სარკეში ჩახედვა არ არის საჭირო – პაპუაშვილი ევროპარლამენტარებს შეცდომების გამოსწორებას ურჩევს

“სარკეში ჩახედვა არ არის საჭირო, ბოლო სამ რეზოლუციას ჩახედონ, რომელსაც მხარი დაუჭირეს”, – ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებას.

მისი თქმით, ევროპარლამენტარის ზოგიერთ განცხადებაში პიროვნული გაღიზიანებები და ანტიპათიები იგრძნობოდა.

პაპუაშვილი ევროპარლამენტარებს დაფიქრებისკენ და შეცდომების გამოსწორებისკენ მოუწოდებს.

„რაც ჩვენ მოვისმინეთ, აქ პიროვნული გაღიზიანებები და ანტიპათიები იგრძნობოდა ზოგიერთ განცხადებაში, რაც არ არის სერიოზული და ევროპული დამოკიდებულება. რაც შეეხება სარკეში ჩახედვას, ყველა ევროპარლამენტარს ერთ რამეს ვურჩევდი – სარკეში ჩახედვა არ არის საჭირო, ბოლო სამ რეზოლუციას ჩახედონ, რომელსაც მხარი დაუჭირეს, მათ შორის, ქალბატონმა კალიურანდმა.

ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმ დეზინფორმაციას და პროპაგანდას ჩახედონ, რომელიც ამ ბოლო სამ რეზოლუციაში იყო და რომელსაც პასუხი გასცა მათ შორის სტრასბურგის სასამართლომ. ის ჩანაწერები ნახონ, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხებოდა და იხილონ ის პროპაგანდა, რომელსაც აყოლილი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციების ინიციატორები.

დაფიქრდნენ, იქნებ, არის დრო, გამოასწორონ საკუთარი შეცდომები ქართველი ხალხის წინაშე, გადახედონ საკუთარ პოზიციებს, რომელმაც დააზიანა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ საკითხს ასე შეხედონ“, – თქვა პაპუაშვილმა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share