ერთი გლეხმა საყორნიის მთის მახლობლად ხეტიალის დროს დაინახა როგორ გაიხსნა უზარმაზარი მთა, რომლის სიღრმეში კლდეებს შორის აღმოჩნდა ჯაჭვით დაბმული ამირანი. გლეხმა ასევე დაინახა ამირანსაგან მოშორებით დადებული დიდი ხმალი, გლეხი ხმლის ასაღებად გადაიხარა უფრსკულში მაგრამ ვერ ამოიღო.
.
ამირანმა დაინახა გლეხი და დაუძახა დამეხმარეო, როცა გლეხი ამირანთან მივიდა იგი მოეფერა მას და უთხრა, რომ ღარიბთა და ჩაგრულთა მეგობარი და დამხმარე იყო. ამის თქმისთანავე ამირანმა გლეხს ჩანთიდან ამოუღო პური და მძლავრად მოუჭირა ხელი, პურიდან წამოვიდა სისხლი და ოფლი. „უბედურებო, როგორ შეგიძლიათ ასეთი პური ჭამოთ?“ ჰკითხა ამირანმა გლეხს. „შენ თავად როგორ პურს სჭამ?“ ჰკითხა გლეხმა. „აი ასეთს“ უპასუხა ამირანმა და ხელი მოუჭირა თავის პურს, რომლიდანაც რძე გადმოედინა და უთხრა ამირანმა გლეხს – „როცა მე განვთავისუფლდები ქვეყნიერებაზე აღარავინ იძულებული ჭამოს ოფლითა და სისხლით გაჟღენთილ პურს.“ – „მე დაგეხმარები“ წამოიძახა გახარებულმა გლეხმა. „თუ დახმარება გსურს, მაშინ დაწექი ჩემსა და ხმალს შორის, ხელი მოკიდე ხმალს ვადაზე, მე კი ფეხებზე მოგეჭიდები და ეგებ ასე ამოვიღოთო“ უთხრა ამირანმა. გლეხი დაწვა ხმალსა და ამირანს შორის, მოეჭიდა ხმლის ვადას, ამირანმა მოკიდა გლეხს ფეხებში ხელი და მოსწია, მაგრამ გლეხმა ძლიერ ტკივილს ვერ გაუძლო და დაიყვირა. „თუ სახლში ღვედი გაქვს გაიქეცი და მოიტანე, ოღონდ დაიმახსოვრე გზაში არავის არ გამოელაპარაკო“ სთხოვა ამირანმა გლეხს, რომელიც უმალვე ისარივით გავარდა სახლში გმირის თხოვნის შესასრულებლად.
.
სახლში მისულმა გლეხმა ღვედი მხრებზე მოიგდო და უმალვე დააპირა გაქცევა უკან საყორნიისკენ, ამ დროს სახლის კარებში ცოლს შეეჩეხა, რომელმაც ჩხუბი დაუწყო და ეკითხებოდა “სად მიგაქვსო?” თან ღვედის წართმევა უნდოდა, საბრალო გლეხი ხმის ამოუღებლად ცდილობდა ცოლისაგან თავის დახსნასა და გაქცევას. იმან, რომ გლეხი ხმას არ იღებდა და არაფერს პასუხობდა ცოლს ეს ქალი სულ მთლად გაამწარა, ჩაეჭიდა ღვედის ერთ ბოლოს და უყვიროდა ქმარს: „მხოლოდ ესღა დაგვრჩა სახლში და ისიც გინდა გააფუჭოო!“, გლეხმა ვეღარ მოითმინა და დაუყვირა ცოლს „თავი დამანებე კუდიანოო!“ მერე ისე ძლიერ უბიძგა, რომ წააქცია კარის ზღურბლზე, გადააბიჯა და გაიქცა საყორნიისაკენ. გლეხმა როგორც იქნა მიირბინა ადგილზე, მაგრამ გმირი უკვე იქ აღარ იყო, ამირანი საყორნიის მთას მაშინვე დაუმალია, როგორც კი გლეხმა ხმა ამოიღო.
.
ამის შემდეგ კაცობრიობას ისევ ისეთივე პური დარჩა, რომელიც ისევ ოფლითა და სისხლითაა გაჟღენთილი. გლეხებს სჯერათ, რომ როცა ამირანი განთავისუფლდება იგი აუცილებლად მისცემს ადამიანებს უსისხლო პურს და ასევე შურს იძიებს ქალებზე მათი ზღვარგადასული ცნობისმოყვარეობის გამო.
.
გაზეთი „კავკასიის მხარე“ N1 დანართი 1905 წელი – ვ. ურუშაძე (თარგმნილია რუსულიდან Кавказский край – N1 Приложение 1905 г. – В. Урушадзе)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა