ელია ღრუბელთა წინამძღვარი, ელიას ციხე და „ტალახას“ უღელტეხილი

ელია ღრუბელთა წინამძღვარი, ელიას ციხე და „ტალახას“ უღელტეხილი
.
ელიას ციხე ძველი გურიის მნიშვნელოვანი საფორტიფიკაციო ნაგებობა გახლდათ, დიმიტრი ბაქრაძის მიხედვით ციხე აჭარა გურიის ქედზე ზღვის დონიდან 3310 ფუტის სიმაღლზე დგას (ქობულეთის მუნიციპალიტეტი). იგი დგას ჭახათის კონუსისებურ მაღალ მთაზე და მისი დასახლება უნდა უკავშირდებოდეს გურიაში წინარე ქრისტიანული დროიდან შემორჩენილი „ელია ღრუბელთა წინამძღვარის“ კულტს.
.
დიმიტრი ბაქრაძე წერს – „ვერ მოვინახულეთ ელიას ციხე, რომლის ძირშიც გადიოდა ჩვენი გზა. ეს ციხე, თუმცა ერთი უშესანიშნავესი პუნქტთაგანია მთელი ჭახათის სიგრძეზე,რიონის ველის თითქმის ყველა მხრიდან ჩანს, მაინც გამორჩენილია ყველა ჩვენს რუკაზე, მაშინ,როცა უმნიშვნელო ციხე-კოშკები აღნიშნულია.“ სხვადასხვა ღია წყაროს მიხედვით ციხის ეზო დაახლოებით 70 კვ/მ მეტრია და ჯერკიდევ შემორჩენილია მისი კედლების ფრაგმენტები.
.
ელიას ციხე დგას გურიაში სამხრეთ საქართველოდან შემომავალ „ტალახას“ უღელტეხილზე, ციხისძირში რამდენიმე გზა იყრის თავს, შესაბამისად მისი დანიშნულებაც ამ უღელტეხილის კონტროლი უნდა ყოფილიყო.
.
კოლიუბაკინი წერს – „ტალახას უღელტიხილი მდებარეობს ჭახათის მთის ძირში, ამ უღელტეხილისაკენ გურიიდან მიემართება ორი გზა: ერთი სოფელ ქაქუთზე გავლით ჩოლოქის აღმა; მეორე ლიხაურის და აჭის გავლით დანგრეულ სოფელ ნაცხავათევთან ახლოს. ქაქუთის გზა ოზურგეთიდან ქაქუთამდე ვარგისია ურმებით გადაადგილებისათვის, შემდეგ იწყება ვიწრო, ტყიანი და ძალიან მიხვეულმოხვეული გზა, რომელიც მიემართება მდინარე ჩოლოქის დინების აღმა ტალახას უღელტეხილამდე, რომელიც თავისი იერით ილიას-კილისეს (ჭახათი) ძირში (თურქული Kilise – ეკლესია) ტყეში გაჭრილი კარიბჭის მსგავისია.“ აქვე „აჭის გზა მიემართება მდინარე აჭის ხეობაში, დანგრეული ლიხაურის ციხესიმაგრის მახლობლად, რომელიც ოდესღაც ემსახურებოდა გურიაში ტალახას მთის ფერდობიდან შემომავალი გზის დაცვას“
.
კოლიუბაკინი სამხედრო პირი იყო და სწორედ ამიტომაც სწავლობდა ამ გზებს და მათ დანიშნულებას რუსეთ-თურქეთის ომის დაწყების წინ და მისი შეფასება, რომ ელიას ციხიდან გადმოსული გზის ბარში ჩამკეტი იყო ლიხაურის ციხე საგულისხმოა.
.
