სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს საქართველოში აქციების დარბევისას გამოყენებულ ნივთიერებთან დაკავშირებით BBC-ის სიუჟეტის ერთ-ერთი მონაწილე, ზვიად მაისაშვილი.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და აქტივისტი თორნიკე რაზმაძე წერს.
უნდა აღინიშნოს, რომ მაისაშვილს პროევროპულ აქციებზე პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა, მიუხედავად ამისა, იგი დაზარალებულად მხოლოდ თვეების შემდეგ ცნეს.
„ზვიოც დაიბარეს გამოკითხვაზე BBC-სთან დაკავშირებულ საქმეზე. შეგახსენებთ, რომ ზვიო მხოლოდ თვეების შემდეგ ცნეს დაზარალებულად და მის წინააღმდეგ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დღემდე არცერთი ჯალათი არ არის იდენტიფიცირებული და მითუმეტეს დასჯილი”, – წერს თორნიკე რაზმაძე.
***
BBC ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
BBC-ის თანახმად, მათმა სამსახურმა ისაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებთან, საქართველოს საპოლიციო სპეცრაზმის ინფორმატორებთან და ექიმებთან და აღმოაჩინა, რომ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს ნივთიერების გამოყენებაზე, რომელსაც ფრანგული სამხედრო უწყება “კამიტეს” უწოდებდა – ეს ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდია, რომელიც მოკავშირეებმა პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად შექმნეს.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ ის მათ წინააღმდეგ “ცრუ ბრალდებებს” შეიცავს. პარტია აცხადებს, რომ BBC-ის მიერ გავრცელებული “მძიმე და დაუდასტურებელი ბრალდებების” გამო, საერთაშორისო სასამართლოში სამართლებერივ დავას იწყებს.
მოგვიანებით, BBC-ის მიერ გავრცელებულ მასალაზე სუს-მა გამოძიება დაიწყო.







