საქართველო კვლავ “საგარეო – პოლიტიკური კომპასის” ძიებაშია?

აღმოსავლეთი თუ დასავლეთი? ევროპა თუ აზია? რუსეთი თუ ევროკავშირი? -ამგვარი კითხვები საუკუნეებია აწუხებდა და აწუხებს საქართველოს ხელისუფალთ. ამ დროს კი, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანი ადრეც ცნობილი იყო და ამჟამადაც კითხვებს არ აჩენს: ევროპა. ერთ ობიექტურ გარემოებაზე ყველა უნდა შევთანხმდეთ: დღეს მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესები, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარება და მტერ-მოყვარით გარემოცვა, აუცილებელს ხდის მკვეთრი სტრატეგიული არჩევანის გაკეთებას.

ზოგადად, გლობალიზაციის პირობებში, ნებისმიერი ქვეყნის (რა ძლიერიც არ უნდა იყოს ის) “სრული დამოუკიდებლობა” მიუღწეველი ოცნება და თავის მოტყუებაა. მით უფრო ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური “გაბარიტების” მქონე ქვეყნისთვის. ილიას ოცნება: ” ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნეს”-ო ოცნებადვე რჩება. დღეს, როდესაც ყველა ქვეყანას და ქვეყანათა გაერთიანებას, საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესები გააჩნიათ, ჩვენ ის კარი უნდა შევაღოთ, რომელიც ყველაზე მეტად ესადაგება საქართველოს წარსულსა და მომავალს.

ფაქტია, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი საუკუნეების მანძილზე ცდილობს საქართველო საკუთარი “გავლენის ზონაში” შეინარჩუნოს. რუსეთის იმპერიის ყველა მმართველი და ჩინოვნიკი საუკუნეების მანძილზე აღტაცებული იყო ევროპით: მისი კულტურით, ქალაქებში არსებული სისუფთავითა და წესრიგით, ცხოვრების რიტმით, ჩასაცმელიდან დაწყებული – საკვებით დასრულებული. თუმცა ეს “აღტაცება” მაშინვე ქრებოდა, როდესაც საკითხი ევროპულ დემოკრატიას ეხებოდა. ეს იმდენად საშიში იყო რუსული/საბჭოთა/რუსული იმპერიისთვის, რომ ევროპისგან (“დასავლეთისგან”) “მტრის ხატს” ქმნიდნენ: ლენინისთვის, რომელიც ათწლეულების მანძილზე კომფორტულად ცხოვრობდა ევროპაში, 1917 წლის ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ევროპა “იმპერიალისტური საფრთხე” გახდა. სტალინისთვის, მეორე მსოფლიო ომში “დასავლეთის” უდიდესი სამხედრო-ეკონომიკური დახმარებით გამარჯვების შემდეგ, ევროპა იქცა “კოსმოპოლიტიზმის საფრთხედ”. დღეს პუტინი აშინებს რუსეთის მოსახლეობას “დასავლეთის აგრესიით”.

“ევროპა თუ რუსეთი?” – ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური 1917 წელს, რუსეთის იმპერიის დანგრევის შემდეგ გახდა. თავიდან საქართველოს პირველი რესპუბლიკის სოციალ-დემოკრატიული მთავრობა იმედოვნებდა, რომ “ბოლშევიკების” ხელისუფლებასთან საერთო ენას გამონახავდა და ორი დამოუკიდებელი ქვეყნის მშვიდობიანი თანაარსებობა სავსებით შესაძლებლად მიაჩნდა. თუმცა ილუზიები მალევა გაქრა: “ბოლშევიკურმა რუსეთმა” სწრაფადვე გამოაჩინა “მტაცებლის ეშვები” და საქართველოში სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის არევას შეეცადა. ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ერთადერთი სწორი არჩევანი გააკეთა. 1920 წლის 13 იანვარს გამართულ დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, რომელმაც განაცხადა: “დასავლეთი თუ აღმოსავლეთიი – აი, საკითხი ჩვენს წინაშე დასმული და აქ ყოყმანი შეუძლებალია, ჩვენ მუდამ ვირჩევდით და ვირჩევთ დასავლეთს. . . .ვიცი მტრები აყვირდებიან – იმპერიალისტებ ემხრობითო. ამიტომ აქ გადაჭრით უნდა ვსთქვა: მირჩევნია დასავლეთის იმპერიალისტები აღმოსავლეთის ფანატიკოსებს” (ციტატის დასასრული). ეს მკაფიო განცხადება მისაღები აღმოჩნდა საქართველოს ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. ნ. ჟორდანიას მთავრობის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე “ცისფერყანწელთა ორდენიც” კმაყოფილებით შეხვდა ამ ფაქტს.

