ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, შსს-ს მიერ ირაკლი ეძგვერაძის და ირაკლი ნადირაძის დაკავების ფაქტს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.
კოალიცია ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ორი წევრი, ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს საღამოს, სამსახურებრივი მოვალეობის ხელის შეშლის საფუძველზე დააკავა.
როგორც ენმ-ს განცხადებაშია აღნიშნული, კოალიცია ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა მისი პოლიტსაბჭოს და თბილისის საკრებულოს ორი წევრის დაკავების ფაქტს საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ დღეს, 4 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებასთან აკავშირებს, სადაც კობახიძემ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის გარდა, ქართული ოცნების დისკრედიტაციის მიზნით, ოპოზიციის ლიდერებიც თავდასხმის რისკის ქვეშ იმყოფებიან.
კოალიცია ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.
“დღეს, ირაკლი კობახიძის მიერ, ოპოზიციის წინააღმდეგ დაანონსებული ძალადობის შემდეგ, დაკავებულია ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს ორი წევრი, ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე. ასევე, პოლიციამ იძალადა ჩვენს რამდენიმე მხარდამჭერზე.
ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს ორივე დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!
ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ქართული ოცნება ძალადობს საზოგადოებაზე, ხლეჩს მას, უპირისპირდება ადამიანებს და ამით იზოლაციასა და ჩიხში შეჰყავს მთელი ქვეყანა.
ესაა ქართული ოცნების განწირული მცდელობა, ძალადობით შეინარჩუნოს ძალაუფლება და ქვეყანა დატოვოს იზოლაციასა და სიღატაკეში”. – წერია განცხადებაში .