პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, შალვა შავგულიძე ამბობს, რომ თუკი არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობაა საჭირო, შესაძლებელია, ფინანსური რეგულაციების გატარება და შესაბამისი კანონმდებლობის ცვლილება.
ამასთან, პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, შავგულიძემ თქვა, რომ “აგენტების კანონის” ინიციატორს შესთავაზა, კანონპროექტში ჩაეწერათ “უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაცია” და არა “ინტერესების გამტარებელი”, თუმცა, როგორც ამბობს, უარი მიიღო.
“შევთავაზე კანონპროექტის წარმომდგენს, მოდით ნუ დაარქმევთ… როცა სახეზე არაა, რომ ეს ორგანიზიაცია ამ მიღებულ თანხას იყენებს სხვისი ინტერესებისთვის, დაარქვით ამ ორგანიზაციას უცხოური დაფინანსების მიმღები და არა იმ დაფინანსების მომცემის ინტერესების გამტარებელი. უარყოფილი იქნა…
თუ არასაკმარისია ენჯეო სექტორის ფინანსების გამჭვირვალობა… თუ საჭიროა დამატებითი ინფორმაცია, შესაბამისი ფინანსური რეგულაციები გავატაროთ, რატომ მივდივართ იმ გზით, რომ ამ ორგანიზაციას ვეუბნებით, ჯერ დაირქვი უცხოეთის ინტერესების გამტარებელი და მერე კიდევ ჩამაბარე დეკლარაციები, თუ არ ჩამაბარებ, ისეთ ჯარიმებს დაგაკისრებ, საერთოდ გაგაკოტრებ და დაგხურავ”, – ამბობს შავგულიძე და დეპუტატებს მიმართავს:
“ძალიან გთხოვთ, მართლა დავფიქრდეთ. აქაა თქვენი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. ამ კანონის მოქმედება და შედეგები არ დამთავრდება ერთ დღეში”.
შავგულიძე ამბობს ეს კანონი “რუსულია”, რადგან რუსეთის ინტერესშია, “დავრჩეთ მარტონი” და “ჩაგვყლაპოს, როგორც გემრიელი ლუკმა”.
“საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩვენი მეგობარი ქვეყნები, ვინც გვაძლევს ამ თანხას, ვინც გვეხმარება… მტერი და რუსეთი არ გვეხმარება, ის თავის ინტერესებისთვის იხდის, აქაურ მორალატეებს აძლევს თანხას, იმათ [მეგობრებს] რა მდგომარეობაში ვაყენებთ? ვეუბნებით, შენ ჩვენ კი არ გვეხმარები და მეგობარი და პარტნიორი კი არ ხარ, შენ ხარ ის უცხოური ძალა, რომელსაც დაფინანსებული აგენტურული ქსელი გყავს, მედიასაშუალებებით “ენჯეოების” მეშვეობით და საკუთარ ინტერესებს ატარებ.
იქაც ადამიანები არიან, არ იტყვიან, ეს უმადური ხალხი ვინ არის? ამხელა ფინანსებს ვაძლევთ, ვხარჯავთ, ვეხმარებით, რომ სულ მთლად ოკუპირებული არ გახდეს ეს ქვეყანა, განვითარებაში ვუწყობთ ხელს, ცივილიზაციაში ინტეგრაციისთვის ვუწყობთ ხელს, ცალკე დარგებს ფეხზე ვუყენებთ და ესენი გვეუბნებიან, ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენი ცუდი ინტერესების გასატარებლად ქვეყანაში. ანუ მართლა მოხდება ამ ძალების გაუცხოვება ჩვენგან და შედეგად მივიღებთ რას? – დავრჩებით მარტონი”, – თქვა დეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას.
პარლამენტის 16 აპრილის სხდომაზე დღის 12:00 საათიდან განიხილავდნენ “აგენტების კანონს”. 21:00 საათზე სხდომა დაიხურა და კანონპროექტზე პირველი მოსმენით მსჯელობა 17 აპრილს, ისევ 12:00 საათზე გაგრძელდება.
რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის პლენარული სხდომა შეიძლება, გაგრძელდეს მხოლოდ 21 საათამდე (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა).
ამ წუთებში პარლამენტის შენობის გარშემო საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები, „ქართული ოცნებისგან“ მოითხოვენ ე.წ. აგენტების კანონის გაწვევას.
პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით:
- კანონპროექტის პირველი მოსმენისას განიხილება მისი ზოგადი პრინციპები და ძირითადი დებულებები;
- მეორე მოსმენისას კანონპროექტი განიხილება მუხლების მიხედვით;
- მესამე მოსმენისას შეიძლება, კანონპროექტში შევიდეს რედაქციული შენიშვნები.
საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ე.წ. „აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.