გურიის მოამბე

რისი იმედი აქვს ირაკლი კობახიძეს – განცხადება ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ

დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიალის დასრულების შემდეგ, “ქართული ოცნების” პრემიერი, ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს.

ივანიშვილის გუნდის წევრი მმართველი პარტიის პროპაგანდას იმეორებს და კვლავ იმედს გამოთქვამს, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, აშშ-საქართველოს ურთიერთობები გაძლიერდება.

”გულწრფელად ვულოცავ დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის ხელახლა დაკავებას.

მისმა ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს აშშ-საქართველოს ურთიერთობები.

პრეზიდენტო ტრამპ, წარმატებებს გისურვებთ ამ მნიშვნელოვან გზაზე!” – წერს ირაკლი კობახიძე.

დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა – ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის წინაშე, ბიბლიაზე ფიცი დადო.

დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ამერიკელი კანონმდებლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან. ასევე დარბაზში ოთხი ყოფილი პრეზიდენტი: ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი იმყოფებიან.

ინაუგურაციის ცერემონიას ასევე ესწრება რამდენიმე უცხოელი ლიდერი, მათ შორის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

ტრადიციულად, პრეზიდენტების ინაუგურაციის ცერემონიები კაპიტოლიუმის შენობის გარეთ იმართება, თუმცა, მოსალოდნელი ცივი ტემპერატურის გამო, იძულებული გახდნენ, ეს ტრადიცია დაერღვიათ და ფიცის დადების ცერემონია კაპიტოლიუმის შენობის როტონდაში დაეგეგმათ.

ცნობისთვის, ამერიკის ისტორიაში ტრამპი მეორე პრეზიდენტია, რომელმაც თეთრი სახლი ერთი ვადის გამოტოვებით დაიკავა და  ყველაზე ასაკოვანი კანდიდატი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share