სავარაუდოდ ელიას ციხე სასიგნალო დამცავი ნაგებობა უნდა ყოფილიყო და წარმოადგენდა აჭარა გურიის ქედის გასწვრივ გურიაში არსებული სასიგნალო/დამცავი ციხეების ხაზის ნაწილის. უნდა აღნიშნოს, რომ გურიაში არსებული ციხესიმაგრეები ბუკისციხე, ღომისციხე, ასკანა, ლიხაური, ელიას ციხე და დღევანდელი აჭარის ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე სიმაგრე მათი განლაგებიდან გამომდინარე ერთიანი სისტემა უნდა ყოფილიყო, რომლის დანიშნულება აღმოსავლეთიდან გურიის (უფრო ადრე ლაზიკის) დაცვა უნდა ყოფილიყო. ამასთანავე აღწერილობისა და მოცულობის მიხედვით ელიას ციხე ღომის ციხის მსგავისია, ამ მსაგავსებას ისიც ემატება, რომ ორივე მათგანი ქედის თავზე დიდ სიმაღლეზე დგას, ბუკისციხე და ასკანის ციხიეები მოცულოებით უფრო დიდია და მდინარეების ხეობების დასავლეთიდან შესასვლელში გდანან.
.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ამ ციხეებიდან მხოლოდ ასკანის ციხეა საფუძლიანად შესწავლილი (ასკანის ციხის პირველი ფენა IV-V საუკუნით თარიღდება, ასევე ღომის ციხის ტერიტორიაზე არსებობს უძველესი ციკლოპური ნაგებობი), რაც გათვალისწინებელია ელიას ციხესთან მიმართებაშიც. ამასთანავე ეს ციხე რუკებზე დატანილი არ არის, რაც მისი სიძველის კიდევ ერთი დადასტურებაც უნდა იყოს.
.
ციხის დასახელება „ელია ღრუბელთა წინამძღვართან“ უნდა იყოს დაკავშირებული. ელია გურიაში შემორჩენილი წარმართული რწმენის მიხედვით „ღრუბელთა წინამძღვარია“. გურულებს მიაჩნდათ, რომ ელიას ნების გარეშე ციდან ერთი წვეთი არ ჩამოვარდებოდა. ელია ცეცხლოვანი ეტლით დადიოდა ცის კამარაზე და სწორედ ამ ეტლის ბორბლების ხმაური გახლდათ ჭექაქუხილი. გურიაში ელიობა 20 ივლის აღინიშნებოდა, ელიობა დღეს შესასრულებელი რიტუალის ნაწილი იყო „ელი“-ს აღმართვა, „ელი“ გახლდათ იელის მაღალი ტოტი, რომელსაც მიწაში არჭობდნენ ჯვართან ერთად. ელის და ჯვარის აღმართვა ხდებოდა ერთდრულად. ჯვრის აღმართვა ელიობამდეც შეიძლებოდა, მაგრამ „ელი“ უნდა დაირჭოს მხოლოდ ელიობა დღეს.
.
ელიას ციხეთან დაკავშირებით ასევე საინტერესოა, რომ მის ახლოს არის ჰიდრონიმები „აჭის წყალი“ და „აჭყვა“, ასევე ტოპონიმები „აჭყვისთავი“ და „აჭი“. საქართველოს გარდა ელიას იგივე კულტი არსებობს ჩრდილოკავკასიელ ხალხებში. მათი მითების თანახმად ელია ცეცხლოვანი ეტლით დადის, რომლის ბორბლების გრუხუნი იგივე ჭექაქუხილია, ხოლო წვიმა ელიას ოფლია. ასევე ძალიან საინტრესოია ის, რომ იალბუზის დასავლეთი მხრიდან ყარაჩაი-ბალყარეთში სათავეს იღებს მდინარე ხუდესი, რომლის ერთ პატარა შენაკადსაც ეწოდება „აჩისი-ელია-ურგან“-ი (Ачысы-Эелия-Ургъан) ადგილობრივ ენაზე „აჩისი“ ნიშნავს „ძლიერს“, ხოლო „ურგან“ – „დარყმას“, მთლიანობაში კი „ელიას ძლიერ დარტყმას“ ანუ მეხს. ასევე საგულისხმოა, რომ სიტყვა „აჩი“ (Ачы) ნიშნავს „მწარეს“ ან „მჟავეს“. ამ ტერიტორიაზე ადრე სვანებიც სახლობდნენ და სვანეთის სამთავროს ნაწილიც ყოფილა.
