ძმათამკვლელი ბრძოლები – ხიმშიაშვილები და გურია
.
ჩვენი ქვყნის ისტორიის ტრაგიკული ნაწილი ძმათამკვლელი ომები და ერთმანეთის ძარცვა-რბევა გახლდათ. 1784 (ან 1782 წელს) წელს ჯერ ასკანას, ხოლო შემდეგ აკეთს თავს დასხმია აბდულ-აღა ხიმშიაშვილის რაზმი, აბდულ-აღას თან ხლებია მისი შვილიც სელიმ ხიმშიაშვილი. ფაქტის შესახებ არის ჩანაწერი შემოქმედის გულანში – „ჩღპდ (1784) წელსა, მაისის კთ (29) აბდულაღა ხიმშაშვილი მოკლეს აკეთს“.
.
ზემოხსნებულთან დაკავშირებით ზაქარია ჭიჭინაძე ცნობა ასეთია – „1782 წ. მოხდა ქართველ მაჰმადიანთა და გურულების ბრძოლა. გურიაში, სოფ. აკეთში, გურულებმა მოკლეს აბდულ ბეგ ხიმშიაშვილი. ოსმალოს ჯარი გურულებმა დაამარცხეს და გააძევეს ბათუმამდის. ოსმალნი ბათუმში გამაგრდნენ.“
.
გაზეთ ივერიაში გამოქვეყნებული წერილის მიხედვით აკეთის აოხრების შემდეგ აბდულ-აღას ასკანაში დასწევია მამუკა თავდგირიძე, გურულებს დაუმარცხებითა მომხდური თავად აბდულ-აღა კი იასე პატეიშვილს მოუკლავს. სტატია ეყრდნობა აკეთელი ს. ღლონტის და ქობულეთის სოფელ აჭყვში მცხოვრები მოხუცის სახელად ყურშაუმას მონათხრობს.
.
„სოფელ აკეთს ხშირად ეტანებოდა გარეშე მტერი. მრავალ აოხრებათა შორის ყველაზედ უფრო ცხადად დარჩენილა აქაურს მკვიდრთა ხსონაში „აბდულ-აღას“ შემოსევა და მისგან აკლება. ეს ამბავი მიამბო აქაურმა მკვიდრმა ს. ღლონტმა, რომელიც როგორც თვითონ ამბობს 122 წლისა უნდა იყოს. მოხუცს ცხადად ახსოვს სოფიო დედოფლის მთავრობა გურიაში.“ (ივერია)
.
„მესხეთის მფლობელს, აბდულ-აღას შეუყრია თავის მხედრობა, გადმოუტარებია აჭარის მთებზედ და შემოპარულა ს. ასკანაში, რომელიც მდებარეობს აკეთსა და აჭარის მთებს შუა. აქ ვერავინ უნახავს და ამიტომ გამოუშურებია ს. აკეთისკენ.
.
ამ დროს აქ თავდგირიძეთაგანი არავინ არ ყოფილა შინ, სოფლელებს კი, უეცარის შემოსევისაგან თავზარ დაცემულებს, აუღიათ თავიანთი ბარგი-ბარხანა და აქვე მდებარე ტყეში შესულან, რათა თავისი ცოლშვილი და ბარგი გაეხიზნათ და მერმე უშიშრად შებმოდნენ თათრებს.
.
უკანასკნელნი მოსდებიან სოფელს და მთლად აუოხრებიათ; ვინც უნახავთ, ზოგნი მოუკლავთ და ზოგნი ტყვედ წაუყვანიათ. მერმე შესულან ზემოხსენებულს მაცხოვრის ეკლესიაში, მაგრამ საეკლესიო ნივთეულობა არა დახვედრიათ-რა, მხოლოდ აუტეხნიათ შიგ თოფის სროლა და მთლად შეურყევიათ კედლები და გუმბათი.
.
ამ დროს მოვარდნილა საიდგანღაც სარდალი მამუკა (?) თავდგირიძე, მოუგროვებია გაფანტული სოფლელები, მოუწოდებია სხვა ახლო სოფლელებისთვისაც და შეჰბმია თათრებს. ბრძოლის დროს თათრები დამარცხებულან და უკადრებიათ უკან გაქცევა, მაგრამ სოფლელები გამოსდგომიან უკან, დასწევიან წყალწითელას პირზე (ასკანას სამხრეთით ჩაურბის) და შემორტყმიან ყოველსავე მხრით.
.
თავზარდაცემულს აბდულ-აღას მიუტოვებია ჯარი და თავის მემკვიდრე სელიმი, რომელიც თან ჰხლებია, გაუტაცნია შინისკენ, რომ ტყვეობისათვის გადაერჩინა; შემდეგ დაბრუნებულა ჯართან და თითონაც ჩარეულა ბრძოლაში. ერთი ვიღაც ჯარის უფროსი, გვარად ცხოიძე, მოსვლისთანავე კიდევაც გაუკვეთია შუაზე ხმლით, მაგრამ მერე თვითონ გამხდარა მსხვერპლი იესე პატიეიშვილის თოფისა. დანარჩენნი თათართ ჯართაგანი სოფლელებს ზოგი დაუხოციათ და ზოგი ტყვედ წამოუყვანიათ.“ (ივერია)
.
ხიმშაშვილების თავდასხმებთან დაკავშირებით კიდევ არსებობს რამდენიმე წერილობითი წყარო, კერძოდ 1804 წელს მამია და ქაიხოსრო გურიელებთან დაპირისპირებული ვახტანგ გურიელის თხოვნით ახალციხის ფაშა სელიმ ხიმშიაშვილს გურიაში შემოჭრის მზადება დაუწყია, რის შესახებაც თურქეთის მთავრობისათვის უცნობი იყო, როგორც ირკვევა რუსებმა ამის შესახებ გაიგეს და 1804 წლის 12 ნოემბერის წერილით ციციანოვი სელიმ ხიმშიაშვილს დაემუქრა, რომ თუ გურიაში შეჭრაზე ხელს არ აიღებდა და მისი ხელქვეითები გურიიდან ქრისტიანი ტყვეების გატაცებას თავს არ დაანებდნენ, იგი ამის შესახებ კონსტანტინეპოლში რუსეთის ელჩს აცნობებდა, რომელიც სულთნისაგან ამ საქციელისათვის მას დასჯიდა. (АКАК – Т-2.2 – 1868 г.)
.
ასევე 1819 წლის 9 აპრილის ღამით აჰმედ ბეგ ხიმშიაშვილი თავს დაესხმია ასკანას, რასაც მოწმობს გენერალ ალექსი ერომოლოვის მიერ რუსეთის იმპერიის კანცლერს გრაფ კარლ ნესელროდესადმი (2 მაისი 1819 წელი) გაგზავნილი წერილი:
.
„როგორც გურიის მფლობელმა მთავარმა მამია გურიელმა მაცნობა, 9 აპრილს ღამით თურქეთის ქვეშევრდომმა ახმედ-ბეგ ხიმშიაშვილმა, დიდი ჯგუფით თავს დაესხა გურიელის სამფლობელოში მდებარე სოფელ ასკანას და ტყვედ წაიყვანა ამავე სოფლის რამდენიმე მოსახლე. სახელდახელოდ შეკრებილი გურიელელები დაეიწივნენ ყაჩაღებს, ძლიერი ურთიერთსროლის შემდეგ გაანთავისუფლეს ტყვეები. ბრძოლის შედეგად გურულებმა ტყვედ ჩაიგდეს ახმედ-ბეგის ბიძაშვილი, 2 თურქი ჩინოვნიკი, 12 მედროშე და 73 თურქი მებრძოლი, ასევე მოკლეს 1 აღა და 33 კაცი.“
.
აპოლონ წულაძეს გამოქვეყნებული აქვს ამ ამბავთან დაკავშირებული ხალხური ლექსი:
.
ღმერთმა ყველას გაგითენოს კალანდა და ბასილობა,
თათრებს ღმერთი გასწყრომია წახთენია გაზდილობა,
კალანდა დილას დაგვეცენ არ გვაცალეს სადილობა,
თავის დღეში ნაქებია თავდგირიძეო სარდალი
მისი ბიჭები ლომსა გავს, ტყეში ჩაუხთენ ჩამჯდარი,
ნუ გეშინიან ბიჭებო, მესხნი არიან წამხთარნი,
აწ გიორხანი იძახის ვერ წამიხვალ სელიმ-აღა
მესხებს თვალები დაუდგა გზაიც ვეღარ დეინახა,
აბდულ აღა გადმუაგდეს მისი ჯარი გეილახა,
სელიმ აღა გაქცეული მივიდოდა ვითა ქარი
დედამისი გზაზე შეხვთა შვილო, მითხარი მართალი.
დედა, აწი რაღა გითხრა მე საწყალი, მამაშკვდარი,
თავსა ძვილაი უშველე იქ დავტიე მთელი ჯარი.
იძახიან ვაი, ვუსა, ვაი, ცოლი, ვაი, შვილი,
ვაი, რაფერ წაგვიმწარა, რაც რომ ვქენით გურიასა
მათი ხორცი დაეჭამოს ფარეზას და მურიასა,
აწი თავსა დავანებებთ გაუგზავნით ჯუნიასა.
.
– Дм. Бакрадзе Археологическое путешествие по Гурии и Адчаре – 1878 г.;
– ზაქარია ჭიჭინაძე – ოსმალეთის ყოფილი საქართველო, ქართველ მაჰმადიანთა და აჭარისტანის ისტორიის კონსპექტი 1452 -1926 წლებში 1927 წ.;
– ივერია N195 13-Sep-1891;
– Акты, собранные кавказскою археографическою коммиссиею – Tом VI.I 1874 г. – გენერალ ალექსი ერომოლოვის წერილი რუსეთის იმპერიის კანცლერს გრაფ კარლ ნესელროდეს (2 მაისი 1819 წელი);
– Акты, собранные кавказскою археографическою коммиссиею – Tом II-II 1868 г (1804 წლის 12 ნოემბრის ციციანოვის წერილი)
– აპოლონ წულაძე – ეთნოგრაფიული გურია 1971 წელი
.
აკეთი – მაცხოვრის სახელობის ეკლესია

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა