რეტრო მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის – ამის შესახებ შეთავაზება რუსმა ფეხბურთელმა ანდრეი არშავინმა ადგილობრივ TASS-თან საუბარში გაახმოვანა.
არშავინს უნდა, რომ რუსეთმა საქართველოსთან, ყაზახეთთან და უზბეკეთთანაც ითამაშოს. მანამდე ლეგენდების შეხვედრების ეგიდით, 7 ივლისს მინსკში, რუსებმა ბელარუსთან 1:1 ითამაშეს, პენალტებში კი 5:4 გაიმარჯვეს.
”ბელარუსის შემდეგ საქართველოსთან, უზბეკეთთან და ყაზახეთთან ლეგენდების მატჩები უნდა გავმართოთ. ასეთი შეხვედრები აერთიანებს ერებს, ინარჩუნებს ჩვენს საერთო ისტორიას. შეგიძლიათ გაუთავებელი სამიტები და კონფერენციები გამართოთ, მაგრამ ფეხბურთი ნამდვილად აერთიანებს ხალხს.
მაგალითად, თბილისში რეტრო-მატჩმა შესაძლოა, სტადიონი გაავსოს. საქართველოში ფეხბურთელების დონეყოველთვის კარგი იყო. თუ მოედანზე არველაძეს, ასათიანს, დემეტრაძეს, აშვეთიას, კობიაშვილსა და ქინქლაძეს ვიხილავთ, ეს ლეგენდების ლიგისთვის ძალიან კარგი განაცხადი გახდება”, – თქვა არშავინმა.
რუსი ფეხბურთელის შეთავაზებაზე პასუხი რუსულმა მედიამ ვეტერან ქართველ თავდამსხმელ გიორგი დემეტრაძეს ჰკითხა, რომელმაც დადებითაც შეაფასა ეს ინიციატივა.
”პოლიტიკა ასე თუ ისე ახდენს გავლენას თანამედროვე საქართველოში ბევრ მოვლენაზე. თუ ჩვენ ჩავატარებთ რეტრო-მატჩს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მონაწილეობით, არ გამოვრიცხავ, რომ საზოგადოება ორ ნაწილად გაიყოს. ზოგი წინააღმდეგი იქნება, ზოგი – პირიქით.
როგორია ჩემი აზრი? – მიმაჩნია, რომ სპორტი და კულტურული ღონისძიებები საქართველოსთვის სასარგებლოა. ასეთ მატჩში მონაწილეობას სიამოვნებით მივიღებ. უკეთესი იქნება, თუ ეს შეხვედრა ამა წლის ოქტომბრის შემდეგ ჩატარდება, როდესაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დასრულდება”, – თქვა დემეტრაძემ.
გარდა დემეტრაძისა, იდეა მოეწონა მოსკოვის “სპარტაკის” ყოფილ მეკარეს ანზორ კავაზაშვილს, რომელმაც “სპორტ-ექსპრესთან” საუბარში სურვილიც გამოთქვა, რომ თუ ეს დაპირისპირება მართლაც შედგა, მწვრთნელის ფუნქციას შეასრულებს.
”ვფიქრობ, ახლა ზუსტად საუკეთესო დროა, რათა საქართველოსა და რუსეთის საფეხბურთო ლეგენდების მატჩი შედგეს.
გარდა ამისა, ყველა ქართველს ფეხბურთი ახლა ისე უყვარს, როგორც არასდროს, რადგან ეროვნულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავად ითამაშა.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი ფეხბურთელების დიდმა ნაწილმა თამაში და კარიერა სწორედ რუსეთში დაიწყო. ამიტომ, თუ ეს მატჩი გაიმართება, სიამოვნებით მივიღებ მასში მონაწილეობას და შემიძლია, მწვრთნელიც ვიყო. შემიძლია რუსეთის საფეხბურთო კავშირს ამ შეხვედრის ორგანიზებაში დავეხმარო”, – თქვა კავაზაშვილმა.