“დარწმუნებული ვარ, “ოცნების” შემქმნელს ეყოფა ინსტიქტური გონიერება იმისათვის, რომ საკუთარი უსაფრთხოება არ გადააყოლოს ყეყეჩ ქვეშემვრდომებს”-ზურაბ გურული

არქტიკა, აფრიკა, სამხრეთ აზია – ოკეანია და სამხრეთ ამერიკა – ეს ის გეოგრაფიული არეალებია, სადაც ჩინეთმა და რუსეთმა ბოლო ორი დეკადის განმავლობაში, ამერიკის უხეირო გეოპოლიტიკური სტრატეგიის გამო აგრესიული ექსპანსია შეძლო.
ამერიკა ვერაფრით აღიდგენს თავის ძლიერებას, თუ ამ რეგიონებში დომინაციას არ დაიბრუნებს. ბოლო 4 წელიწადი ამერიკული საგარეო პოლიტიკა სრული კატასტროფა გამოდგა. ბუნებრივიცაა. ქვეყანას არ ჰყავდა ლიდერი.
ცხადია მათთვის, ვისაც ჩინეთისა და რუსეთის ამ ფარული ექსპანსიების შესახებ არაფერი სმენიათ, ტრამპის წინა-საშობაო განცხადებები ახირებულ ხუმრობებად მოეჩვენათ და აქირქილდნენ. არადა, პრაქტიკულად ეპოქალური მნიშვნელობის სტრატეგიული ცვლილებები დაანონსდა.
გრენლანდია პრაქტიკულად დაუცველი იყო აქამდე. ეკონომიკურად გაზულუქებულ დანიას თუ ამ ტერიტორიის შენარჩუნება სურს, კეთილს ინებებს და თავის სამხედრო კონტინგენტს სერიოზულად გაზრდის; წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკა ფრიად მომხიბლავ წინადადებებს შესთავაზებს გრენლანდიელებს. ტრამპის წინადადებამ უკვე აამოძრავა დანიელები. წინ საინტერესო პროცესები გველის.
პანამის არხი – ამერიკული საინჟინრო გენიის ერთერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა, ჩინელებმა ჩაიგდეს ხელში. თეოდორ რუზველტის უდიდესი პოლიტიკური ინვესტიცია ჩერჩეტი კარტერის ადმინისტრაციამ გააცამტვერა. არავინ იცის როგორ განვითარდება მოვლენები პანამის არხის ირგვლივ, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკის სამხედრო ძლიერებისათვის ამ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ობიექტზე კონტროლი აუცილებლად უნდა აღდგეს.
კანადამაც უნდა აღიდგინოს თავისი სამხედრო ძლიერება და ისევ საიმედო მოკავშირე გახდეს ამერიკისათვის. კანადელები ალბათ კარგად დაფიქრდებიან ტრამპის ხუმრობაზე. ეკონომიკური მოტივები გადამწყვეტი იქნება ახალ არჩევნებში და ამერიკამ უკვე დააფიქსირა თავისი დამოკიდებულება ტრუდოს პოლიტიკის მიმართ.
რაც მთავარია, ყველა ზემოაღნიშნული სტრატეგიული ამოცანა შესრულდება უომრად; მხოლოდ მკვეთრი სტრატეგიული მუქარით; ისეთით, როგორიც მხოლოდ ტრამპს სჩვევია და შეუძლია.
სენატორ ჯო უილსონის ბოლო განცხადება საქართველოს შესახებ, ამ მოვლენებიდან გამომდინარეობს. ამერიკა აღარ დაუშვებს თავისი გავლენის სფეროების დაკარგვას; პირიქით, ამერიკა იწყებს ახალ, აგრესიულ პოლიტიკურ ექსპანსიას.
ამერიკის მიერ გაწვრთვნილი სამხედრო ელიტა; იარაღი, ტექნოლოგიები და ა.შ. ვერ ჩავარდება რუსეთის ხელში. ამას ამერიკა არ დაუშვებს. პუტინმა დაანონსა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე არანაირ წინაპირობას არ წაუყენებს ამერიკას. ეს თავისთავად გამორიცხავს საქართველოს ხურდაში მოყოლას.
შესაბამისად, “ოცნების” სპეკულაციები, რომ ტრამპთან საქმეს დაალაგებს, სრულიად უსაფუძვლოა და სწორედ ეს აღნიშნა სენატორმა. არაერთხელ აღვნიშნე და ისევ გავიმეორებ, “ოცნებამ” სრულად და შეუქცევადად ამოწურა დასავლეთთან ურთიერთობის დალაგების პოტენციალი და ეს მხოლოდ საკუთარ უგუნურებას შეუძლია დააბრალოს. კოალიციას, რომელიც აგებულია მონურ მორჩილებაზე და არა ინტელექტზე, მომავალი არ გააჩნია ცივილიზებულ სამყაროში.
დარწმუნებული ვარ, “ოცნების” შემქმნელს ეყოფა ინსტიქტური გონიერება იმისათვის, რომ საკუთარი უსაფრთხოება არ გადააყოლოს ყეყეჩ ქვეშემვრდომებს. აი მათ კი რამდენად ეყოფათ ინსტიქტური ინტელექტი გადასარჩენად, ამას მალე ვიხილავთ, იანვრის ბოლოსათვის.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share