ერთხელ უკვე ამოვიყვანეთ ქვეყანა ჭაობიდან და ახლაც ასევე ავაშენებთ, ასევე ვემსახურებით ხალხს წარსულის შეცდომებზე გამობრძმედილები და ნასწავლები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავისადმი მიძღვნილ პარტიის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, საქართველო იმსახურებს, იყოს წარმატებული.
„ვამბობთ და ვიცით, უსწრაფესად როგორ უნდა გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი, ვამბობთ, რომ ყველაზე დიდი აეროპორტი უნდა ავაშენოთ სოხუმში, რომ სოხუმი იქნება ევროპაში თითით საჩვენებელი, უმაგრესი და წარმატებული ქალაქი. ვამბობთ, რომ უნდა ავაშენოთ ლაზიკა, რომ წყალტუბო თავისი უნიკალური შესაძლებლობებით იქნება ტურისტული სამოთხე, რომ გურიაში აშენდება აეროპორტი, რომელიც იქნება ლოჯისტიკური ცენტრი. ასევე ვამბობთ, რომ გვინდა ახალი რკინიგზა – თბილისი-ბათუმი, რომელიც დაიფარება ერთ საათსა და ათ წუთში და დააკავშირებს ბაქოს, თბილისსა და სტამბოლს. ჩვენ ვამბობთ, რომ თბილისთან ახლოს უნდა აშენდეს უზარმაზარი აეროპორტი, რომელიც ნამდვილად იქნება ჰაბი და როგორც სტამბოლის აეროპორტშია დასაქმებული ასი ათასობით ადამიანი, ასევე დასაქმდება საქართველოს მოქალაქე ამ აეროპორტში.
არ მოგენატრათ გამარჯვების გემო? არ მოგენატრათ გამარჯვების ყიჟინა? რამდენიც არ უნდა გვეძახონ, რომ ცუდები ვართ, რომ არაფერი გამოგვივა, რომ ვერ შევძლებთ ერთობას, ბრძოლას, გამარჯვებას, ჩვენ აუცილებლად გამოგვივა, აუცილებლად გავიმარჯვებთ. არასდროს დავნებდებით. ჩვენ ერთხელ უკვე დაგვიმარცხებია კორუფცია, ამოგვიყვანია ეს ქვეყანა ჭაობიდან და ახლაც ასევე დავამარცხებთ, ასევე ავაშენებთ, ასევე ვემსახურებით ხალხს წარსულის შეცდომებზე გამობრძმედილები და ნასწავლები“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.