„ომი“ ჩინეთის ეკონომიკის წინააღმდეგ და ხისტი საიმიგრაციო პოლიტიკა – რას უნდა ველოდოთ ტრამპისგან

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა, მის მისმა ხისტმა საარჩევნო ეკონომიკურმა პროგრამამ, ბევრი საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. საიმპორტო ტარიფის შემოღება, შიდა გადასახადების შემცირება, კრიპტობიზნესის მხარდაჭერა და მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა, ეს იმ ცვლილებების ნაწილია, რომელსაც „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტი ამერიკელ ხალხს ჰპირდება. თუმცა, ფაქტია, მის მიერ გატარებული ცვლილებები, ქვეყნის ფარგლებსაც გასცდება და ზოგიერთ ქვეყანაზე განსაკუთრებით იმოქმედებს.

მაგალითისთვის, ტრამპი აპირებს, რომ ჩინურ პროდუქციაზე მინიმუმ 20%-იანი გადასახადი შემოიღოს, ყველა სხვა იმპორტზე – 10%-ანი, რის გამოც, ექსპერტულ წრეებში ვარაუდობენ, რომ ეს დოლარზე მოთხოვნას გაზრდის, შედეგად, დოლარი გამყარდება, ევრო კი გაუფასურდება (დოლართან მიმართებით).

Bpn.ge-მ აშშ-ის რიგით 47-ე პრეზიდენტის საარჩევნო პროგრამა „ჯეოქეისის“ ეკონომიური მიმართულების მკვლევართან გურამ ბააკაშვილთან ერთად განიხილა.

„ჩინეთის ეკონომიკის წინააღმდეგ ომი“ – საიმპორტო გადასახადების შემოღება

როგორც მკვლევარი ამბობს, ტრამპის მიერ საიმპორტო გადასახადების შემოღება, ნაწილობრივ ჩინეთის ეკონომიკის წინააღმდეგაა მიმართული, ვინაიდან სურს, აქედანვე გამორიცხოს ჩინეთის პირველობის შესაძლებლობა.

“დემოკრატებისგან“ განსხვავებით, ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება იყო, ბევრად უფრო ხისტი ეკონომიური პოლიტიკის გატარება. 2016 წელს სწორედ ის იყო პირველი ინიციატორი, რომელმაც ჩინურ პროდუქციას დაუწესა ძალიან დიდი განბაჟების გადასახადი, ფაქტობრივად, ტრამპის პოლიტიკის შედეგი იყო, რომ ჩინური პროდუქცია ამერიკულ ბაზარზე აიკრძალა, იმდენად დიდი გადასახადები დაუწესა. ეს მისი ერთი-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიზანია, რომ აშშ-ჩინეთს შორის არსებული ეკონომიკური ომის პირობებში, ამერიკამ შეძლოს და პრევენცია მოახდინოს იმ ვარაუდების, რომლის მიხედვითაც, დაახლოებით, 15-20 წელიწადში ჩინეთი შესაძლოა, პირველი ქვეყანა გახდეს ეკონომიკის თვალსაზრისით და გადაასწროს ამერიკას. შესაბამისად, ტრამპის საარჩევნო კამპანიაში, სწორედ ჩინეთთან მიმართებით ეკონომიკური პოლიტიკა იყო ყველაზე მეტად გამოყოფილი.

რაც შეეხება კონკრეტულად გადასახადების ნაწილს, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც ამერიკის მოსახლეობამ ტრამპზე შეაჩერა არჩევანი, იყო ეკონომიკური მიმართულება. შესაბამისად, მისი პოლიტიკა, რომ განაახლოს და გააჯანსაღოს ეკონომიკა, სწორად საგადასახადო რეფორმებით არის გამოწვეული. იმიტომ, რომ ამერიკას დღეს ყველაზე მეტად სჭირდება სწრაფი განახლება. როგორ წავა პროცესები, ეს რთული სათქმელია, თუმცა, ჩემი გადმოსახედიდან, საკმაოდ საინტერესო ეკონომიკური მოვლენები განვითარდება უახლოეს მომავალში.

აშშ, როგორც კრიპტოვალუტის ლიდერი ქვეყანა

დონალდ ტრამპი მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ღიად უჭერდა მხარს კრიპტობიზნესს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გურამ ბააკაშვილი ამბობს, რომ ამ თვალსაზრისით, ტრამპისგან სავარაუდოდ, რეგულაციების შემსუბუქებას უნდა ველოდოთ.