1920 წლის 25 ოქტომბერს “ცისფერი ყანწების” კვირეულმა გაზეთმა “ბარრიკადი”-მ გამოაქვეყნა გრიგოლ რობაქიძის წერილი : “ნოე ჟორდანია”.

b2-1685699625.jpg
გრიგოლ რობაქიძე

ეს პუბლიკაცია ავტორის მიერ პოლიტიკოსის ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნის პირველი მცდელობა და ძალების მოსინჯვა იყო (უკვე ემიგრაციაში რობაქიძე დაწერს ადოლფ ჰიტლერის და ბენიტო მუსოლონის პოლიტიკურ პორტრეტებს). მწერლის მახვილი თვალი ბევრს ამჩნევს, ის ხედავს ნ. ჟორდანიას, როგორც რიგით ადამიანს – მამას, რომელიც შვილის გარდაცვალების გამოა დამწუხრებული.

გ. რობაქიძე წერს (ავტორის სტილი უცვლელია -ბ.ა.): “მე მესმის ჟორდანიას წუხილი შვილის დაკარგვის გამო (-ლენინს ასეთი წუხილი არ შეუძლია) . . . მე არ ვიცი ჟორდანია ლოცულობს თუ არა. მაგრამ მე ვიცი რომ მრავალი ლოცულობს მისთვის (-გამაგებინეთ ვინ ლოცულობს ლენინისთვის?!)”. გ. რობაქიძეს საბჭოთა კავშირში, რომ დაბრუნებულიყო მხოლოდ ამ სიტყვებისთვის დახვეტდნენ 1937 წელს! შემდეგ მწერალი და “ცისფერყანწელთა” მენტორი” მოსეს ადარებს ნოე ჟორდანიას და გეოპოლიტიკურ არჩევანს უწონებს. გ. რობაქიძე აღნიშნავს (ავტორის სტილი უცვლელია -ბ.ა.): : ” . . . ჟორდანიამ პირველმა იგრძნო სავსებით რომ პატარა ერის ბიოლოგიური ენერგია განსაზღვრულია და მისი ცხოვრების განვითარება შესაძლოა მხოლოდ გარეშე ძალების დახმარებით. . . . კიდევ უფრო მძაფრია მეორე ხაზი ჟორდანიას პოლიტიკური აზრის: საქართველოს ხსნა მხოლოდ დასავლეთშია . . . იგივე ჟორდანია იყო პირველი მომხრე საქართველოს რუსეთისგან გამოცალკევების მხოლოდ იმიტომ რომ რუსეთი აზიაში საბოლოოდ ჩატოვებას გვიპირებდა” (ციტატის დასასრული).

თუმცა, როგორც იტყვიან: “ძალა აღმართს ხნავსო” და ბოლშევიკებმა შეძლეს საქართველოს ოკუპაცია და ანექსია. მათი პროპაგანდა მიმართული იყო იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველოს, როგორც “პროლეტარულ სახელმწიფოს” შეუძლია გადარჩეს მხოლოდ დიდ რუსეთთან კავშირში, ალტერნატივა არ არსებობს და სხვა შემთხვევაში მას “იმპერიალისტები გადაყლაპავენ”.

1926 წლის 21 თებერვალს სრულიად საქართველოს მწერალთა პირველი ყრილობაზე სიტყვა წარმოთქვა ოკუპანტების ერთ-ერთმა ლიდერმა ფილიპე მახარაძემ (სტილი უცვლელია – ბ.ა.): ” . .დაარსდა ეგრეთ წოდებული დემოკრატიულ რესპუბლიკა. ყველამ ვიცით და დასაფარავი არ არის აქ, შეიძლებოდა თუ არა მაშინ და დღევანდელ პირობებშიდაც, რომ საქართველოს, ამ პატარა ერს, პატარა ხალხს შეენარჩუნებია საბჭოთა დამოუკიდებლობა (ტექსტში ამგვარადაა – ბ.ა.). ჩაეკეტა კარები და არც იქეთ და არც აქეთ – ” მე არავის ვცნობ, მე მინდა მარტო ჩემთვის ვიცხოვროო”. ამხანაგებო, რისთვის უნდა მოვიტყუოთ თავი. განა ვინ მისცემდა ნებას, რომ ამ გზაზე, შარა გზაზე მყოფ ხალხს, ასეთი პოლიტიკა დაეცვა, ეს იყო თავის თავის დატყუილება. შეუძლებელი იყო, რომ ასეთი პატარა ხალხი არ მისდგომოდა რომელიმე დიდ სახელმწიფოს, არ ყოფილიყო მის მფარველობის ქვეშ. . ჩვენ ან უნდა მივკედლებოდით საბჭოთა რუსეთს ან და ბურჟუაზიულ-იმპერიალისტურ ქვეყნებს. მენშევიკებმა და სხვა პარტიებმა არჩიეს იმპარიალისტები, ჩვენ ვარჩიეთ რუსეთის მშრომელი ხალხი. აი ამხანაგებო მთელი ისტორია. . . . თუ ასე მივუდგებით საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხს . . . თუ შესაძლებელია მისი შენარჩუნება, ეს მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების პირობებში” (ციტატის დასასრული).

