გურიის მოამბე

უჩინარი ტვირთი: სანქცირებული ნავთობის გზა რუსეთიდან ევროპისკენ – „აი, ფაქტის“ გამოძიება

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება (აი, ფაქტი) აქვეყნებს ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელშიც საუბარია რუსეთის სანქცირებული ნავთობის ევროპაში ექსპორტსა და საქართველოს როლზე ამ ყველაფერში.

აი ფაქტის, ცნობით 2023-2024 წლებში საქართველოდან ესპანეთში 99 000 ტონა ქართული წარმოშობის ნავთობი შევიდა, ჯამში, 49 მილიონი ევროს ღირებულების.

ამ წინადადებაში ორი საეჭვო გარემოებაა:

1. საქართველო ამ რაოდენობის ნავთობს არ მოიპოვებს;

2. ექსპორტის ეს მონაცემები არ იძებნება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბაზაში, მაგრამ იძებნება ესპანეთისაში.

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება დაინტერესდა რით აიხსნება ეს ამბავი – მხოლოდ ბაზებში გაპარულ ტექნიკურ შეცდომასთან გვაქვს საქმე თუ ამ ყველაფერში მეზობელი აგრესორია გარეული, რომელსაც ევროპაში ნავთობის გატანა ეკრძალება და სანქცირებული პროდუქტის გასასაღებლად ალტერნატიული გზები სჭირდება.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი, მესამე წელია, გრძელდება. აგრესორის დასასუსტებლად ცივილიზებულმა სამყარომ მას სანქციები დაუწესა. მიზანი ეკონომიკის ჩამოშლა და შედეგად, ოკუპანტის ბრძოლისუნარიანობის შეზღუდვა იყო.

2022 წლის დეკემბრიდან რუსული ნავთობის ევროპის ქვეყნებში გაყიდვა ეტაპობრივად აიკრძალა.

2022 წლის ბოლოდან ნავთობის პირდაპირ რუსეთიდან ევროპაში იმპორტი 24-დან 4 პროცენტამდე შემცირდა. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ნავთობის გაყიდვას ვეღარ ახერხებს და მთავარ წიაღისეულს ზარალობს. არა, უბრალოდ, სანქციების ქვეშ, არატრადიციულ, ახალ მარშრუტებზე და ახალ ბაზრებზე მოუწიათ გადასვლა. ანუ, გამონახეს სანქცირებული პროდუქტის რეალიზაციის ირიბი გზები. მიმართულება რუსეთი-ევროპა ასე შეიცვალა – რუსეთი-მესამე ქვეყანა-ევროპა. ტვირთი კი უცვლელი დარჩა.

“საქართველოს ტერიტორია რომ რუსეთისთვის “შავი ხვრელია” და სანქციებისგან თავის ასარიდებლად წარმატებით იყენებს, ამაზე ადრეც მოგიყევით. გამოვავლინეთ, როგორ ვაწვდით რუსეთს სანქცირებულ ძვირადღირებულ მანქანებსა და ბრძოლის ველისთვის გამოსადეგ ორმაგი დანიშნულების ნივთებს. ახლა კი გიამბობთ, როგორ შეითავსა საქართველოს ტერიტორიამ არა მხოლოდ რუსეთის მომმარაგებლის, არამედ რეალიზატორის ფუნქციაც. თუ აქამდე გვესმოდა, რომ ევროპიდან რუსეთში სანქცირებული პროდუქტი საქართველოს გავლითაც შედიოდა, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სანქცირებული პროდუქტი რუსეთიდან ევროპაშიც საქართველოს გავლით შედის.

ხუთი თვის განმავლობაში შევისწავლეთ ქართული, საერთაშორისო და ევროპის ქვეყნების ოფიციალური სტატისტიკა, შევადარეთ ოთხი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ბაზის ათასობით მონაცემი, შევისწავლეთ ნავთობის იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანიები, დავაკვირდით რუსული ტვირთის მოძრაობას საქართველოს ტერიტორიაზე, ვესაუბრეთ სარკინიგზო და საზღვაო გადაზიდვებში გარკვეულ სპეციალისტებს და საბოლოოდ გამოვავლინეთ, რომ:

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლიდან დღემდე, საქართველოდან ევროპის ქვეყნებში ნავთობის ექსპორტი 15-ჯერ გაიზარდა;უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი აგრძელებს საქართველოში ნავთობის ნომერ პირველი იმპორტიორობას – როგორც საზღვაო, ისე სარკინიგზო გადაზიდვებით;საქართველოდან ევროპაში ნავთობის იმპორტ-ექსპორტის შესახებ საქსტატის მიერ ოფიციალურად გავრცელებული მონაცემები არ ემთხვევა გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის ოფიციალური ბაზის და სხვა ავტორიტეტული ბაზების მონაცემებს;საქართველოში რუსეთიდან შემოდის ქართული მხარის მიერ ოფიციალურად რეგისტრირებულზე მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტი;ევროპაში ქართულად “საღდება” იმაზე მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტი, ვიდრე საქართველო მოიპოვებს”- ნათქვამია ჟურნალისტურ გამოძიებაში. “უჩინარი ტვირთი: სანქცირებული ნავთობის გზა რუსეთიდან ევროპისკენ” – აი, ფაქტის ჟურნალიტური გამოძიება სრულად.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share