ცხვირი გავს? გავს. თვალიც გავს, ბატონო? გავს. ტუჩ-ნიკაპი? – გავს.. ერთადერთი ნიშანიღა გვაკლია..
ოპოზიციის ლიდერი ციხეში, ერთპარტიული პარლამენტი, სასამართლო და პროკურატურა სრულად ხელისუფლების კონტროლის ქვეშ – სამწუხარო სურათი, რომელიც საქართველოს დღევანდელ რეალობას გამოხატავს და რის გამოც დასავლეთიდან უპრეცედენტო რაოდენობისა და სიმკაცრის შეფასებებს ვიღებთ. სურათი თითქოს იგივეა, რაც რუსეთში, ბელორუსში თუ თურქმენეთში, სადაც პუტინის, ლუკაშენკოს, თუ ბერდიმუხამედოვის ავტორიტარული რეჟიმების ტოტალური კონტროლი, ანუ დიქტატურაა.
მთავარი კომპონენტი, რაც ჩვენ დღეს ამ ქვეყნებისგან ფუნდამენტურად განგვასხვავებს და რეალური დიქტატურისგან გვაშორებს, კრიტიკული მედიაა. ანუ ის ტელევიზიები, ელეტქრონული თუ ბეჭვდითი გამოცემები, რომლებიც ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარებიან და თავისუფალ ინტერნეტთან და სოციალურ ქსელებთან ერთად ქმნიან საინფორმაციო სივრცეს, რომლის საშუალებითაც, ერთი მხრივ, მოსახლეობა ხელისუფლებისადმი არასასიამოვნო ინფორმაციას და კრიტიკულ მოსაზრებებს იღებს, მეორე მხრივ კი, ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი სიცოცხლეს ინარჩუნებს.
საქართველო დღეს მართლაც გზაგასაყარზეა: თუ საზოგადოება დათმობს, დასავლეთი სიტყვიდან საქმეზე გადასვლას ვერ მოახერხებს, ხელისუფლება მელიას დაჭერას მოინელებს, საპროტესტო მუხტს ჩაახშობს და ოპოზიციას გაანადგურებს – შემდეგი გაჩერება აუცილებლად თავისუფალი მედია იქნება. აი შემდეგ კი მართლა დაისადგურებს დიქტატურა, ივანიშვილის დიქტატურა, რომელიც პუტინივით თუ ლუკაშენკოსავით დიდი ხნით გააკონტროლებს ყველას და ყველაფერს და ბოლოს ან კიმ ჩენ ინივით ვაჟს დაგვიტოვებს მმართველად, ან ჩაუშესკოს ბედს გაიზიარებს.
მანამდე კი ეს ყველაფრი ჩვენს მხრებზე გადაივლის: საქართველოს ნავთობდოლარები არასდროს ექნება. ამიტომ დღეს თუ 1 000 ლარი გვაქვს შემოსავალი, ხვალ 500 გვექნება, ზეგ 200. აი, მაზეგ უკვე აღარაფერი. დოლარი 3 ლარიდან ხუთი, ხუთიდან ათი გახდება, ბოლოს კი სულ გაკუპონდება. პოლიცია მილიციად გადაიქცევა, კორუფცია კვლავ გაიფურჩქნება, კანონიერი ქურდები ძალაუფლების სრულფასოვანი თანამფლობელები გახდებიან, ბნელი 90-იანები უკან დაბრუნდება და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ბოლომდე არ გავღატაკდებით. ივანიშვილს საკუთარი ოჯახისა და გარემოცვის შესანახად ფული დიდხანს ექნება, თქვენთვის კი აღარ.
დრო ჯერ კიდევ გვაქვს. ივანიშვილის ოცნება ჯერ მელიაზე ნადირობს, მაგრამ ,,საკუთარ ფეხებში ისვრის.“ ამიტომ, სანამ დასავლელი მეგობრები შეგვრჩენია, სანამ თავისუფლად შეგვიძლია აზრი გამოვთქვათ, სანამ ოპოზიცია ერთიანია და სამოქალაქო საზოგადოება მყარად დგას, დროა ვიმოქმედოთ, ერთად შევაჩეროთ დიქტატურა, რომლის კონტურების დანახვასაც გამადიდებელი შუშა აღარ ჭირდება.