პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა 28 ივლისს განაცხადეს, რომ კათოლიკე და სხვა ქრისტიანული ჯგუფების მიმართ ბოდიშს იხდიან მას შემდეგ, რაც თამაშების გახსნის ცერემონიაზე ლეონარდო და ვინჩის “საიდუმლო სერობასთან” მიმსგავსებულ ეპიზოდს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.
“ცხადია, არ ყოფილა განზრახვა, რომ რომელიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ უპატივცემულობა გამოგვეხატა. [გახსნის ცერემონიის] მიზანი საზოგადოების ტოლერანტულობის აღნიშვნა იყო”. – განაცხადა პარიზის ოლიმპიადის წარმომადგენელმა ენ დეკამპმა პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, “ეს ამბიცია მიღწეულია. თუკი ვინმე შეურაცხყოფილი დარჩა, ბოდიშს ვიხდით”.
ამასთანავე, გახსნის ცერემონიის სამხატვრო ხელმძღვანელის, თომას ჟოლის თქმით, აღნიშნული ეპიზოდის შთაგონება “საიდუმლო სერობა” არ ყოფილა და იგი წარმართულ ნადიმს ასახავდა, რომელიც ოლიმპოს მთის ღმერთებთან არის კავშირში.
“ვერასდროს იპოვით ჩემს ნამუშევრებში ვინმეს ან რაიმეს დამცირების სურვილს”. – განაცხადა ჟოლიმ BFMTV-სთან საუბრისას.
მანამდე, 27 ივლისს საფრანგეთის კათოლიკურმა ეკლესიამ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის აღნიშნული ეპიზოდი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ “ეს ცერემონია, სამწუხაროდ, ქრისტიანობის დაცინვისა და გამასხარავების სცენებს მოიცავდა, რასაც ჩვენ ღრმად ვძრახავთ”.