არაერთი ცნობილი ადამიანის დაცემისა და გათახსირების ხილვასთან ერთად, ეს დღეები სამაგალითო პროფესიონალიზმის, კეთილშობილების და პატრიოტიზმის გამოვლინების დღეებიცაა.
დიდი მადლობა ქალბატონ ქეთი ბაგრატიონს, რომელიც რუსთაველზე, სოფო ჯაფარიძის და თინა ბოკუჩავას ინიციატივით გახსნილ სამედიცინო პუნქტში დაშავებულებს უანგაროდ ეხმარება თავის შესანიშნავ კოლეგებთან ერთად.
დიდი მადლობა ქართული მედიცინის ელიტარულ წარმომადგენლებს, ბატონ გიორგი პაპიაშვილს, ბატონ კახა ეცადაშვილს რუსთაველზე დგომისათვის.
დიდი მადლობა სახელგანთქმულ პროფესორებს, ბატონ ირაკლი კოხრეიძეს, ბატონ გურამ ქარაზანაშვილს საკუთარი პატრიოტული და პროფესიონალური პოზიციების ნათლად დაფიქსირებისათვის.
დიდი მადლობა ძვირფასო კოლეგებო, კეთილშობილო პროფესიონალებო, კარგო ადამიანებო! მადლობა ყველას, ვისაც არ შეშლია და არ ჩაჭრილა არც ადამიანობაში და არც პროფესიონალიზმში.
მომიტევეთ, რომ ყველას ვერ ჩამოვთვლი სახელებით; ალბათ არც არის საჭირო. ეს ხალხი ხომ ამას საკუთარი სინდისის, საკუთარი პროფესიული მოვალეობის ჭეშმარიტი აღქმის გამო აკეთებს.
ვერანაირი თითიდან გამოწოვილი ლოგიკა თუ მშრალი იურიდიული ახსნა ვერ გაამართლებს ფორმიანი კრიმინალური ბანდების თარეშს, რომლებიც სრულიად არაპროპორციულ ძალას იყენებენ ქუჩებში; გამიზნულად ურტყამენ უმწეო პატიმრებს თავში, სახეში; ძარცვავენ და გაუგონარი ცინიზმით შეურაცხყოფენ დაკავებულებს. ქუჩებში ყოველგვარი საპოლიციო საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფით იყენებენ საშიშ, ტოქსიკურ ნივთიერებებს. ეს ბანდები უკვე გავიდნენ ყოველგვარი ლეგიტიმაციის ფარგლებიდან.
თვითმარქვია მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ “ძვლებში გადაამტვრევენ” ახალგაზრდებს და ჩვენ ამას მშვიდად უნდა ვუსმინოთ?
ხვალ შეიძლება გვიან იყოს.
გავიხსენოთ 9 აპრილი და მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრის, ირაკლი მენაღარიშვილის პოზიცია გაგანია საბჭოთა პერიოდში.
9 აპრილზე უარეს სიტუაცია გვიდგას ამჟამად; ეს არის 9 აპრილი გახანგრძლივებულ დინამიკაში.
საქმე გვაქვს ფსიქიურად დაავადებულ მანიაკებთან, რომლებმაც საერთოდ დაკარგეს რეალობასთან შეხება.
გამოვფხიზლდეთ …