“ეს იყო აქტივიზმის ფორმა და არა ფინანსურად მოტივირებული კიბერდანაშაული,” – ამის შესახებ უსაფრთხოების ექსპერტმა ანდრო გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინ, თბილისის ტრანსპორტში გადახდის აპარატებზე სავარაუდო კიბერშეტევის ფაქტს, რომლის შდეგადაც ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში სხვადასხვა აუდიო ჩანაწერები ისმოდა.
„ეს არის პროტესტის გავრცელებული ფორმა, ე.წ. აქტივიზმი, როდესაც ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით აქტივისტები ცდილობენ საკუთარი მესიჯის მიტანას მოსახლეობამდე. ეს იყო ძალიან ეფექტური ფორმა, თუმცა ბუნებრივია შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით აღძრა სისხლის სამართლის საქმე, რადგან მეთოდი რომლითაც ხორციელდება ამგვარი ქმედება კანონმდებლობით დასჯადია. უნდა ითქვას ისიც, რომ ეს არ იყო ალბათ მაღალტექნოლოგიური შეტევა, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოყვანის ან სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების მიზნით. ეს იყო პროტესტის გარკვეული ჯგუფის მიერ შესაბამისი მესიჯის მიტანა მოქალაქეებამდე რომ საქართველო არის ევროკავშირის ნაწილი და არ დათმობს დამოუკიდებლობას.
რაც შეეხება რისკებს, ჩვენ ჯერ არ ვიცით საერთოდ „საქართველოს ბანკის“ სისტემა თუ გატყდა, რადგან შესაძლოა, ეს ხმოვანი მდგენელი სულაც არ არის ბანკის მასივებთან დაკავშირებული. თავად ის გარემოება რომ გარკვეული აპარატი გატყდა არ ნიშნავს ბანკის ძირითადი მასივების კონპრომეტაციას. აქ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ აპარატებში უამრავი გადამხდელის ინფორმაციაა მოთავსებული და ხომ არ ადგა ისინიც რისკის ქვეშ,“- განაცხადა ანდრო გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს მოქალაქეებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თბილისში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გადახდის აპარატებში საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები, ასევე, პოლიტიკოსების სხვადასხვა შინაარსის ხმოვანი შეტყობინებები იყო ჩართული. აღნიშნულს მოგვიანებით მერია გამოეხმაურა, სადაც განაცხადეს, რომ გადახდის სისტემაზე სავარაუდო კიბერშეტევის გამო, აპარატები დროებით გათიშული იყო, რის გამოც ტრანსპორტი მგზავრებს დროებით გადახდის გარეშე ემსახურებოდა. ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში არამართლზომიერ შეღწევას გულისხმობს. გვიან ღამით კი, ჰაკერულმა ჯგუფმა Anonymous-მა გაავცელა განცხადება, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე კიბერთავდასხმა ჰაკერულ ჯგუფ Anonymous-სთან აფილირებულმა ქართველმა ჰაკერებმა განახორციელეს.