ასე მარტივი იყო “ბოლშევიკ-კომუნისტებისთვის” საუკუნოვანი პრობლემის გადაწყვეტა: “მივეკედლოდ რუსეთის მშრომელ ხალხს და საქართველოც აყვავდებაო”. საბედნიეროდ საქართველოში მაშინაც იყო ბევრი პატრიოტი, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობდნენ. იმავე პერიოდში დიდ ქართველ მწერალს, მიხეილ ჯავახიშვილს თავის უბის წიგნაკში ჩაუწერია (ავტორის სტილი უცვლელია – ბ.ა.): “ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის შესარიგებლად საჭიროა ერთ-ერთი: ან ქართველი ხალხი უნდა გარუსდეს, ან ხელისუფალი გაქართველდეს. ჯერ-ჯერობით არც ერთია შესაძლებელი, არც მეორე. მაშასადამე, ხრამი ისევ ხრამად დარჩება”. თითქმის ასმა წელმა განვლო ზემოაღწერილი მოვლენების შემდეგ და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნ. ჟორდანია, გ. რობაქიძე, მ. ჯავახიშვილი და კიდევ ასეულ ათასობით ადამიანი არ ცდებოდა რუსეთის იმპერიალისტური ბუნების შეფასებისას.

b3-1685699680.jpg

რუსეთი იყო და მუდამ დარჩება აზიად: უმთავრესად მენტალურად, მმართველობის ფორმით, ცხოვრებასა და შრომასთან დამოკიდებულებით, კერძო საკუთრების მიუღებლობით, სულიერი კოლექტივიზმით, ბელადების შექმნითა და კერპთაყვანისმცემლობით. თუმცა აზიაცაა და აზიაც: ვინმე იტყვის, რომ იაპონია ან სამხრეთ კორეა ეკონომიკური ან დემოკრატიული პარამეტრებით რამეში ჩამორჩებიან ევროპის ქვეყნებს? მათ გლობალურ პროცესებში ღრმა ჩართულობის პირობებშიც კი ბრწყინვალედ შეინახეს ენა, კულტურა და ტრადიციები. თუმცა არის რუსეთის მეგობარი ჩრდილოეთ კორეას მაგალითიც: კაცობრიობის ბნელი წარსული. ვხედავთ, რომ არჩევანი დიდი არაა: ან ერთი ან მეორე. საქართველოს სპეციფიკიდან გამომდინარე ჩვენ ვერ შევძლებთ რ. ერდოღანის ან ვ. ორბანის ევროპასთან ურთიერთობის “ხისტი მოდელების” კოპირებას. ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის წევრობა, რომელიც საქართველოს ტრადიციულ ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული. თუმცა რუსეთი თავისი “კლანჭებიდან” არ გვიშვებს: “მართვადი ქაოსის” პოლიტიკის გატარებით ის ცდილობს საქართველოს საზოგადოება ორად, სამად, ათად გახლიჩოს და ხან რა დეზინფორმაციას “შემოაგდებს”, ხან რას.

რუსულ სპეცსამსახურებს კარგად აქვთ შესწავლილი ქართული ტრადიციები და მენტალიტეტი, ამიტომაცაა, რომ ჩვენი ქვეყნის ევროსტრუქტურებში გაწევრიანებას პირდაპირ უკავშირებენ “ელ გე ბე ტე” საკითხს. ამ ოპერაციაში ჩართული ჰყავთ აგენტურა და პროპაგანდისტები, რომლებიც დაუღალავად გაჰკივიან: თუ გინდათ ევროპა, ესე იგი, გინდათ “ელ გე ბე ტე”. “შეძახილმა ხე გაახმო” და ეს “ფეიკიც” ფეხს იკიდებს ქართულ საზოგადოებაში, განსაკუთრებით რეგიონებში. ერთ ფაქტს გავიხსენებ: ამას წინათ კახეთში ვიყავი სტუმრად, ყველა ასაკის ადამიანი უსხდა სუფრას. საუბარმა აჩვენა, რომ მათ უკვე თავში აქვთ ჩაჭედილი: ევროპა არის “ელ გე ბე ტე”. ვუხსნიდი, რომ ასეთი მოთხოვნა არ არის, არავინ გვიყენებს მსგავს ულტიმატუმს, მაგრამ არავინ მიჯერებდა.

