ლეგენდა ჭინჭაოს ტბის ბინადარ „წყლის ხარზე“

ლეგენდა ჭინჭაოს ტბის ბინადარ „წყლის ხარზე“
.
„წყლის ხარზე“ (კურო, ბუღა) ლეგენდა საქართველოში არსებულ თითქმის ყველა ტბასთან დაკავშირებით არსებობს, რომელთა მიხედვით „წყლის ხარი“ არის უძლიერესი და უმშვენიერესი „წითელი ფერისა იყო შავწამწამიანი (ახლანდელ ხარებს შავი წამწამი იმისაგან გამოჰყვათო)“. „წყლის ხარებს“ ღვთიური ძალა მფარველობდა – „წყლის კურო პატრონიანიაო, ამბობენ. ასე იტყოდენ, მას პატრონი ყავსო. ეს პატრონი უჩინარია, მას კაცი ვერ დეინახავს.“
.
ლეგენდების მიხედვით წყლის ხარი ამოდის ტბიდან, ებრძვის და ამარცხებს ჩვეულებრივ ხარებს, რის შემდეგაც აძევებს მათ ჯოგიდან, ეპატრონება და „ამაკებს“ ჯოგის ფურებს. ლეგენდებისვე მიხედვით წყლის ხარისაგან დამარცხებულ/დაჭრილი ხარების პატრონი ცდილობს მოკლას „წყლის ხარი“, ამ მიზნით ხანჯლებს ამაგრებენ თავიანთ ხარებს რქებზე ან რქებს მოუჭედავენ რკინით, რის მეშვეობითაც ამარცხებენ „წყლის ხარებს“, რომლებიც დასისხლიანებული ჩადიან ტბაში და შემდეგში არასდროს აღარ ამოდიან. ასევე ყველა ლეგენდის მიხედვით „წყლის ხართან“ მებრძოლი ადამიანი თავადაც იღუპებოდა და მისი ოჯახიც გადაშენდებოდა ან უმძიმესი ავადმყოფობა შეეყრებოდა.
.
განსხვავებულია ჭინჭაოს ტბის „წყლის ხარზე“ ლეგენდა, რომელის დამარცხება და მოკვლა ვერ შესძლეს ვერანაირი ხერხით. ზურაბ თანდილავას მიერ 1973 წელს სოფელ ნაღვარევში ჩაწერილი იქნა ლეგენდა ჭინჭაოს ტბაში მცხოვრებ „წყლის კუროზე“, რომელიც სხვა ხარებს ებრძოდა, ფურებს კი ანაყოფიერებდა. ერთი გლეხის ხარი სახლში დაჭრილი მოსულა შემდეგ ამ გლეხმა მრავალჯერ სცადა ჭინჭაოს ხარის მოკვლა, მაგრამ ვერ მოახერხა, ბოლო ცდაზე – „ეს კაცი ამხანაგების ერთათ წევდენ თოფით ჭინჭაოს ტბაზე წყლის ხარის მოსაკლელათ. წეიყვანეს ხარიც (სოფლის ხარი). ამ კაცის ხარმა რომ დეიკიჟინა, წყლის ბუღამ (კურომ) ნაპირზე გამოვდა. ამათ თოფი ესროლეს, მარა კუროს არ მოხთა, წყლის ხარმა (კურომ) წყალში შეასწრა და ვერ მოკლეს. ამათ დაბრუნდენ სახში. გინცხამ რომ თოფი ესროლა წყლის ხარს, ის კაცი ერთ თვეს ავათ იყო და ლოგინში იწვა.“
.
ლეგენდის მიხედვით ჭინჭაოს „წყლის ხარი“ ცოცხალია, ვახტანგ შამილაძის (1964) ცნობით არსებობდა ლეგენდა იმის თაობაზე, რომ ჭინჭაოს ტბაში ცხოვრობდა წყლის ხარი, რის გამოც ხალხს სჯეროდა, რომ ტბას გააჩნდა განაყოფიერების მაგიური ძალა. ამის გამო უშვილო მთაიანი აჭარის უშვილო ქალები ჩადიოდნენ ტბაში განსაწმენდად. მოსახლეობა დარწმუნებული იყო, რომ ჭინჭაოს ტბის მაგიურ ძალას შეეძლო უშვილო ოჯახის დახმარებოდა.
.
ასევე საქართველოში არსებობდა ლეგენდები, რომელთა მიხედვით ტბებში ცხოვრობდნენ – წყლის ხარები, წყლის კამეჩები, წყლის ცხენები და ა.შ. ამის გამო მწყემსებს საზაფხულო საძვრებზე გარეკილი საქონელი ტბასთან მიყავდათ, რადგანაც თუ კი ტბაში პირუტყვს ჩაუშვებდნენ და მის წყალს დაალევინებდნენ ან დაბანდნენ, საქონლის ჯოგი კარგად განაყოფიერდებოდა (მ. მაკალათია) და ნამატიც დიდი იქნებოდა.
.
„გამოჩნდა არსიანის მთაცა, რომელიც შესანიშნავია თავის ტბით. ტბა მთის ძირას არის და შავშელები და ქურთები შიგ საუკეთესო კალმახს იჭერენ. ეს ტბა მრგვალია, ასე ნახევარი კილომეტრი ექნება გარშემო. მკვიდრნი სახელად „ბუღ-გიოლს – (ბუღა-ბუღა და გიოლ-ტბა) ეძახიან. ამ სახელწოდებას ლეგენდა ასე გვიხსნის: ამ ტბიდან ზაფხულობით ბუღა ამოდიოდა და ძროხებს ამაკებდაო; წითელი ფერისა იყო შავწამწამიანი (ახლანდელ ხარებს შავი წამწამი იმისაგან გამოჰყვათო) და მეტად ღონიერი. ხარები სულ გაუწყვეტია. სხვა ვერაფერი რომ ვერ მოუხერხებიათ, ერთ კაცს თავის ხარისათვის წამწვეტებული რკინით მოუჭედნია რქები. როცა ბუღა ტბიდან ამოსულა, რქამოჭედილი ხარი გვერდებში დასძგერებია და დაუჭრია. დაჭრილი ბუღა ტბაში ჩავარდნილა და იმის სისხლს მთელი ტბა შეუღებნია. ამოსვლით კი მას დღეს აქეთ არ ამოსულაო.“ (თ. სახოკია)
.
აქვე აღსანიშნავია, რომ კელტების, გალების, ბალკანეთის და ძველი ევროპის სხვა ხალხების მითოლოგიაშიც არსებობს ანალოგიური „წყლის ხარები“, რომლებიც ასევე ანალოგიურად ანაყოფიერებენ ჯოგებს. ასევე საფრანგეთში შემორჩენული ლეგენდის მიხედვით მეროვინგების დინასტია წარმოიშვა წყლის კაცისაგან, რომელიც წყლის ხარის სახით მოევლინა ხალხს.
.
ზურაბ თანდილვა – ლეგენდები სოფელ ვერნებზე (მაცნე 1978, N2); ვ. შამილაძე (1964); მ. მაკალათია (1972); სახოკია, თედო – მოგზაურობანი: გურია, აჭარა, სამურზაყანო, აფხაზეთი 1950
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share