ლომისის კულტი პრექრისტიანული პერიოდიდან იწყება და დღემდე აქტუალურია. ამ სალოცავს ძალიან ბევრი გადმოცემა უკავშირდება: მთვარის ღვთაებაზე, გამქრალ ხატზე, დაბრუნებულ ტყვეებსა და რუსის ჯარის მიერ შეშად დაჩეხილ ტაძრის კარზე.
თუ ვიტყვით, რომ საქართველოში ორი გიორგობაა, ეს ბოლომდე სიმართლე არ იქნება. დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსგან განსხვავებით, რომელიც გიორგობას ძირითადად 6 მაისს, წმინდანის აღსრულების დღეს აღნიშნავს, საქართველოში გიორგობას აღნიშნავენ 23 ნოემბერსაც – ბორბალზე წამების დღეს.
არის წმინდა გიორგის სალოცავები, რომლებსაც თავიანთი დღესასწაულები აქვთ, მაგალითად, კახეთში, აწყურის თეთრი გიორგის დღესასწაული მარიამობას ემთხვევა – 28 აგვისტოს.
და კიდევ არის ლომისა – ლომისის წმინდა გიორგის ტაძრები და ნიშები.
ლომისის ტაძრებში გიორგობა 23 ნოემბერსაც აღინიშნება და 6 მაისსაც, მაგრამ ყველაზე დიდი დღესასწაული მაინც თავად ლომისობაა, ნახევრად სახალხო, ნახევრად ქრისტიანული დღეობა.
ლომისობის დღესასწაულს სულთმოფენობის პირველივე ოთხშაბათს ზეიმობენ. თავის მხრივ, სულთმოფენობის დღესასწაული მოძრავია, მას აღდგომიდან 50-ე დღეს აღნიშნავენ. ამის მიხედვით გამოითვლება ლომისობის თარიღიც.
ხატი და ხარი
ლომისის სახელწოდება ლომახარიდან მოდის. ქრისტიანობამდელ მთიულეთში ლომისა ღვთაება იყო, ცხენზე ამხედრებული და მონადირე. მოგვიანებით ის მთვარის ღვთაებას დაუკავშირდა. ხარის საკულტო გამოსახულებები (რქები) ხშირად მთვარის მოყვანილობას იმეორებს.
ხარის კულტი სინამდვილეში ძალიან ძველია. არქეოლოგი რევაზ პაპუაშვილი ამბობს, რომ ხარი, როგორც ნაყოფიერების სიმბოლო, გვხვდება სხვადასხვა რელიგიაში, განსაკუთრებით ძველი წელთაღრიცხვის მერვე-მეშვიდე საუკუნეებში.
„ბრინჯაოს პერიოდის ნივთები მრავლად გვაქვს კოლხეთში, ხაიშში, ურეკში. თიხისგან დამზადებული ხარი გვხვდება ვანში, ნოქალაქევში, ყულევში“, – ამბობს არქეოლოგი.
მას შემდეგ, რაც საქართველოში ქრისტიანობა შემოვიდა, ძველი კერპებისა თუ წარმართული სალოცავების ადგილას ქრისტიანული ტაძრები ააგეს, მათ შორის – ლომისის ტაძარიც. ვარაუდობენ, რომ ასე გადაეჯაჭვა მონადირე ღვთაება ლომისა მხედარ წმინდა გიორგის.
ლომისის სახელწოდებით საქართველოში რამდენიმე სალოცავია, ყველაზე ცნობილი მლეთაში, ალევის ქედზე მდებარეობს. ეს ქედი მდინარეებს: ქსანსა და არაგვს ყოფს. სალოცავი სოფელ ქვემო მლეთას 6 კილომეტრით არის დაშორებული. აშენებულია IX-X საუკუნეებში.
