გურიის მოამბე

ელდარ (ლუკა) კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატს ელდარ (ლუკა) კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ელდარ კურტანიძის საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და, შესაბამისად, სასამართლომ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა. მისი თქმით, გამოძიება გრძელდება და თუ გამოვლინდა ახალი გარემოებები, ყველაფერს მიეცემა სამართლებრივი შეფასება.

“დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, იმ ინტენსივობიდან გამომდინარე, რასაც ახორციელებდა ბრალდებული ამ ხნის განმავლობაში, რეალურად, მისი პიროვნებიდან გამომდინარე, საქმის ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და სასამართლომაც გაიზიარა ყოველივე აღნიშნული და, როგორც მოგახსენეთ, დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა.[…]

მოგეხსენებათ, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება და, რა თქმა უნდა, თუ გამოვლინდება ახალი გარემოებები, რა თქმა უნდა, ყოველ ფაქტს მიეცემა სამართლებრივი შეფასება.” – განაცხადა პროკურორმა.

ელდარ კურტანიძემ ყოფილ მეუღლეს, ხათუნა მიქაცაძეს სცემა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაარღვია სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რომლითაც აკრძალული ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან  მიახლოება, კომუნიკაცია და იმ ადგილთან და სახლთან მისვლა, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა და დაზარალებულის კუთვნილ საცხოვრებელ სახლთან  ორჯერ მივიდა, მათ შორის 25 ივლისს, ქობულეთში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ყოფილ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და  ავტომანქანა დაუზიანა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც  ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 11 პრიმა 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ორი ეპიზოდი (ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – წერს უწყება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights