გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტები ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, მათ შორის წამების საკითხებზე სპეციალური მომხსენებელი საქართველოში მიმდინარე სახალხო პროტესტზე კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებენ.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მიმდინარე პროტესტის დროს დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაზე ბრალდებების მასშტაბი და მომიტინგეების მიმართ მიყენებული ზიანის სიმძიმე შესაძლოა წამებას ან დასჯას უთანაბრდებოდეს.
ამასთან, ანგარიშში საუბარია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზეც და ნათქვამია, რომ მათ მიერ წამოწყებულ გამოძიებებს “დღემდე არ მოჰყოლია შედეგი”.
ექსპერტები განცხადებაში უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებასაც ითხოვენ.
ისინი მოუწოდებენ ქართული ოცნების ხელისუფლებას, მიიღოს კონკრეტული ზომები შემდგომი ძალადობის აღსაკვეთად და გამოიძიოს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებული გამოყენების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებები, ასევე, გამოიძიოს მშვიდობიანი მომიტინგეებისა და მედიის წარმომადგენლების უკანონო დაკავების შემთხვევები პროტესტის დროს.
ექსპერტების თქმით, მათ მიიღეს მშვიდობიანი მომიტინგეების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების მიმართ განზრახ ფიზიკური ძალადობის, მუქარის, დაშინებისა და შურისძიების შესახებ ცნობები, რომლებიც განხორციელდა როგორც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების, ასევე უნიფორმებისა და საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე მყოფი პირებისგან.
მათ ხაზი გაუსვეს, რომ აღნიშნული ბრალდებების (allegations) მასშტაბი და პროტესტის მონაწილეებისა და შემდგომში დაკავებულების მიმართ მიყენებული ზიანის სიმძიმე შესაძლოა წამებასა და სხვა სახის სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას უთანაბრდებოდეს.
“ჩვენს მიერ მიღებული ინფორმაცია გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ ეს ინციდენტები, შესაძლოა, არ იყო ერთეული [შემთხვევები] და მიუთითებს მეთაურების პასუხისმგებლობაზე”, – აცხადებენ ექსპერტები.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიმდინარე პროტესტის დროს პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და წიწაკის სპრეი, ასევე სხვა ქიმიური საშუალებები გამოიყენა. საუბარია დაშავებულებსა და დაკავებულებზეც, კერძოდ, ნათქვამია, რომ დაკავებულ დემონსტრანტებს არ ეძლეოდათ ადვოკატებთან ან ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა.
“ჩვენ მივიღეთ შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომ ბევრ დაკავებულს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათ სცემდნენ ხანგრძლივად და არაერთხელ, დაემუქრნენ გაუპატიურებით ან სხეულის ნაწილების დამტვრევით, ასევე შეუზღუდეს სამედიცინო დახმარებაზე წვდომა”, – აცხადებენ ექსპერტები.
განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ საგამოძიებო სამსახურის მიერ ბოლო თვეებში მომხდართან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მიუხედავად, “დღემდე, როგორც ჩანს, ამ გამოძიებას არ მოჰყოლია რაიმე შედეგი, თუმცა ბევრი მომიტინგე კვლავ პატიმრობაში რჩება”.
ექსპერტები “მოვლენების სიმძიმის გათვალისწინებით” ელიან, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, გამჭვირვალე და ეფექტურ გამოძიებას ჩაატარებს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ისინი უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
ექსპერტებმა გაიმეორეს, რომ უსაფრთხოების ძალების მიერ ძალის გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს კანონიერების, აუცილებლობის, პროპორციულობის, სიფრთხილის ზომების მიღებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებს და მკაცრად რეგულირდებოდეს შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. მათ აღნიშნეს, რომ სიცოცხლის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის უფლება უმაღლეს პრიორიტეტად უნდა იქცეს.
ისინი სთხოვენ უწყებებს, აცნობონ “კონკრეტული ზომების შესახებ, რომლებიც მიღებულია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის მშვიდობიანი შეკრებებისა და დაკავების ადგილებში”.
ექსპერტებმა აღნიშნულ საკითხზე უწყებებს წერილობითაც მიმართეს და აცხადებენ, რომ სიტუაციის მონიტორინგს გააგრძელებენ.