გურიის მოამბე

ხელისუფლებამ მზია ამაღლობელი უნდა გაათავისუფლოს – ირმა ინაშვილი

”2002 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განკარგულებით, სპეციალური კომისია შეიქმნა, რომლის  საქმიანობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, პროკურატურა, სახალხო დამცველის აპარატი და სხვა ინსტიტუტები მონაწილეობდნენ. კომისიამ უმოკლეს ვადებში განიხილა პატიმრების საქმეები და შექმნა სამართლებრივი საფუძველი მათ გასათავისუფლებლად. პატიმრების უმეტესობა პრეზიდენტმა შეიწყალა, ნაწილიც სასამართლომ გაათავისუფლა. კომისიას ძალზედ ნათელი მიზანი ჰქონდა- საზოგადოებაში განხეთქილებისა და დაპირისპირების შემცირება.

გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ახალგაზრდაა დაპატიმრებული,  სწორედ ახალგაზრდებს ვგულისხმობ, ვფიქრობ, ამგვარი კომისია დღესაც სასწრაფოდაა შესაქმნელი, მას სათავეში ნეიტრალური პირი უნდა ჩაუდგეს. ასეთი ნეიტრალური პირი მრავალია, მათ შორის მეც ვარ! კომისიამ მაქსიმალური ლმობიერება და ადეკვატურობა უნდა გამოიჩინოს და საზოგადოებაში ღრმა დაპირისპირების მინიმუმამდე დაყვანას უნდა შეუწყოს ხელი.

ნათელია, რომ პოლიციელზე ხელის აღმართვა დაუშვებელია, არავინ არ ამართლებს ამას, მაგრამ სიმკაცრე სხვაა და სისასტიკე-სხვა. არ შეიძლება, რომ ჩვენი სიმკაცრე ულმობლობაში გადაიზარდოს. ხვალ და ზეგ ამ თაობამ უნდა მართოს სახელმწიფო, გაბოროტებული თაობა როგორ მართვას შეძლებს? როგორ ქვეყანას ააშენებს? ვფიქრობთ კი ამაზე?…

ამ დღეებში ნეტგაზეთის რედაქციამ მზია ამაღლობელის საქმეზე კომენტარი მთხოვა. ამაზეც საჯაროდ ვწერ. მზია ამაღლობელს მე პირადად არ ვიცნობ, ჩვენი პროფესიული გზა ისე წარიმართა, რომ არასდროს გვითანამშრომლია ერთმანეთთან, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებზეც განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, ერთ პლატფორმაზე არასდროს ვმდგარვართ. მიმაჩნია, რომ მხოლოდ სილის გაწვნის გამო, 4-დან 7 წლამდე სასჯელი გონივრულ ფარგლებს სცდება, ეს არაა არც სწორი და არც პროპორციული. ასეთი მძიმე მუხლი პატიმრების მწამებლებს ჰქონდათ წაყენებული. განა სილის გაწვნა და პატიმრების წამება ერთი და იგივეა?!

ახლა სხვა კუთხით შევხედოთ მზია ამაღლობელის საქმეს. ჩვენ ვცხოვრობთ ქართულ სახელმწიფოში და  ერთმანეთს მუდმივად ვუმტკიცებთ, რომ ქართული აზროვნება, ქართული ფასეულობები ჩვენთვის უმთავრესია. ეს კი, ავტომატურად გულისხმობს, რომ საქართველოში მანდილოსნისადმი მამაკაცი ყოველთვის მოთმინებასა და სულგრძელობას იჩენს, ამ კონტექსტში მამაკაცი და მითუმეტეს, პოლიციელი თავად უნდა თვლიდეს, რომ პატიმრობის 6 თვე მზია ამაღლობელისთვის საკმარისზე მეტია და თავად უნდა ითხოვდეს მზია ამაღლობელის გათავისუფლებას.

პირადად ჩემი, იდეალისტური შეხედულებით, ხელისუფლებამ უნდა გამოავლინოს ქართული სულგრძელობა და ლმობიერება და მზია ამაღლობელი უნდა გაათავისუფლოს პატიმრობიდან.

დარწმუნებული ვარ, სპეციალური კომისიის შექმნა საუკეთესო გამოსავალი იქნება ჩვენი ქვეყნისთვისაც, ხალხისა და ხელისუფლებისთვისაც და უცხოელი მოკავშირეებისთვისაც.

ამ ინიციატივით მივმართავ ხელისუფლებას.”-

წერს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights