შემოქმედის თემის სამ სკოლაში – შემოქმედში, გომსა და კვირიკეთში, წლევანდელ სასწავლო წელს სულ 12 პირველკლასელი დაიწყებს სწავლას. მათი პირველი ნაბიჯები სკოლისკენ, სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, 10 სექტემბერს, მცირე ღონისძიებით აღინიშნა.
შემოქმედის სკოლაში კომპანია „პარვუს ჯგუფმა“ სამივე სკოლის პირველკლასელებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს მოუყარა თავი. მცირე გაცნობითი შეხვედრის შემდეგ, მასწავლებლებმა ბავშვებთან ერთად სასკოლო შემეცნებითი თამაშები ითამაშეს, ბოლოს კი კომპანიამ ბავშვებს წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ ვაუჩერები გადასცა. საჩუქრები ბავშვებმა სიხარულით მიიღეს, მშობლები კი აღნიშნავდნენ, რომ ასეთი ყურადღება მათთვის მოულოდნელი და სასიამოვნო მხარდაჭერაა.
მასწავლებლების თქმით, პირველკლასელებისთვის მსგავსი ყურადღება სასიამოვნო მოტივაციაა. „პირველი ზარი ყოველთვის ემოციურია, მაგრამ როცა ბავშვებს ასეთი სითბო ხვდებათ, ისინი სწავლის პროცესს უფრო დიდი ინტერესით იწყებენ,“ – აღნიშნა ერთ-ერთმა პედაგოგმა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიება თემის სკოლებში უკვე მეორე წელია იმართება და ის ტრადიციად ყალიბდება.