გურიის მოამბე

აიორგი ახობაძე – “კარგი იქნებოდა სასამართლოში სიცრუის დეტექტორი იმყოფებოდეს”

“კარგი იქნებოდა, ჩემი დაკითხვისას სასამართლოში სიცრუის დეტექტორი იმყოფებოდეს, ცხადი გახდებოდა განსხვავება ჩემსა და ცრუმოწმე პოლიციელების ჩვენებებს შორის” | თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, პროევროპულ აქციაზე დაკავებული გიორგი ახობაძე ჩვენებას აძლევს. მან დეტალურად გაიხსენა მისი დაკავების საღამო – 2024 წლის 7 დეკემბერი:
💬 “დღის პირველ ნახევარში ვიმყოფებოდი სახლში და ვუვლიდი დედას, რომელიც მძიმე ავადმყოფი და პალიატიური პაციენტი იყო. შუადღის მერე, 3-4 საათზე მოვიდა ნინო ზოზიაშვილი. ის მცვლიდა ხოლმე, როცა მე სახლიდან გასვლა მჭირდებოდა. ჩავატარეთ ყოველდღიური პროცედურები, რაც პაციენტის მოვლას სჭირდებოდა, ყოველდღიური რუტინა.
დავუკავშირდი ჩემს მეგობრებს, რომლებთან ერთადაც წინა დღითაც და მაგ დღისთვისაც ვამზადებდით სენდვიჩებს დემონსტრანტებისთვის.
გავედი რუსთაველზე, 8-დან 9 საათამდე იქნებოდა საღამოს. ადგილზე მისვლისას გავჩერდი თაბუკაშვილის ქუჩაზე მანქანების სადგომთან. დავპარკინგდი. დავუკავშირდი ჩემს მეგობრებს, გირჩი მეტი თავისუფლებიდან, შევხვდი ჩვეულ შეხვედრის ადგილას. წამოვედით 4-5 ადამიანი, საკვები ავიტანეთ რუსთაველის თეატრის მიმდებარედ. წყალი და საკვები აქციის მონაწილეებისთვის. მოღალატე რეჟიმთან რომ წინააღმდეგობაში ვიყავით, ეს ხალხი მინდოდა ჩემგან მაქსიმალურად მხარდაჭერილი ყოფილიყო და ამას ჩემი ემიგრანტი მეგობრების დახმარებით ვაკეთებდი.
წინა ხაზზე, სადაც გვირტყამდა პოლიცია, ვერიდებოდი, იმიტომ, რომ დედა მყავდა მოსავლელი და მეც რომ მოსავლელი გავმხდარიყავი, ამის საშუალება არ მქონდა. 10-20 მეტრით უკან ვიყავი და ვფიქრობდი იმ გზებზე, მათგან თავი რომ დაგვეცვა. ვფიქრობდი, ვაზიარებდი ამაზე ინფორმაციას და დემონსტრირებასაც ვაკეთებდი. 2023 წლის აქციებზე წინა ხაზებზეც ვიყავი და მედო ინფორმაციული ვიდეოები, რომელსაც უამრავი ნახვა ჰქონდა ყველა სოციალურ ქსელში.
ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე უფრო მეტად სოციალურ ქსელებში ვიყავი აქტიური. შეხლა-შემოხლა ძალიან მძიმე იყო, სახის ძვლებს ამტვრევდა პოლიცია აქციის მონაწილეებს. მე დედაჩემის ჯანმრთელობაც მებარა. მოქალაქეების ინფორმირებას ვცდილობდი და დეზინფორმაციისგან დაცვას.
საკვები და წყალი ავიტანეთ რუსთაველზე მეგობრებთან ერთად, დავარიგეთ. ადგილზე დიდი სამეგობრო იყო. მოვინახულე. გავცვალეთ აზრები და ემოციები. გამომდინარე იქიდან, რომ ნინო, რომელიც სახლში ექთნობაში მეხმარებოდა, მეორე დღეს მორიგე იყო და შეთანხმებულები ვიყავით, რომ ღამის ორისთვის უნდა დავბრუნებულიყავი და სახლში გამეშვა.