ქალი რომ ქალია და მამაკაცი მამაკაცია და საქართველო ტრადიციების ქვეყანაა, ეს, ხომ, ელემენტარულია. ყველამ კარგად იცის, რომ რომელი პარტიაც დღეს საქართველოში გამოვა და იტყვის, მე მხარს ვუჭერ ერთნაირსქესიანთა ქორწინებასო, ის პარტია განულდება არჩევნებში. რუსეთი “ელ გე ბე ტე” საკითხს იყენებს, როგორც ყველა მართლმადიდებლური ქვეყნების საერთო პოზიციას და უნდა, რომ ამის ირგვლივ შემოიკრიბოს პოლიტიკური კავშირი, ანუ ქვეყნები დააჯგუფოს ამ ნიშნით. თუმცა მისი მთავარი მიზანია კვლავ აზიაში დაგვტოვოს.

სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციასა ქვეყნის მომავლის ერთიანი სტრატეგია არ აქვთ და რუსეთის მიერ აშკარად თუ ფარულად “შემოგდებულ თემებზე” დაეტაკებიან ხოლმე ერთმანეთს. პოლიტიკურ დღის წესრიგს რუსეთი განსაზღვრავს და ამიტომაც უფრო და უფრო იხლიჩება საზოგადოება. ავიღოთ თუნდაც სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა, რაც ზუსტად იმ მომენტს ემთხვევა, როდესაც რუსეთის იზოლაცია, მის წინააღმდეგ სანქციები მაქსიმუმზეა. ვის სჭირდებოდა ეს?! პუტინი ამ სვლას ინახავდა და ის დრო შეარჩია, როდესაც ამ გადაწყვეტილებების მიღება რუსეთს ყველაზე მეტად აძლევდა ხელს.

უკვე ვხედავთ, რომ რუსეთის “ყურმოჭრილი მეგობრებიც” კი უცნაურად იქცევიან: მაგალითად, შუა აზიის ქვეყნების ლიდერები ნაძალადევი ზრდილობისთვის, ცივად ეახლნენ პუტინს, ილჰამ ალიევი არც კი ჩავიდა 9 მაისის აღლუმზე, ანუ ფაქტობრივად რუსეთი მარტო დარჩა რამდენიმე მარგინალური ქვეყნის გარემოცვაში. ბელარუსი უკვე შეიძლება, არც კი ჩავთვალოთ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ლუკაშენკომ თავისი სკამი, ფაქტობრივად, გაცვალა ქვეყნის დამოუკიდებლობაში და დარჩა ფორმალურ პრეზიდენტად. დე-ფაქტო პუტინი მართავს ბელარუსს: ჯარიც ჰყავს იქ განთავსებული და სპეცსამსახურებსაც თავად აკონტროლებს.

აი, ამ სიტუაციაში ჩვენთან “მართვადი ქაოსი” ბობოქრობს, რათა კიდევ და კიდევ დაიძაბოს ვითარება “საზოგადოება-ხელისუფლება-ოპოზიციას” შორის და უფრო დავშორდეთ ევროპულ პერსპექტივებს. გასაკვირია საქართველოს ხელისუფლების პოზიციაც: თუ “ელ გე ბე ტეს” საკითხია ერთადერთია, რაც შეუთანხმებლობის საგანია ჩვენსა და დასავლეთს შორის (და სათავეს იღებს ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან) , მაშინ რატომ არ გაივლო ამ საკითხზე, ჩვენი მხრიდან, “წითელი ხაზები” ადრევე?! უნდა თქმულიყო კულუარებში, კაბინეტებში, დახურულ შეხვედრებზე, რომ: “ჩვენ ყველას უფლებას ვიცავთ, მიუხედავად ყველაფრისა. თუმცა ჩვენ აქტიურ რეკლამას ვერ გავუწევთ “ელ გე ბე ტე” თემს. თუ გინდათ, მიგვიღეთ ასე, თუ არადა ნუ მიგვიღებთო”. მე არ ვიცი, ამ საკითხზე თუ უსაუბრიათ დახურულ კარს მიღმა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც (ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე) პირდაპირ უნდა განუცხადონ ჩვენს მეგობრებს: საქართველო ტრადიციების ქვეყანაა, ჩვენ ქართველები ვართ და ეს ჩვენთვის მიუღებელია! ამ საკითხს რუსეთი კარგად იყენებს საქართველოს რეგიონებში ანტიევროპული განწყობების გასაღვივებლად. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით აქამდეც უნდა ჩატარებულიყო სოციოლოგიური კვლევები და ჩვენი დასავლელი მეგობრები კარგად დაინახავდნენ, რომ საქარველოში “ერი და ბერი” ერთიან შეხედულებას იზიარებს.

კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share