მე ეგანა მაგარამოვა ვისურვებდი, რომ ჩემი ეს წერილი წაიკითხოს ყველა იმ დედამ, ვინც კი შვილი დაკარგა, ვინაიდან ასეთი ტკივილის გადამტანი დედები ჩემს უდანაშაულობას გაიგებენ – ასე ემოციურად იწყება წერილი რომელიც “შაბათის მთავარმა” ქალთა მე-5 დაწესებულებიდან მიიღო. გზავნილის ავტორი მოკლული არასრულწლოვანის – აითაჯ შახმაროვას დედაა. ქალი, რომელიც პროკურატურამ 14 წლის შვილის იძულებით ქორწინებისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავა. თუმცა ინფორმაცია რომელიც ციხიდან გამოგზავნილ წერილშია პროკურატურის მტკიცებას თავდაყირა აყენებს.
“მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი იმისა, რომ ჩემს შვილს ჩემსავით მალე ექორწინა. ალლაჰი არის მოწმე იმისა, რომ მე ყველანაირად ვცდილობდი გამეწია წინააღმდეგობა ჩემი ძმის – ნატიკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის აითაჯის დაოჯახებასთან დაკავშირებით. ნატიკის ყოველთვის მეშინოდა, მაგრამ ამ შიშის მიუხედავად აითაჯის მთხოვნელ ალიმის ოჯახთან დავაყენე პირობა, რომ აითაჯი ალიმზე მხოლოდ 18 წლის გახდომის შემდეგ გათხოვდებოდა. სამწუხაროდ, მათ სიტყვა და ფიცი გატეხეს და ჩემი გოგო მოიტაცეს…
ჩემმა ფსიქოლოგიურად მოძალადე ძმამ ნატიკმა დამირეკა და ალიმის მსგავსად მოკვლით დამემუქრა. მე შემეშინდა და დავბრუნდით ლამბალოში. იქ ნატიკმა აითაჯს გადააფიქრებინა და აითაჯმაც ალიმთან დარჩენა გადაწყვიტა. იმის გამო, რომ ნატიკი არის ჩემი ძმა და თან მე მისი მეშინია, პოლიციას ვერ შევატყობინე. ამ წერილის დაწერის დროსაც მეშინია ნატიკის.”
შვილმოკლული დედა ამტკიცებს რომ აიტაჯი პრობლემებზე არ საუბრობდა. შესაბამისად მისთვის უცნობია რა მოხდა საბედისწერო დღეს. ის ასევე უარყოფს საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს აითაჯი ქმრის ოჯახიდან გაქცევას რამდენჯერმე ცდილობდა, რაში დახმარებასაც დედას სთხოვდა.
აითაჯ შახმაროვას გაქცევის რამდენიმე ეპიზოდი რომ არ ქონია ამას სხვა მოწმეებიც ადასტურებენ. საქმის მასალებში დევს განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ბიცოლას ჩვენება, რომელიც ამ ეტაპზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმეა. კათიბა ასლანოვა არასრულწლოვნის ნიშნობასაც ესწრებოდა, ახსოვს დედის პირობა რომ გოგოს ასლანოვები მხოლოდ 18 წლის შესრულების შემდეგ წაიყვანდნენ. თუმცა ჩვენებაში თავად აღიარებს რომ მისი მაზლის შვილმა პირობა დაარღვია და ნიშნობიდან რამდენიმე თვეში 14 წლის აითაჯი მოიტაცა. კახეთში ჩაყვანისას კი მათთან მიიყვანა.
აითაჯმა მითხრა: „ალიმმა მომატყუა, სასეირნოდ წამომიყვანა მეგონა და თურმე მომიტაცა. ცოლად მომიყვანა, მე გათხოვება და ალიმის ცოლობა არ მინდაო.”
მკვლელობაში ბრალდებულის ბიცოლა ჩვენებაში წერს რომ სწორედ იმ დღეს ჰქონდა აითაჯს გაქცევის მცდელობა. რისთვისაც სააბაზანოს პატარა სარკმელი გამოიყენა. ჩვენებიდან ასევე ირკვევა რომ გაქცევის შემდეგ აითაჯს დედისთვისაც ჰქონდა დარეკილი და ისიც შვილის წასაყვანად დმანისიდან კახეთში იყო ჩასული, თუმცა სიტუაცია საქმეში არასრულწლოვანი გოგოს ბიძის — ნატიკ მაგარამოვის ჩარევის შემდეგ შეიცვალა. კათიბა ასლანოვამ გამომძიებელს უთხრა რომ აითაჯი და დედამისი გზიდან სწორედ ნატიკმა დააბრუნა და მათთან სახლში მისვლა აიძულა.
სკოლის მოსწავლის იძულებით ქორწინებაზე იცოდა ყველამ მათ შორის საჯარო სკოლის დირექტორმაც და პედაგოგებმაც. თუმცა ყველანი მაშინაც და ახლაც დუმან, და ამტკიცებენ რომ არაფერი იცოდნენ. ზოგიერთი პედაგოგი იმ პასუხისმგებლობასაც ვერ იაზრებს რომ მოზარდის გადარჩენა ერთი ზარით შეეძლო.
მასწავლებლების და სკოლის ადმინისტრაციის უდანაშაულობა ჯერ ისევ დაუდგენელია. გამოძიება ამ ნაწილშიც გრძელდება. გენერალურმა პროკურორმა თავად დააანონსა რომ 14 წლის აითაჯის საქმეზე ბრალდებულთა წრე გაიზრდება.
ყველა დამნაშავის დასჯას ითხოვს 14 წლის მოზარდი მამა. აითაჯის მკვლელობის შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა თუმცა მედიასთან კონტაქტი არ სურს.
14 წლის მოზარდის იძულებით ქორწინებაში პროკურატურას ამ ეტაპზე მხოლოდ სამი პირის პასუხისმგებლობა აქვს გამოკვეთილი. მოძალადე ქმრის, რომელმაც აითაჯს ზურგიდან სამი ტყვია ესროლა, გოგოს ბიძის, რომელმაც ყველაფერი გააკეთა აითაჯის მისი ნების საწინააღმდეგოდ გასათხოვებლად და დედის, რომლის ბრძოლა შვილის ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ უშედეგო აღმოჩნდა. რადგან როგორც გაირკვა თავადაც ძმისგან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო. ამ მოცემულობიდან გამომდინარე ადვოკატი ამბობს რომ აითაჯის დედა პროკურატურამ სამაგალითოდ და სხვებისთვის საჩვენებლად დააკავა.
ადვოკატი დარწმუნებულია რომ ეგანა მაგარამოვას სასამართლო 28 ნოემბრის სხდომიდან გაათავისუფლებს, რადგან ამტკიცებს რომ შვილმოკლული დედის პატიმრობაში დასატოვებლად მტკიცებულებები არ არსებობს.
აითაჯის დედა ციხიდან გამოგზავნილი წერილის ბოლოდ სხვა მშობლებს მიმართავს:
“ვისურვებდი, რომ არცერთმა დედამ არ დაკარგოს თავისი შვილი, ეს ტკივილი არ განიცადოს არცერთმა დედამ. დედებისადმი მაქვს ერთი თხოვნა: ღმერთს სთხოვეთ, რომ ძალიან მალე შევძლო ჩემი გოგოს საფლავს ჩავეხუტო.”