“უკრაინის კონტრშეტევა შეიძლება ისე სწრაფად არ მიმდინარეობს, როგორც ელოდნენ, მაგრამ, ამ შემთხვევაშიც კი, დრო კიევის წინააღმდეგ კი არა, მოსკოვის საზიანოდ მუშაობს”, – ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ “დეილი ტელეგრაფში” (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით – “რუსეთის დრო თითქმის ამოიწურა – კრემლის სტრატეგია კიევის წინააღმდეგ კრიტიკას ვერ უძლებს” (ავტორი – რიჩარდ კემპი).
“უკრაინის არმიის კონტრშეტევის ოპერაცია ერთი თვის წინ დაიწყო. მძიმე ბრძოლების შედეგები მაინცდამაინც წარმატებული არ არის, თუმცა ტერიტორიის მცირე ნაწილი ხელიდან ხელში გადავიდა. უკრაინის დასავლეთელი მოკავშირეები – თავიანთი ამომრჩევლებისათვის რომ კიევისადმი გაწეული დახმარების მნიშვნელობა ეჩვენებინათ – წინასწარ, განგებ, დიდ იმედებს ამყარებდნენ შეტევაზე, თუმცა, რასაკვირველია, იმედებისა და სურვილების დაუყოვნებლივი დაკმაყოფილება არ მომხდარა, ეს მიუღწეველი იყო.
უკრაინას დასავლეთის მიერ გაწეული ათობითმილიარდიანი დახმარებაც კი არ ჰყოფნის ისეთი დამთრგუნავი ძალის მოსაკრებად, რომელმაც აშშ-სა და მის მოკავშირეებს შესაძლებლობა მისცა, სწრაფად გაენადგურებინათ ერაყი 1991 და 2003 წლებში. უკრაინის არმია ამჟამად მოსასინჯ შეტაკებებს აწყობს, რუსეთის ჯარის პოზიციებში სუსტი ადგილების გამოსავლენად. შესაბამისად, ისეთი სწრაფი გარღვევის იმედი არ უნდა გვქონდეს, როგორიც გასულ წელს ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში ვნახეთ. არსებობს იმის შიშიც, რომ თუ ნატოს მიერ აღჭურვილი კიევის ჯარი რუსულ პოზიციებს ვერ გაარღვევს, რუსეთის არმია პირიქით, თვითონ გადავა კონტრშეტევაზე.
როგორც ჩანს, რუსეთის სტრატეგია უკრაინელთა დაქანცვას გულისხმობს – კრემლი იმედოვნებს, რომ მოწინააღმდეგის მოქმედება ისეთი მძლავრი თავდაცვითი ხაზით შეზღუდოს, რომელსაც მრავალი თვის განმავლობაში ამზადებდა, შემდეგ კი, როცა კიევი წარმატებას ვერ მიაღწევს, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეთანხმების დადებაზე აიძულოს ან ისევ დაარტყას უკრაინის დასუსტებულ არმიას.
ვლადიმერ პუტინი უპირატესობას, ალბათ, პირველ ვარიანტს მისცემს – იმიტომ, რომ კრემლი სწრაფ გამარჯვებაში დარწმუნებული არ არის: რუსული ჯარი მსხვილმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დროს უკრაინულ არმიას ვერ დაამარცხებს. ვლადიმერ პუტინს იმის შიშიც აქვს, რომ დასავლეთი კიევს უფრო ფართოდ დაეხმარება. დღეს იგი შოკშია ჩავარდნილი – მას ნამდვილად არ ეგონა, რომ ამერიკა და ევროპა უკრაინას ასე ფართო, მრავალმხრივ მხარდაჭერას აღმოუჩენდნენ. ეს შიშები აშშ-ის სენატის იმ რეზოლუციითაც ძლიერდება, რომლის თანახმად, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ეს ფაქტი განხილული იქნება ნატოზე თავდასხმად, რომლის პასუხი წესდების მე-5 მუხლით არის განსაზღვრული.
უკრაინის დაყოვნებული წინსვლა, რომლის დროსაც ჩვენ მძიმე ტექნიკისა და ცოცხალი ძალის დანაკარგების მოწმენი გავხდით, ერთი შეხედვით, ზოგიერთებმა შეიძლება ვლადიმერ პუტინის ნებაზე – ომის გაჭიანურებაზე – თანხმობად აღიქვას, მაგრამ განა რამდენი დრო აქვს რუსეთის პრეზიდენტს რეზერვში, განსაკუთრებით “ვაგნერის” წარუმატებელი ამბოხების შემდეგ?
