პუტინის თქმით, 2022-ში აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი რომ ყოფილიყო, შესაძლოა, ომი არ დაწყებულიყო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პროპაგანდისტულ ტელევიზია Россия-სთან საუბრისას თქვა, რომ 2022 წელს აშშ-ს პრეზიდენტი რომ ჯო ბაიდენის ნაცვლად დონალდ ტრამპი ყოფილიყო, შესაძლოა, რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი არ დაეწყო. პუტინმა კომენტარი გააკეთა აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის განცხადებაზე უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად რუსეთის მთავრობასთან მოლაპარაკებების აუცილებლობაზე.

“რუსეთს არასდროს უთქვამს უარი აშშ-ს ადმინისტრაციასთან კონტაქტებზე. და ეს ჩვენი ბრალი არ არის, რომ წინა ადმინისტრაციამ უარი თქვეს ამ კონტაქტზე. მე ყოველთვის მქონდა საქმიანი და, ამავდროულად, პრაგმატული ურთიერთობები აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტთან [ტრამპთან], სანდო, ვიტყოდი. არ შემიძლია, არ დავეთანხმო მას, რომ ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო [ომის დაწყების დროს] და მისთვის 2020 წელს გამარჯვება არ მოეპარათ, მაშინ, იქნებ, უკრაინაში არც ყოფილიყო კრიზისი, რომელიც 2022 წელს დაიწყო”. – თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით, უმჯობესი იქნებოდა, პრეზიდენტები “ერთმანეთს შეხვედროდნენ და დღევანდელი რეალობის საფუძველზე, მშვიდად ესაუბრათ ყველა იმ მიმართულებაზე, რომელიც შედის როგორც აშშ-ს, ისე რუსეთის ინტერესებში”.

“ჩვენ მზად ვართ”. – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა და დაამატა, რომ აშშ-სა და რუსეთის შორის ამგვარი შეხვედრის გამართვა “დამოკიდებულია აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებსა და არჩევანზე”.

პუტინმა უკრაინის ხელისუფლება გააკრიტიკა. მისი აზრით, “კიევის რეჟიმის ხელმძღვანელობა” მოლაპარაკებების გამართვის შემთხვევაშიც კი, “არსებული ნორმატიული საფუძვლის ჩარჩოებში გამართულ” მოლაპარაკებებს “არალეგიტიმურად” გამოაცხადებს და შედეგად, ამ მოლაპარაკებების შედეგებსაც “არალეგიტიმურად გამოაცხადებს”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share