„ეს არის ძირი, ყველაზე ძველი და მთავარი ლომისა“, – ამბობს ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი ქეთევან ხუციშვილი და შემდეგ მის დაარსებასთან დაკავშირებულ ლეგენდას ჰყვება:
მლეთაში წმინდა გიორგის ძალიან ძლიერი ხატი ყოფილა. ერთ-ერთი შემოსევის დროს (ვარაუდობენ, რომ ეს იყო ხვარაზმელების შემოსევა, მე-13 საუკუნეში) მტერმა ხატი გაიტაცა. სასჯელად ხატმა გამტაცებლებს სხვადასხვა განსაცდელი მოუვლინა. როდესაც მიხვდნენ, რომ ქრისტიანული სიწმინდის გამო უბედურება დაატყდათ თავს, გადაწყვიტეს, ხატიც დაებრუნებინათ და ქართველი ტყვეებიც.
„იქ სასწაულებრივად გაჩნდა ხარი და ხატი მას დაუდეს. ხარს გამოყვნენ გათავისუფლებული ტყვეებიც. სადაც შეისვენა ხარმაც და ტყვეებმაც, იქ შემდეგ ნიშები და სალოცავები გააკეთეს. ქედზე რომ მიაღწია, ხარი მოკვდა და ხატიც აქ გაჩერდა, – ამბობს ქეთევან ხუციშვილი, – ზოგი მკვლევარი ამ სალოცავს მე-13 საუკუნეს უკავშირებს, ზოგი – გორგასლის პერიოდს. ზოგის აზრით, წინაქრისტიანულ ეპოქაშიც უნდა ყოფილიყო იქ სალოცავი. თავად ხატი არ შემორჩა. ამბობენ, რომ მორიგი შემოსევის დროს გადამალეს და ვეღარ იპოვეს. იმ ხატის ნაცვლად ჩამოასხეს ახალი ვერცხლის ხატი, რომელიც ახლა ქვემო მლეთის ლომისაში ინახება“.
სიუჟეტი, როცა ტაძრებს „წმინდა“ ცხოველების შესვენებისა თუ დაღუპვის ადგილას აგებენ, სხვა გადმოცემებშიც ხშირად მეორდება.
ლომისა მთიულეთისა და ქსნის ხეობის მოსახლეობის უპირველესი სალოცავი იყო, ერთგვარი საზოგადოებრივი ცენტრიც, შეკრების ადგილი.
ხშირად აქვე წყდებოდა სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხიც.
ლომისას ევედრებიან განსაკურნებლად, შვილიერებისთვის, შემწეობისთვის.
ლომისას ჯაჭვი
„ლომისას ჯაჭვი ჰკიდია, არავინ არ იცის ვისია;
ატირდა ქსნელი დიაცი: ეს ჯაჭვი ჩემი ქმრისია“,
„ლომისას ჯაჭვი ჰკიდია, არავინ იცის ვისია;
მოვიდა, ქალმა შესტირა: ეგ ჯაჭვი ჩემი ძმისია,
ლაშქრიდან გამოტანილი, შავგრემანაის ყმისია.
დეეხსენ, ჟანგმა შეჭამოს, ლომისას საკადრისია“.
მლეთის ლომისაში ინახება რკინის ჯაჭვი, რომელიც მომლოცველებისთვის საკრალური ნივთია. ქეთევან ხუციშვილი ამბობს, რომ ამ ჯაჭვის წარმომავლობასთან დაკავშირებით ბევრი სხვადასხვა გადმოცემა არსებობს. ერთი ვერსიით, ის იმ ლეგენდარულ ხარს შეხსნეს კისრიდან, რომელმაც ხატი დააბრუნა. სხვა ვერსიით, ჯაჭვი დადიანის ქალმა ამოიტანა მხრებით და იქვე დატოვა. ფოლკლორში ამ ჯაჭვზე ოცამდე ლექსია შეთხზული. მორწმუნეები მას მხრებზე იდებენ. ამით ან ცოდვების მიტევებას ითხოვენ, ან თხოვნის ასრულების შემდეგ მადლობას სწირავენ.