.
ელიას ციხე ცნობილია, როგორც ხშირი მეხდაცემის ადგილი, რაც ასევე ასოცირებას იწვევს ელია ღრუბელთა წინამძღვართან. ციხესთან დაკავშირებით არსებობს გადმოცემა, რომ ელიას ციხეზე იყო ჯაჭვი, რომლითაც გემებს აბამდნენ, ასეთი გადმოცემა გურიაში ძალიან ხშირია, მაგრამ ამ საკიხთან ხუმრობანარევმა დამოკიდებულებამ არავის არ მისცა საშუალება დაფიქრებულიყო უფრო მეტად დაფიქრებულიყო. რადგანაც ასეთივე ჯაჭვებზე და გემების საბმელ ღუზებზეა არსებობს გადმოცემები, გურიანთაში, მაკვანეთში, ლიხაურში, ზოტში, საყორნიაზე და კიდევ სხვა არაერთ ადგილზე. შესაბამისად გადმოცემების იდენტურობა და სიხშირე ნამდვილად იძლევა იმაზე დაფიქრების საფუძველს, ხომ არა აქვს ამ შემთხვევაში ადგილი წარღვნასთან დაკავშირებულ წარმართულ რელიგიურ სიმბოლიზმს და არა აფროსნების და თბომავლების დაბმას საყორნიაზე ან ჭახათის მთაზე.
.
გიორგი კაზბეკი, რომელმაც სამუსულმანო საქართველოში 1875 წელს იმოგზაურა, აღწერს სოფელ ღორჯომიდან ხულოსკენ მიმავალ გზას, რა დროსაც ამბობს, რომ გამცილებლების მტკიცებით ერთერთ კლდეზე გაკეთებული იყო ნახვრეტი, რომელზეც ადრე გემებს აბამდნენ, აქ საინტერსოა ის, რომ მას მოყავს ვართაპეტ ბრჟიშკიანის „პონტოს ისტორიიდან“ ცნობა პონტოს მთებში არსებულ ასეთსავე ღუზაზე – „გამცილებლები მიმტკიცებენ, რომ ამ კლდეში არის გაკეთებული ნახვრეტი, რომლის მეშვეობითაც ოდესღაც გემებს აბამდნენ. მატერკის შიგნით ზღვის შესახებ არაკი ამ ადგილებში იშვიათობა არ გახლავთ: დერცელში მე მიამბეს გემების ზუსტად ასეთივე სადგომზე სურების მთებში, რომლებიც ზღვის დონიდან 8000 ფუტზეა, პონტოში ასეთივე ბუნებრივ ღუზაზე საუბრობს მხითარისტი ვართაპეტ ბრჟიშკიანი.“
.
იური სიხარულიძეს 1959 წელს გამოქვეყნებული აქვს ხალხური ლექსი ელიას ციხესთან დაკავშირებით
„ელიას მთაო, მაღალო, წმინდა ელიას სახლ-კარო,
რას იბუზები ღრუბლებში, მაშინებ ვერ გადახვალო,
ჩაჩუტად სიო მიგზავნე, ყურში ჩამძახი: ტყვე ხარო,
წმინდა გიორგი მწყალობს და გული მიჩივის ჩახვალო
ვეღარ დამიჭერ თუ გინდა თავს რისხვა გადამაყარო,
ელჭექით, ჭექა-ქუხილით, რომ შესძრა მთელი სამყარო.
თოვლში, ბუჩქები ჩახერგო, თავს სეტყვა გადამაყარო,
ხოშკაკალ, თოვლის ზვავებით სავალი გზები დაფარო.“
.
– დიმიტრი ბაქრაძე – არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში (1987)
– გაზეთი ალიონი 25.06.2012 წელი #25
– Тарас Мамаладзе – Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа – 1893 г
– Колюбакин, Борис Михайлович Воспоминания офицера Кобулетского отряда в кампанию 1877-78 гг (1897)
– Малкондуев Х. Х. Обрядово-мифологическая поэзия балкарцев и карачаевцев. Жанровые и художественно-поэтические традиции. 1996;
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share