აცივებასთან ერთად გაზის გამათბობლების ჩართვის სეზონი დაიწყო. გაზის გაჟონვის ან აფეთქების გამო საქართველოში ყოველწლიურად რამდენიმე უბედური შემთხვევა ხდება. ბოლო 3 წლის განმავლობაში თბილისში CO-თი მოწამვლით 8 ადამიანი გარდაიცვალა. და ეს ვითარების გაუმჯობესებად ითვლება.
„წინა წლებთან შედარებით, ბოლო 2-3 წელია, მშვიდი ზამთარი მივიღეთ. რა თქმა უნდა, ინციდენტები იყო და ნამდვილად ვერ დავმშვიდდებით, ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი მოწესრიგდა, მაგრამ საშიში მდგომარეობა, ფაქტობრივად, აღარ გვაქვს, – ამბობს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი, – „განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა დედაქალაქში იყო, კომპანიამ, რასაც ჰქვია, მუხლჩაუხრელად იმუშავა იმისთვის, რომ „მკვლელი დანადგარები“, რომელიც თითქმის ყველა ოჯახს ჰქონდა, ფაქტობრივად, 95 %-ით მაინც ამოეღო… უნდა შევთანხმდეთ, რომ როდესაც დანადგარი სახლიდან გავიტანეთ, დაუშვებელია, ის საკუთარი ნებით უკან დავაბრუნოთ“.
„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, წელს გაზის 250 000-ზე მეტი მომხმარებელი გადაამოწმეს, დარღვევები აღმოაჩინეს 5 პროცენტის შემთხვევაში.
რადიო თავისუფლებამ უსაფრთხოების ექსპერტებთან კონსულტაციით თავი მოუყარა ყველა იმ რჩევას, რომელთა დაცვაც უბედური შემთხვევებს აგაცილებთ თავიდან.
მაშ ასე,
რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ გაზით გამათბობელს იყენებთ?
- პირველი და მთავარი, არ დააყენოთ ბინაში კუსტარული გამათბობელი აპარატები.
- უარი თქვით ღიაკამერიან გამათბობლებზე, მათი მეშვეობით CO ოთახში გროვდება და იწამლებით.
- გაზის გამათბობელი, თუნდაც ქარხნული და ხარისხიანი, თქვენს საცხოვრებელ ფართს უნდა მოერგოს. ყველანაირი აპარატი არ გამოგადგებათ.
- დააყენებინეთ გამათბობელი სპეციალისტს.
- დააყენეთ სახლში დეტექტორიც, რომელიც გაზის გაჟონვას შეგატყობინებთ. ისიც სპეციალისტმა, კომპანიამ უნდა დააყენოს.
- თუ გაზის ქსელი გათიშულია, თვითნებურად ნუ ჩართავთ.
- არ შეიძლება გაზის ქსელის და გაზზე მომუშავე დანადგარების დამონტაჟება სარდაფებში ან სხვა ისეთ სივრცეში, რომელიც არ ნიავდება.
- გაანიავეთ ოთახები დღეში რამდენჯერმე.
- ეცადეთ ფანჯარა ოდნავ მაინც ყოველთვის გამოღებული გქონდეთ, ეს მოწამვლისგანაც გიხსნით და აფეთქებისგანაც.
- არ დააერთოთ გამათბობლის ან წყლის გამაცხელებლის გამწოვი მილი კორპუსის სავენტილაციო არხზე, ამით მეზობლებს შეუქმნით საფრთხეს.
- თავზე დაადექით ყავას… და სხვა ყველაფერსაც, რასაც გაზზე ამზადებთ. ყავა შეიძლება გადმოვიდეს და ცეცხლი ჩააქროს, ამის შემდეგ ბუნებრივი აირი ოთახში დაგროვდება.
- თუ სახლიდან გადიხართ, გადაკეტეთ გაზის ონკანები. „თბილისი ენერჯი“ ირწმუნება, რომ ხშირია შემთხვევა, როცა ბინაში გაჟონილი გაზი კორპუსს საფრთხეს უქმნის, ამ დროს კი ბინის მეპატრონე რამდენიმე დღით არის ქალაქიდან გასული.
- თუ დიდი ხნით გადიხართ სახლიდან, შეგიძლიათ გაზის კომპანიას დაურეკოთ და მოითხოვოთ, გაზის მიწოდება დროებით შეგიწყვიტონ.
- სანამ ზამთარში გამათბობელს ჩართავთ, გაზგაყვანილობა შეამოწმებინეთ. ეს მომსახურება „თბილისი ენერჯის“ აბონენტებისთვის უფასოა. დარეკეთ ცხელ ხაზზე: 2 40 40 04
- შეამოწმებინეთ გაზის ქსელი მაშინაც, როდესაც სახლს ან ოფისს ქირაობთ. „თბილისი ენერჯის“ მონაცემებით, CO-თი მოწამვლისა თუ სიკვდილის 70% დაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება, რადგან მეპატრონეები გასაქირავებელ ბინებზე ფულს ზოგავენ და იქ იაფფასიან გაზის დანადგარებს ამონტაჟებენ.
- რემონტის დროს, ყურადღება მიაქციეთ ხელოსნებს. ისინი ხშირად აზიანებენ გაზის შიდა ქსელს.
- თუ გრძნობთ გაზის სუნს: არ აანთოთ გაზი, არც ნათურა, გამოაღეთ ფანჯარა, გადაკეტეთ გაზი, დატოვეთ შენობა და დარეკეთ – თუ „თბილისი ენერჯის“ მომხმარებელი ხართ 114-ში, თუ „სოკარ ჯორჯიის“- 16 114 ან, ზოგადად 112-ზე და შეატყობინეთ გაზის გაჟონვის შესახებ.
რადიო თავისუფლება