ქვემო მლეთის ლომისა
ლომისა მთებშია, ზღვის დონიდან 2 ათას მეტრზე ზევით. სწორედ მის მიუდგომლობას უკავშირდება მეორე ლეგენდა, რომელიც ხსნის, თუ რატომ გაჩნდა ლომისის კიდევ ერთი ტაძარი, ამჯერად ქვემო მლეთაში.
„ლომისაში ახალ წელსაც ადიოდნენ, იქ ხვდებოდნენ ახალ წელს. ამბობენ, რომ ერთხელ საახალწლოდ ასული ხალხი ზვავმა მოიყოლა. მსგავსი რამ რომ არ განმეორებულიყო, ლომისას ნიშა ქვემო მლეთაში გადმოიტანეს, სადაც შემდეგ ახალი ტაძარი აშენდა. ნიშების ტრადიცია არსებობდა მთაში. თუ რომელიმე სალოცავი ძნელად მისასვლელი ან მიუწვდომელი იყო, განსაკუთრებით ავადმყოფებისთვის და ხნიერებისთვის, ნიშა გადმოჰქონდათ სხვა ადგილას. ამიტომ ლომისას ნიშებიც ბევრია“, – ამბობს ქეთევან ხუციშვილი.
ლომისობაზე ხალხი მოსალოცად ძირითადად ქვემო მლეთის ტაძარში მიდის, ის პირდაპირ გზის პირასაა. აქვე სწირავენ ცხვრებსაც. ამ დღეს ხევის დეკანოზებს, ძირითადად ბურდულების გვარიდან, დროშები და ხატები გამოაქვთ და სპეციალურ რიტუალს ატარებენ. პარალელურად, ტაძარში ჩვეულებრივი კანონიკური წირვაც ტარდება.
ლომისა და კარი
დროთა განმავლობაში ლომისას უამრავი მითი და გადმოცემა დაუკავშირდა, მათ შორის ერთი რუსი სამხედროების მიერ ჩამოხსნილ კარზეა.
„ლომისას ხის კარი ჰქონდა, როცა საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა, იქ რუსის ჯარი იდგა. შეშა ვერ იპოვეს და გასათბობად ტაძრის კარი დაჩეხეს“, – ამბობს ქეთევამ ხუციშვილი. ლეგენდა ასე გრძელდება: წმინდა გიორგიმ ჯარისკაცები დააბრმავა. ისევ თვალი რომ ახელოდათ, მეთაურმა პირობა დადო, ახალ რკინის კარს გავაკეთებო, რაც მერე შეასრულა კიდეც.
კირბალის ლომისა
ლომისის ერთ-ერთი სალოცავის კირბალის ლომისის აჭედილი კარის გახსნას შეეწირა თამაზ გინტური – კირბალელი კაცი.
კირბალის ლომისა, გორის მუნიციპალიტეტში გვიან ფეოდალური ხანის პატარა ეკლესიაა. 6 ნოემბერს რუსმა სამხედროებმა იქ თამაზ გინტური სასიკვდილოდ დაჭრეს.
2018 წლამდე კირბალის ლომისაში სალოცავად კირბალის, მეჯვრისხევის, ზერტისა და ბერშუეთის მორწმუნეები დადიოდნენ.
2018 წელს საოკუპაციო ძალებმა ამ ტერიტორიასთან საგუშაგო მოაწყვეს, ტაძრის კარი კი აჭედეს.
6 ნოემბერს თამაზ გინტური ლევან დოთიაშვილთან ერთად კირბალში ავიდა. ვიდეოზე, რომელიც შემდეგ გავრცელდა, ჩანს, თუ როგორ ცდილობს გინტური დახშული კარის გაღებას: „ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე, შენი ჩამჭედის“… ამბობს ის.
ამის მერე იქ საოკუპაციო ძალების ჯარისკაცი მიდის. როგორც შემდეგ ლევან დოთიაშვილი მოჰყვა, ჯარისკაცმა მათ მანქანას ესროლა და თამაზ გინტური სასიკვდილოდ დაჭრა.
თამაზ გინტური 11 ნოემბერს სამხედრო პატივით დაკრძალეს.
რადიო თავისუფლება