და მეტიც ჩვენ დაცვის პოლიცია, რომელმაც ბოლო ორი წელია თავი “კადიროვის” კარიკატურული მიდგომებით დაგვამახსოვრა,  შენობაშიც კი არ გვიშვებს.

აღსანიშნავია, რომ მერიის პრესსამსახურის უფროსი, ნინო ბახტაძე, ჩვენს ზარებს მუდმივად პასუხობს, მაგრამ როგორც კი შეკითხვის შინაარსს იგებ ხოლმე (ამას ის დაჟინებით ითხოვს), მაშინვე ქრება ფიჭური კავშირგაბმულობის სივრციდან, მერიის შესასვლელში მდგარი დაცვის პოლიციის რიგები იზრდება, ხოლო მერიის პერიმეტრზე ძალოვნების მოძრაობა თვალშისაცემი ხდება.

ოპოზიციის გარდა უკმაყოფილებას არ მალავენ ადგილობრივ მოსახლეობაშიც.

ჩვენი გამოკითხვის შედეგად დადგინდა – ოზურგეთში მიიჩნევენ რომ დღეს მუნიციპალიტეტის ნომერ პირველი პრობლემა მაწანწალა ძაღლებია, ეს პრობლემა განსაკუთრებით ქალაქში გაუსაძლის პირობებს ქმნის და ჯობს მერიამ ამ მიმართულებით იმუშაოს:

“ეს თანხა საკმარისი იქნებოდა ერთი ნორმალური, ევროპული, ძაღლების თავშესაფარის მშენებლობისათვის, დღე არ გავა ვინმე რომ არ დაიკბინოს და თუ ადამიანი გადარჩა 1000 ლარი მარტო სამედიცინო მომსახურებას სჭირდება” – გვეუბნება ოზურგეთის აგრარული ბაზრის ერთ ერთი მოვაჭრე.

თუ რაზე მუშაობს მერია ამჟამად, ჩვენთვის-როგორც კრიტიკული მედიისათვის უცნობია-რადგან როგორც კი ჩვენი ჟურნალისტები მერიის, ანაც საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამოჩნდებიან… შენობის კარები იკეტება, დაცვა ძლიერდება, პრესსამსახური ჩვენი მისვლის მიზეზს იგება, რის შემდეგაც პერიმეტრიდან ძალოვნები იწყებენ თვალთვალს, ხოლო მერი, მისი მოადგილეებიანად საკუთარ კაბინეტებს აუღებელ ციხესიმაგრეებად აქცევენ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share