„პოლიტიკოსობა მარტო ქუჩაში სირბილი და „საქართველოს“ ძახილი არაა“ – იმედა კახიანი

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე  მსახიობი იმედა კახიანი “კვირის პალიტრასთან” საუბრობს:

”ძალიან მეცოდება ჩვენი ახალგაზრდა კოლეგები, რომელთაც ასპარეზი არა აქვთ. ფული არაა, კინო არაა. დღევანდელი თაობა ნიჭიერია. თუ რამე ხელოვნებაში ხდება, ყველგან გამორჩეული არიან. ძალიან თავს რომ იწონებენ და ამბობენ, პოლიტიკოსები ვართო, ეს ცოტა მაკვირვებს. პოლიტიკოსობა მარტო ქუჩაში სირბილი და “საქართველოს” ძახილი არაა. განათლება და სხვა რომ არაფერი, ცხოვრებისეული გამოცდილებაც სჭირდება. ცოტა ისეთ ხალხს ვკითხოთ, ვისაც ჭკუა მოეკითხება.

ახლა რომ ამბობენ, არჩევნებისთვის მზადება იწყებაო. ერთმანეთს რომ აგინებენ და მეტს არაფერს აკეთებენ, შენ ცუდი ხარ და მე კარგიო, ამის მაგივრად დასხდნენ, იმსჯელონ, რას მოგვცემს ევროკავშირთან ურთიერთობა, რას მოგვცემს ამერიკასთან ურთიერთობა… ვგიჟდები, პოლიტიკური შეხედულების გამო ვიღაც რომ აგინებს ტალახაძეს ან კვარაცხელიას. ყველა პარტია შეგიძლია გააკრიტიკო და გალანძღო, მაგრამ შენს ქვეყანას როგორ ლანძღავ!? როგორ ამბობ, რომ ქართველები უვარგისი ხალხია, იქ არ ჩახვიდეთ, ინვესტიცია არ ჩაიტანოთო. ტალახაძე მსოფლიოში უძლიერესი კაცია, იმაზე, რომ იტყვი, ეს რა კაციაო. ტალახაძე თუ არ არის კაცი, შენ ხარ?! ან კვარაცხელიაზე ცუდი რატომ უნდა თქვა? მთელმა ევროპამ იცის, რომ ქართველია, ყველა იცნობს კვარას, კარგის მეტი რატომ უნდა თქვა?! ეს პოლიტიკოსობა არაა, ეს არის შეუგნებლობა, იმის თქმა მიჭირს, მოღალატეა და ქვეყანა არ უყვარს-მეთქი.

– რა უნდა მოხდეს, რომ სიძულვილის ენა დასრულდეს ქვეყანაში?

– სპეციალისტებმა, ისტორიკოსებმა, ეკონომისტებმა და პოლიტოლოგებმა ტელევიზიით უნდა უთხრან ხალხს, ამან ეს გააკეთა, იმან ისო. რაც არ ვიცით, ის მოვისმინოთ უაზრო დავის მაგივრად. მხოლოდ ის კი არ უნდა გვასმენინონ, ამ პარტიაში ვინ აირჩიეს ან ვინ იმ პარტიაში. ხალხს, რომელსაც 1 საათი არა აქვს ნამუშევარი არსად, ჭკუას გვასწავლის. რადგან ქუჩაში დარბოდი და ყვიროდი, პოლიტიკოსი იმიტომ ხარ? ამიტომ არსებობს ტელევიზია, რომ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ ხალხს. არ ვიცი, შეიძლება ივანიშვილს რაღაც შეცოდებები პოლიტიკაში ჰქონდეს, მაგრამ რაც გაუკეთებია, არ უნდა დაუკარგო. ასეთი ქველმოქმედი მსოფლიოში არ მინახავს. ზედმეტი თქვი და ბელადი გახადეო, არ ვამბობ, მაგრამ რა სიკეთეც ამ კაცმა ჩაიდინა, ის თქვი.

ოჯახის ტრადიციამ და პატივისცემამ მოგვიყვანა აქამდე. არავის ლექციის წაკითხვა არ გვჭირდება, თუ როგორ უნდა დავიცვათ ქალის უფლებები. არც ერთ ქვეყანას არ ჰყოლია 2 ქალი მეფე. რატომ და რას შესწირა თავი ქეთევან წამებულმა, ისიც ყველამ კარგად იცის. ამან გადაარჩინა ქვეყანა…

გურულები პირველად მშვიდობის სადღეგრძელოს ამბობენ, ჭკვიანები არიან. მშვიდობა უნდა იყოს ქვეყანაში, რომ ამ ნიჭიერმა ხალხმა მშვიდობიან პერიოდში იცხოვროს და ბევრი რამ გააკეთონ მარტო თავისი ქვეყნისთვის კი არა, მსოფლიოსთვის. ქართველ კაცს ეს შეუძლია.” – აცხადებს კახიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share