„კრიპტობაზრის განვითარებისთვის, ცალსახად დადებითი მოვლენაა ტრამპის გაპრეზიდენტება, იმიტომ, რომ ამერიკა უმსხვილესი კონტრიბუტორია, როგორც კრიპტოვალუტის მიწოდების, ისე მოხმარების კუთხით, გლობალურ ბაზარზე. შესაბამისად, ტრამპის მხარდაჭერა, რომელიც სავარაუდოდ, შემდეგ უკვე კონვერტირება, რეგულაციების შემსუბუქებით, კონტროლის მექანიზმების შერბილებით, თავის მხრივ წარმოადგენდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს ამ ბიზნესისთვის. იმიტომ, რომ გარკვეული პერიოდის წინა, სწორედ ამან კრიპტოვალუტის განვითარება შეაჩერა. შესაბამისად, მე ვფიქრობ, ის ფაქტიც, რომ არჩევნების დღეს ბიტკოინის კურსის მაქსიმუმი დაფიქსირდა, ცხადყოფს, როგორც განვითარდება კრიპტოინდუსტრია. მით უფრო, რომ აშშ-ის ფინანსურ სექტორში ის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს“,- ამბობს მკვლევარი.

მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა

ამერიკის, ახლა უკვე რიგით 47-ე პრეზიდენტი წინასაარჩევნო პერიოდში აშშ-ის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ქვეყნის საზღვრებს „გამოასწორებს“.

„ამ საკითხზე ტრამპის ხედვები ყველასთვის ცნობილია, იგივე მექსიკის კედლის მშენებლობა და ა.შ. რა თქმა უნდა, გაამკაცრებს. თუმცა, ეს საკითხი რამდენიმე მიმართულებით შეიძლება შეფასდეს, დადებითი მხარე არის ის, რომ ამ დროს მეტი აქცენტი კეთდება შიდა რესურსზე და შესაძლოა, ამის განვითარებით მოახდინოს ჩინეთში და საზღვარგარეთ მდებარე მსხვილი საწარმოების რელოკაცია აშშ-ში. მე ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზანი ზუსტად ის არის, რომ მუშა ხელი განავითაროს და ამერიკელ სამუშაო ძალაზე გააკეთოს აქცენტი. მეორე საკითხია, ეკონომიკურად რამდენად შეძლებს ამ მიზნის განხორციელებას, იმიტომ, რომ აშშ-ის მოქალაქეების და გამკაცრებული საიმიგრაციო პოლიტიკის პირობებში, რა თქმა უნდა, მუშა ხელის ხარჯები იზრდება და არეგულირებს ბაზარი, რომელიც გარკვეულწილად იქნება ჩაკეტილი. ყოველ შემთხვევაში, ისეთი ღია ვეღარ იქნება, როგორც მანამდე“,- აღნიშნავს გურამ ბააკაშვილი.

საქართველო და აშშ – „ქართველებისთვისაც გართულდება აშშ-ში შესვლის პროცედურები და დასაქმება“

მკვლევარი ამბობს, რომ მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის პირობებში, ქართველებისთვისაც გართულდება აშშ-ში შესვლის და დასაქმების პროცედურები. გურამ ბააკაშვილის თქმით, აღნიშნული დაპირება პირველ რიგში, აშშ-ში სამუშაო ძალის რეგულირებას ემსახურება. შესაბამისად, ცალსახაა, რომ არა მხოლოდ შესვლა, არამედ დასაქმების კუთხით რეგულაციებიც გამკაცრდება.

„ცალსახაა, რომ როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ისე ქართველებისთვის გართულდება აშშ-ში შესვლის პროცედურები. იმიტომ, რომ ძალიან ხშირად ხდება ისეთი ხერხების გამოყენება, როგორიც არის მექსიკის საზღვრიდან გადასვლა და ა.შ. შესაბამისად, პროცესი გართულდება. თუმცა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, როგორ მოხდება სტრატეგიული ურთიერთობის განვითარება, საქართველოსა და აშშ-ის შორის, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. თუ დადებით კონტექსტში განვითარდა, შესაძლებელია, ისეთი შეთანხმებების მიღწევა, რა დროსაც მაგალითად, ლეგალურად შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა სამუშაო პროგრამებში ქართველების ჩართულობა. როგორც მაგალითად, გერმანიაში და სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში მოხდა.

თუმცა, ეს შორეული პერსპექტივა იქნება და გააჩნია სახელმწიფო სტრატეგიული ურთიერთობა როგორ განვითარდება. მოკლევადიან პერიოდში, რა თქმა უნდა, ნეგატიურ გავლენას იქონიებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აშშ-ში წასვლას აპირებენ. მხოლოდ შესვლის საკითხიც ხომ არ არის, ერთია შეხვიდე, მაგრამ პოლიტიკის გამკაცრება სწორედ იმ აღსრულების მექანიზმებს ეხება, რომელიც აშშ-ში შესვლის შემდეგ კონკრეტულმა მოქალაქეებმა უნდა დაიცვან. ანუ მოქალაქეები შეიძლება შესულიყვნენ და ლიბერალური მიდგომები ჰქონოდათ დასაქმების პროცედურის თვალსაზრისით, თუმცა, ტრამპის გადმოსახედიდან, მისი საიმიგრაციო ხედვებით, ის არა მხოლოდ საზღვრის გამკაცრებას, არამედ სამუშაო ძალის რეგულირებას გეგმავს“,- ამბობს გურამ ბააკაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share