მეგობრებიდან შევხვდი კოლეგებს, შვილის ნათლიას. გადავეცი ეკიპირება. მიმოვიხედე რუსთაველზე, ჩანდა, რომ კონფლიქტი აღარ უნდა ყოფილიყო. ის დროა, როცა პროვოკაციებს თავი დაანებეს და მიხვდნენ, რომ წინააღმდეგობა უფრო აბრაზებდა ხალხს. ტიტუშკები დარბოდნენ მოსაზღვრე ქუჩებზე და თავს ესხმოდნენ მოქალაქეებს, ჟურნალისტებს. ვიფიქრე, რომ დროზე დავბრუნებულიყავი სახლში და ნინო გამეშვა. მერიოტის კუთხეში შევხვდი ლევანს [ბერიძეს, ვინც დაკავებისას ახლდა] და შევთავაზე გამომყოლოდა.
ტელეფონზე შემომივიდა გაფრთხილება ახლობლებისგან, რომ დაჭერები ხდებოდა, იმ ღამეს დაიჭირეს ნიკა კაცია, მაკა ჩიხლაძეს დაესხნენ თავს. სახლში რომ მოხვალ, არ გადმოხვიდე მანქანიდან, დაგვირეკე, ჩამოვალთ და დაგვხვდებითო. ლევანმა მითხრა, რომ მე გამოგყვები სახლში და მე მერე ტაქსით წავალ სახლშიო, რაკი მე ფიზიკურად ნაკლები შესაძლებლობები მაქვს მას. ვუთხარი, რომ თავდაცვა შემეძლო. უკვე რვა დეკემბერი იყო დაწყებული. თაბუკაშვილიდან დავეშვით. საათების ძეგლთან იდგა საპატრულო პოლიცია. წინა დღეს 1000 ლარით დამაჯარიმეს და შეიძლება ახლა კიდევ დაგვაჯარიმონ-მეთქი. სანაპიროზე ლაგუნა-ვერეს მიმართულებით დავუყევით. მარჯვენა სანაპიროზე ვიყავით.
გავცდით გალფის სადგურს, ესტაკადაზე ვართ და დავინახე რომ მომყვებოდა საპატრულო მანქანა. სანამ გავჩერდი, გავცდით ხიდს და გავჩერდით ბორდიურთან. მოვიდა პატრულ-ინსპექტორი. არ მახსოვს მისი გვარ-სახელი. გამომართვა მართვის მოწმობა, დარწმუნდა, რომ მე ვიყავი და ძალიან უცნაური მითითება მომცა. გადმობრძანდით, იდენტიფიკაცია უნდა გავიაროთო. გამიკვირდა.
[…]
რაც შეეხება დაჭერის მოლოდინს. ორი ვერსია მქონდა და ერთი კვირით ადრე ვიდეოც მქონდა ჩაწერილი ამაზე. ველოდი ანგარიშსწორებას. გრიგოლ კაჭკაჭიშვილი შემჩნეული მყავდა, რომ მაგ დროს კი არა მარტო, ერთი წლით ადრეც ჰქონდა ჩემზე თვალთვალი. კაჭკაჭიშვილმა ეს დამიდასტურა კიდეც.
გამომდინარე ჩემი ფიზიკური მდგომარეობიდან, მაშინ ჯერ კიდევ მეგონა, რომ მორალი ჰქონდათ. ხერხემლის ტრავმის შემდეგ მდგომარეობაში ვარ და განსაკუთრებით ამორალური იქნებოდა ასეთი ადამიანის ცემა. ველოდი, რომ ან იარაღს და ან ნარკოტიკს ჩამიდებდნენ. პატრულთან მიმართებით მაინც უფრო მეტი ნდობა მქონდა. პატრულისგან მაქსიმუმ მანქანის ჩხრეკას ველოდი და ამაზე პრობლემა არ მქონდა. არ გამიმწვავებია. ვიდეოში ვამბობდი, რომ თუ გამაქრობდნენ, როგორც ახლა ვარ „დასასვენებელად“ გლდანში, დედაჩემისთვის მიეხედათ.
მქონდა მოსაზრება, რომ ჩვენ შორის იქნებოდნენ ნასედკები და სუსის აგენტები და აქციებზე და ჩავწერე ვიდეო, რომ თუ ღალატს აპირებთ, სჯობს ჩამომშორდეთ, თორემ შესაბამის პასუხს გაგცემთ-მეთქი.
კონკრეტულად არაფერი მქონდა შემჩნეული, მაგრამ მასობრივი დაჭერები მიდიოდა და ჩავთვალე, მეც გავხდებოდი ამის მსხვერპლი. მიხუმრია მეგობრებთან კიდეც, რა დავაკელი, რომ აქამდე არ დამიჭირეს-მეთქიკარი გავაღე, პატრული იდგა თავჩახრილი. აანალიზებდა, რასაც აკეთებდა. როგორც კი შემოვტრიალდი, ერთი ნაბიჯი გავაკეთე თუ არა, 6-7 პოლიციელი მორბის ჩემკენ, წინ მოუძღვის გიორგი გურეშიძე. სამმართველოს უფროსი.
პატრულმა რომ გამაჩერა და სპეცოპერაციას არ ველოდი, ამ ნდობამ ყურადღება მომიდუნა. ჩემი მანქანის უკან იდგა პატრულის მანქანა, იმის უკან იდგა ჯიპი და იმის უკან კიდევ ორი მანქანა. ჩემი მანქანის წინაც ორი მანქანა. ანუ პატრულის გარდა იდგა ხუთი მანქანა.
ხელები გადამიგრიხეს ზურგსუკან და პატრულის მანქანის კაპოტზე სახით ქვემოთ დამაგდეს. მოვმართე ტანი, რომ ნაკლები დაზიანება მიმეღო. ვიგრძენი, რომ უკანა ჯიბეზე მეხებოდნენ და დავიწყე ლაპარაკი, ჯიბეში არაფერი ჩამიდოთ-მეთქი, უკანა მარცხენა ჯიბეზეა საუბარი. ჯინსი მეცვა და ვგრძნობ წინა მარცხენა ჯიბეში ხელის ჩაცურებას და ამოღებას. რა ჩამიდეთ, ხელი რატომ ჩამიყავით-მეთქი. ჩემ ზურგს უკან იდგა, ვინც ეს გააკეთა და ვერ ვაკონტროლებდი, ვინ იყო. პირველი ფიზიკური კონტაქტი გურეშიძესთან მქონდა და შეიძლება ისიც ყოფილიყო.
მასაში იოლად გამოარჩევ გურეშიძეს, დამახასიათებელი გარეგნობა აქვს. ჩემგან აღქმული იყო, რომ ის იყო ოპერაციის ხელმძღვანელი, კარგად დამამახსოვრდა. რაც მივედით კრიმინალური პოლიციის შენობაში, რამდენჯერმე სიგარეტის მოსაწევად გამიყვანეს. ერთ კარზე სამმართველოს უფროსი ეწერა, ღია კარში იჯდა თვითონ გურეშიძე, ტახტზე ისხდნენ სხვები და კარგ ხასიათზე იყვნენ. მე დავიმახსოვრე. ფოტოებიდან ამოვიცანი და სასამართლოზე საჯაროდ განვაცხადე. მანამდე ვიცოდი თანამდებობა, სახე და სად მუშაობდა” | ამბობს ახობაძე [ნეტგაზეთის ლაივ ბლოგი სასამართლოდან]
ექიმ გიორგი ახობაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights