“ორგანულად მიუღებელი უნდა იყოს ორგანიზაციისთვის, რომ წავიდეს და თავი აგენტად გამოაცხადოს” – ამის შესახებ მსახიობმა ნინო კირთაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
ნინო კირთაძეს ჰქონდა იმედი, რომ “ქართული ოცნება” უკან დაიხევდა, თუმცა მსახიობის თქმით, გამჭვირვალობის კანონის უკან გატანის მაგივრად, ქართველმა ხალხმა აღდგომის ბრწყინვალე დღეს “ახალგაზრდების გაბერტყა” ნახა.
”ორგანულად მიუღებელი უნდა იყოს ორგანიზაციისთვის, რომ წავიდეს და თავი აგენტად გამოაცხადოს. მე შეიძლება წავიდე და ვთქვა, რომ შპიონი ვარ? ამას აკეთებინებდნენ ხალხს წამებით წლების წინ. აღდგომა იყო, როდესაც ახალგაზრდების ნახევარი გაბერტყეს. მე ბოლო წუთამდე მჯეროდა, რომ “ოცნება” უკან დაიხევდა. ვიფიქრე, რომ ქართველ ერს მონაპოვარს არ დაუკარგავდნენ. ჩემი ბევრი მეგობარი დაიღუპა იმისთვის, რომ ფეხი იმ სახლში შეედგა, რომელიც კომუნისტებმა წაგვართვეს”, – ამბობს ნინო კირთაძე.