“რამდენიმე კვირის წინ ვთქვი, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი უფრო საგარეო ფაქტორებზეა დამოკიდებული, ვიდრე საშინაოზე.ზოგიერთი გულზე მჯიღის მცემელი გამოვარდა და ამაზე ცრემლები ღვარა, ეს როგორ თქვაო. პირად საუბრებში, კი სწორი ხარო, მაგრამ ეგრე საჯაროდ არ თქვაო.და რატომ? რატომ არ ვთქვა?”, – ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან სანიკიძე სოციალურ ქსელში წერს.
“პოლიტკორექტულობის ეპოქა საქართველოშიც უნდა დასრულდეს. გუშინაც, დღესაც და ხვალაც მოვაწერ ხელს იგივეს. ჩვენი თავი ჩვენ გვეკუთნის, მაგრამ ვაკუუმში არ ვცხოვრობთ – რუსული ურჩხული სანამ ორ ფეხზე დგას, იქამდე გარღვევის შანსი მიზერულია.
რუსეთის იმპერია რომ არ ჩამოქცეულიყო, ის სამი წელიც ვერ მოვახერხებდით დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას.
საბჭოთა იმპერია რომ არ დაეჩოქებინა რეიგანს, და ტეტჩერს, მერაბ კოსტავას ნანატრ დამოუკიდებლობას კიდევ რამდენი წელი ვერ ვიხილავდით, ეგეც ღმერთმა უწყის. მესამედ უნდა ვიყოთ მზად, ამჯერად პუტინის იმპერიის დაშლისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ გულხელდაკრეფილები უნდა ვისხდეთ – არა!უნდა ვემზადოთ ჩვენი შანსისთვის!
ერთი წუთით არ ვაკნინებ ადგილზე ბრძოლას და წესიერი, მომგები ოპოზიციური კომბინაციის არსებობის აუცილებლობას, მაგრამ პუტინის იმპერიის რღვევის გარეშე, რასაც ახლა ვხედავთ, გამარჯვების შანსი ბევრად უფრო ნაკლები იყო, ვიდრე დღესაა, ან ხვალ იქნება!”, – წერს სანიკიძე.