ყველაფერი იმას აჩვენებს, რომ ახლა რუსეთის მმართველი რეჟიმი შედარებით ნაკლებად სტაბილურია. განა ვინმე წარმოიდგენდა ჯერ ევგენი პრიგოჟინის ანტისამთავრობო შეიარაღებულ გამოსვლას, შემდეგ კი იმას, რომ მას წინააღმდეგობას არავინ გაუწევდა? ეს ნიშნავს, რომ რუსეთის არმიის უმაღლეს სარდლობაში ხელისუფლებისადმი არალოიალური დამოკიდებულება არსებობს. სად გაქრა გენერალი სერგეი სუროვიკინი, რომელიც ევგენი პრიგოჟინის მომხრეა? რაც უფრო მეტ ხანს გრძელდება ომი რუსეთისათვის აშკარა წარუმატებლობის ფონზე, მით უფრო მეტი შანსია, რეჟიმი შეიცვალოს.
რუსეთს შეიძლება ახალწვეულების შეუზღუდავი რეზერვი ჰქონდეს, მაგრამ მას არ ექნება საბრძოლო მასალების განუსაზღვრელი მარაგი. კრემლმა ძლივს მოახერხა მობილიზებულების აღჭურვა, თუმცა ძალიან დიდი პრობლემები აქვს მძიმე სამხედრო ტექნიკის, რაკეტებისა და საბრძოლო მასალების წარმოებაში. ამიტომაც რუსეთი ეძებს ისეთ ქვეყნებს, რომლებიც მისი სამხედრო მანქანის “მკვებავი” გახდებიან. დღეის მდგომარეობით, ყველაზე მეტ იარაღს რუსეთს აიათოლების ირანი აწოდებს.
ჩინეთსაც აქვს შესაძლებლობა, რუსეთს “მაშველი რგოლი” გადაუგდოს. რუსეთის გამარჯვება დასავლეთზე ჩინეთის ინტერესებში შედის, მაგრამ “ცისქვეშეთს” ისეთი რუსეთის ხილვა სჭირდება, რომელიც ომიდან დასუსტებული გამოვა და პეკინი მასზე ძალაუფლებას მოიპოვებს. თუ ვინმე ფიქრობს იმას, რომ ჩინეთი რუსეთის გამო ამერიკასთან ისედაც დაძაბულ სიტუაციას კიდევ უფრო მეტად გაამძაფრებს, ის ძალიან სცდება. ამიტომაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ პეკინი მოსკოვს სამხედრო თვალსაზრისით ღიად დაეხმარება.
ნებისმიერ შემთხვევაში, უკრაინას საერთაშორისო მხარდაჭერის მტკიცე საფუძველი აქვს – განსაკუთრებით ახლა, როცა ჩინეთი თავშეკავებას ავლენს რუსეთის იარაღით მომარაგების საკითხში. დასავლეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, თუ ის სრული პოტენციალით ამოქმედდება, რუსეთის შესაძლებლობებს მთლიანად გადასწონის. კიდევ ერთი მომენტი: იმ დროს, როცა რუსეთის სავარაუდო მარცხი მხოლოდ მისი მარცხი იქნება და არ განიხილება კრემლის მოკავშირეების მარცხად, უკრაინის შემთხვევაში პირიქითაა – კიევის მარცხი მთელი დასავლეთის, ნატოს მარცხად იქნება აღიარებული. ამიტომ ევროპამ და ამერიკამ ამ ფაქტორს ყურადღება უნდა მიაქციოს.
რა თქმა უნდა, პოლიტიკაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და სიტუაცია შეიცვალოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ აშშ შეწყვეტს თავის მზადყოფნას უკრაინის დასახმარებლად. დღეისათვის დასავლეთის დახმარება იმისთვისაა საკმარისი, რომ რუსეთმა კიდევ რაიმეს ხელში ჩაგდება ვერ შეძლოს, მაგრამ არასაკმარისია იმისათვის, რომ უკრაინამ ოკუპირებული ტერიტორია დაიბრუნოს. ამისათვის აუცილებელია სამხედრო დახმარების მნიშვნელოვანი გაზრდა, აგრეთვე, უკომპრომისო ძალისხმევა, რათა მოსკოვისათვის იარაღის მიწოდება შეწყდეს, განსაკუთრებით – ირანიდან.
კვირის პალიტრა