რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქი ბათუმი მშენებარე საკრუიზო გემის – ”ვლადიმირ ჟირინოვსკის” მარშრუტშია.
ბათუმთან ერთად ლაინერის მარშრუტში შედის ქალაქები: სოჭი, ნოვოროსიისკი და სტამბოლი.
გამოცემა ПортНьюс-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმირ ჟირინოვსკი მოსკოვის სამდინარო გადაზიდვის კომპანიის დაკვეთით ასტრახანში შენდება. გემის გაშვება 2024 წელს იგეგმება, მისი ოპერატორი კომპანია Мостурфлот-ი იქნება. გემზე იქნება საცხოვრებელი კაბინები, საცურაო აუზები, ტერასები და სარესტორნო კომპლექსები.
აღსანიშნავია, რომ ლაინერს თავდაპირველად პეტრე დიდი ერქვა, თუმცა მას მოგვიანებით სახელი რუსეთის დუმის მკვდარი დეპუტატის, ვლადიმირ ჟირინოვსკის პატივსაცემად გადაარქვეს.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც რუსული საკრუიზო გემის მარშრუტში ბათუმი მოხვდა. გასული წლის 27 ივლისს, მოგვიანებით კი 31 ივლისსაც, საქართველოს საპორტო ქალაქში რუსული ლაინერი Astoria Grande გაჩერდა.
ცნობილია, რომ 31 ივლისს შემოსულ საკრუიზო გემზე იმყოფებოდნენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი არტისტებიც. ამჯერად რუს ტურისტებს ტელეარხ RU.TV-ის ვარსკვლავებთან ერთად მოგზაურობას სთავაზობდნენ.
31 ივლისს გვიან ღამით მოქალაქეები რუსეთიდან მომავალ საკრუიზო გემ ASTORIA GRANDE-ს ბათუმის პორტში საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქციაზე პოლიციამ ჯამში 23 ადამიანი დააკავა – მათ შორის, ერთი უკრაინის მოქალაქეც.
ტაბულა