ინგუშები, ჩეჩნები, დაღესტნელები – მე-15 საუკუნემდე, სანამ ჩრდილოკავკასიაში ისლამი გავრცელდებოდა, ქართული ანბანით წერდნენ. ჩრდილოკავკასიის მთებში დღემდე პოულობენ არტეფაქტებს, რომლებზეც წარწერები ადგილობრივ ენაზე ასომთავრულით ან ხუცურით არის შესრულებული.
ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები, ქართველების მსგავსად, არქაული ეპოქიდან მოდიან. კავკასიოლოგი მერაბ ჩუხუა ამბობს, რომ კავკასიაში სამი დამწერლობა იყო გავრცელებული: ქართული, სომხური და ალბანური.
„ასეთ მცირე რეგიონში სამი ანბანის აღმოჩენა ნიშნავს, რომ ეს ადგილი ცივილიზაციის კერაა. ცნობილი გამოთქმა – ნიკოფსიიდან დარუბანდამდე – ქართული დამწერლობის გავრცელების არეალია. ნიკოფსია არის იგივე ჯიქეთი ანუ ჩერქეზეთი, მას მოსდევს დურძუკეთი და შემდეგ დაღესტანი“, – ამბობს მერაბ ჩუხუა.
ქართული ანბანის პოპულარიზაციას განსაკუთრებული ბიძგი ქრისტიანობის გავრცელებამ მისცა. თბილისის ინგუშური კულტურის ცენტრის დირექტორი მარიამ ბეჟიტაშვილი ამბობს, რომ ჩრდილოკავკასიაში ქართული ენა და დამწერლობა მერვე-მეცხრე საუკუნეებიდან ვრცელდება, კიდევ უფრო მეტად – მეათედან, ბაგრატ III-ის მეფობის პერიოდიდან.
ინგუშეთში 60-მდე ქართული წარმოშობის ძეგლია.
„ტყობა-ერდისა და თარგიმის ინგუშური ტაძრების ასომთავრული და ხუცური ანბანით აღბეჭდილი ეპიგრაფიკა, ისევე, როგორც მაგი-ერდის საყდარში ხელნაწერი ქართული ფსალმუნის მიკვლევა თვალსაჩინოს ხდის იმ ფაქტს, რომ ინგუშეთის შუა საუკუნეების ლიტურგიკაში რეალურად გამოიყენებოდა ქართული საეკლესიო ენა თავისი დამწერლობითა და აღმსრულებლებით – სამღვდელოებით“, – ჰყვება მარიამ ბეჟიტაშვილი.
ქართული დამწერლობის ნიმუშები ყველაზე უხვად დაღესტანმა შემოინახა – ასზე მეტი კირქვის მხოლოდ ქვა-ჯვარი! მათგან ზოგი ქრისტიანულ სასაფლაოზეა მიკვლეული, ზოგი – მუსულმანურზე. ეპიტაფიები ხან ქართული ასოებით ქართულ ენაზეა დაწერილი, ხანაც ქართული ასოებით ადგილობრივ ენაზე, მაგალითად, ხუნძურად.
„დაღესტნის ტერიტორიაზე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდებოდა, მეტიც, მონღოლებისგან კავკასიის თავდახსნის შემდეგაც (XIV ს.) მთიან დაღესტანში საქართველოს ეკლესიის 3 საეპისკოპოსო ფუნქციონირებდა: ხუნძახის, ანწუხისა და წახურის, ხოლო XV საუკუნეში საქართველოს ეკლესიას ხუნძეთში უკვე საკათალიკოსოც ჰქონდა დაარსებული. სხვადასხვა დროს საქართველოს ეკლესიის ეპარქიები ფუნქციონირებდა დურძუკეთშიც (ინგუშეთი)“, – ჰყვება მარიამ ბეჟიტაშვილი, – „ხუნძახში რამდენიმე რაიონი ქრისტიანი დაღესტნელებით იყო დასახლებული და დღემდე იქ მცხოვრებლებს გურჯიხებს უწოდებენ, არა მათი ეთნოსის, არამედ სარწმუნოების გამო“.
მარიამ ბეჟიტაშვილი ამბობს, რომ ჩრდილოკავკასიაში შემორჩენილი ქართული დამწერლობის ნიმუშები ხანდახან ბილინგვურია, გარდამავალი / შერეული ანბანით შესრულებული, მაგალითად, 1924 წელს, დაღესტანში აღმოაჩინეს ჯვარი, რომელსაც ქართულ და ხუნძურ ენებზე ქართული ანბანით აწერია: „ქრისტე შეიწყალე თეოდორე, წმიდაო თეოდორე, წმიდაო სარკელი, წობთეგ ი ბოტბ ჩაჰლტა რა… ვ ჩჰე სიტა, ამინ, უფალო ღმერთო ჩუენო, გაბრიელი დაიცუენ“.
