“თუ ქვეყანას არ დატოვებ პრობლემები გექნება-ვის ემუქრებოდა პოლიცია-ხმაური ოზურგეთის სასამართლოსთან

ხმაურია ამ წუთებში ოზურგეთის რაიონულ სასამართლოსთან- სადაც ადგილობრივი ბ. გ-ძის წინასასამართლო პროცესი იწყება, რომელსაც გამოძიება არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედებების ჩადენას ედავება.

სასამართლოს წინ ბრალდებულის ახლობლებია შეკრებილი და სამართალდამცავებს საქმის შეთითხვნასა და მოწმეებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ:

“ჩემი ძმა დაკავებამდე არაერთხელ იყო პოლიციიდან მუქარისა და შანტაჟის მსხვერპლი, მისგან ქვეყნის დატოვებას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დააკავებდნენ, ვინაიდან ჩემმა ძმამ არ დატოვა საქართველო, მუქარა პოლიციამ სისრულეში მოიყვანა. საქმე მთლიანად შეთითხნილია, არანაირ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, მოხდა მოწმეებზე ზეწოლა და ეს ზეწოლა ჩემს ძმაზე ახლაც გრძელდება. კატეგორიულად ვაცხადებ რომ ის სრულიად უდანაშაულოა’ – გვითხრა ბრალდებულის ოჯახის ერთ ერთმა წევრმა.

იგივეს ამტკიცებენ სასამართლოს წინ შეკრებილი განსასჯელის ახლობლები. მთავარმა ბრალმდებელმა, ოზურგეთის რაიონულმა პროკურორმა შოთა ჩხაიძემ ჟურნალისტებთან ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა, განაცხადა, რომ საქმეზე მოგვიანებით, წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.

თავის მხრივ ბრალდებულის ადვოკატი, ლევან ზაქრაძე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

“არანაირი მტკიცებულებები საქმეში არ დევს, დავაყენებთ რამდენიმე შუამდგომლობას, ჩემი კლიენტი უდანაშაულოა და სასამართლოს მეშვეობით ვიმედოვნებ ამის დამტკიცებას შევძლებთ” – თქვა ლევან ზაქრაძემ, რომელიც ბრალდებულს ადვოკატ პეტრე სალუქვაძესთან ერთად იცავს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share