რა ხდება ბჟუჟის ხეობაში – ოპოზიცია ხელისუფლებისაგან ინფორმაციას ითხოვს

ოპოზიცია, ოზურგეთი გომისმთის გზის გასწვრივ, ბჟუჟის ხეობაში მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ითხოვს.

ამის შესახებ განცხადება, ოზურგეთის საკრებულოს გუშინ გამართულ სხდომაზე, დეპუტატმა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, გოჩა შილაკაძემ გააკეთა.

შილაკაძის თქმით, არავინ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების წინააღმდეგი არ არის, თუმცა “საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ აწარმოებს სამუშაოებს ბჟუჟის ხეობაში, რამდენი ჰესის მშენებლობას აპირებენ, ემუქრება თუ არა საფრთხე ეკოლოგიას, რამდენი ჰექტარი ხე ტყე გაიჩეხება, და საერთოდ რა ხდება ამ მიმართულებით საინტერესოა” განაცხადა მან.

“ჩვენ თვითონ არა ვართ კონკრეტულად საქმის კურსში რა შენდება და რა ხდება, მოვიძიებთ ინფორმაციას, გავერკვევით დეტალებში და გიპასუხებთ” ასეთი იყო საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას პასუხი.

საკითხს სხდომაზე მყოფი, ოზურგეთის მერის მოადგილე, ნათია გოლიაძე გამოეხმაურა.

როგორც მან თქვა, არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელდება თუ ადგილობრივი მოსახლეობა წინააღმდეგი იქნება:

” ჰესების მსენებლობა  მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის თანხმობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი” – განაცხადა გოლიაძემ.

ცნობისათვის, ბჟუჟის ხეობაში “პარვუს ჯგუფი” უკვე რამდენიმე თვეა სამუშაოებს ახორციელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია 4 მიკროჰესის მშენებლობას გეგმავს.

ამ ეტაპზე, ხეობაში, გზის გაყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share