“ქართული ოცნება” ებრძვის და სჯის ქალებს”, – ასე ეხმაურება პარტია “ლელო საქართველოსთვის” წევრი, დეა მეტრეველი პარლამენტში გენდერული კვოტირების შესაძლო გაუქმების საკითხს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში იმ რამდენიმე მიზეზს ასახელებს, რომლის საფუძველზეც სურს მმართველ ხელისუფლებას პოლიტიკაში ქალების აქტიური ჩართულობის აღკვეთა.
“ქართული ოცნება” ებრძვის და სჯის ქალებს… რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტში და რუსთაველის გამზირზე ქალი დეპუტატების და პროტესტანტების ბრძოლის გამო, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე აქტიურობის გამო… კვოტირების კანონის გაუქმების მიზანი რამდენიმეა: 1. უფრო მეტი ბიზნესმენი კაცის საარჩევნო სიებში შეყვანა და ქალთა წარმომადგენლობის, ქალთა ხმების გაქრობა პარლამენტიდან, პოლიტიკიდან; 2. ცესკოს თავმჯდომარის ლეგიტიმაციის ილუზიის შექმნა წინასაარჩევნოდ ქალთმოძულე ოპოზიციონერი პარლამენტარების მხარდაჭერის ხარჯზე (კალანდარიშვილის ე.წ. მრავალპარტიული მხარდაჭერა).
ევროკავშირთან აღებული ერთადერთი ვალდებულება, რომლის შესრულებითაც თავს ასე იწონებდა “ოცნება”, წყალს გაატანეს ხელისუფლებაში დარჩენის სურვილის გამო. ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური ფასი იქნება ძალიან დიდი და ამ ფასს ხელისუფლება არჩევნებზე აუცილებლად გადაიხდის!”, – წერს დეა მეტრეველი.
ცნობისთვის, პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა “გირჩის” კანონპროექტი “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ. პროექტი საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიებში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს.
ბიუროს სხდომაზე გაირკვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძესა და „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩიას შორის შეთქნხმება შედგა, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს „გირჩის“ ინიციატივას, სანაცვლოდ, „გირჩი“ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის დროს ხმას მისცემს „ოცნებისთვის” მისაღებ კანდიდატს.
კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა პლენარულ სხდომაზე 3 აპრილს გაიმართება.