„ქართული იმდენად იყო გავრცელებული, რომ XIII-XIV საუკუნეში ერთმა ყადმა დაღესტანში ბრძანებაც კი გამოსცა, ქართულის სწავლება აკრძალეთო.
დაღესტანში ასეთი გამოთქმაა: „ჩვენი წინაპრები ქართველებია“. რა თქმა უნდა, დაღესტნელების წინაპრები ქართველები არ არიან, დაღესტნელები ერთ–ერთი ყველაზე არქაული ხალხია მთელ მსოფლიოში, მაგრამ რადგანაც ქრისტიანობა ქართველებიდან შევიდა, როგორც ჩვენთან კათოლიკეებს ეძახდნენ ფრანგებს, ისე ქრისტიან დაღესტნელებს ქართველებს ეძახდნენ. სოფელ ხუნძახის განაპირა ადგილას ქრისტიანები ცხოვრობდნენ და იმ ადგილს ქართველების დასახლებას უწოდებდნენ. იქ ე.წ. დათუნას ეკლესიაც იყო, სადაც ისევე ცხვებოდა სეფისკვერი, როგორც დანარჩენ საქართველოში“, – ამბობს მერაბ ჩუხუა.
ის ჰყვება, რომ ჩერქეზულად ქართველებს რამდენიმე სახელი აქვთ, ერთ-ერთი არის „ხუც“, რაც სიტყვა „ხუცურიდან“ მოდის. – „რადგაც ჩერქეზეთში ქართველები ავრცელებდნენ ხუცურს, გამავრცელებლებს „ხუც“ შეერქვათ. გიორგი ჭყონდიდელი ცხოვრების ბოლოს, 12 წელი ჩრდილოეთ კავკასიაში მოღვაწეობდა და ამის შედეგი ჩანს იმ ქრისტიანულ კერებში, რომლებიც დღემდე ეკლესია–მონასტრების სახით შემორჩა დაღესტანში, ჩეჩნეთში, ინგუშეთში, ჩერქეზეთში, ოსეთში. ეს არის პირწმინდად ქართულ–კავკასიური ძეგლები, ერთად აშენებდნენ“.
ბორის ხარსიევი, ინგუშეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუიტის დირექტორი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ჰყვება, რომ ასომთავრული კავკასიაში მონღოლების შემოსვლის შემდეგაც არსებობდა. ამის დასტური ძველ ნამარხებში აღმოჩენილი ჭურჭელია, რომლებსაც ქართული წარწერები აქვს.
„საეკლესიო ქრონიკებში ნაპოვნია XV-XVI საუკუნეების ხელშეკრულება, ასომთავრულით ინგუშურ ენაზე დაწერილი. ინგუშეთის გავლენიანი მმართველი აწერს ხელს“, – ამბობს ბორის ხარსიევი, – „ჩვენ 17-18 წარწერა ავნუსხეთ ასომთავრულით ინგუშურ ენაზე შესრულებული, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ამით არ ვიყავით დაკავებული.
ეს წარწერები ხან თარიღებია, ხან ციხე–კოშკების სახელები, ხან დაღუპული მეომრების სახელები. იარაღებია დამარხული მებრძოლებთან ერთად და მათზე წერია. სპეციალური შესწავლა უნდა, მაგრამ ამით ჩვენთან არავინაა დაკავებული“.
დამწერლობის გარდა, ჩრდილოკავკასიაში შესულია და დღემდე ხმარებაშია ქართული სიტყვები, მაგალითად, ჯვარი – ინგუშურად „ჟარგ“; მოძღვარი/სასულიერო პირი – ინგუშურად – „მოძღარ“; მარხვა – „მარხ“; ასევე კვირის დღეები: ორშოოთ, პარასკა, შოოთ (შაბათი) და კირანდი, რაც კვირადღეს ნიშნავს.
უკვე მე-15 საუკუნიდან, თემურ – ლენგის პერიოდში, ჩრდილოკავკასიაში ისლამის გავრცელებასთან ერთად საქართველო რეგიონზე გავლენას კარგავს. ქართულ ანბანსაც ნელ-ნელა არაბული, მე-19-20 საუკუნეებიდან კი – კირილიცა ანაცვლებს.
რადიო თავისუფლება