ირაკლი ღარიბაშვილს ოჯახის წევრების დაპატიმრებით აშანტაჟებენ, ამიტომ იძულებულია ყველაფერზე “თავი დააქნიოს” – ამის შესახებ ნიკა გვარამია ციხიდან გამოგზავნილ წერილში საუბრობს.
რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში, კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი წერს, რომ “თუ ყოფილი პრემიერი თავს ყველაფერზე არ დააქნევს” ბაკურიანის ტყეზე დაიჭერენ მის ცოლსაც, ნუნუკა თამაზაშვილს. ასევე ღვინის ქარხნის სხვა მეწილეეებს – მამას და ცოლის ძმას.
გვარამია წერილში ასევე წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდება სამართლებრივად ბუნდოვანია.კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერს ასევე კითხვები აქვს იმ 8 მილიონის წარმომავლობასთან, რომელიც გამოძიებამ ყოფილი პრემიერის სახლიდან ამოიღო.
,,არ გვეუბნებიან მთავარს – რა მოიპარა ყოფილმა პრემიერმა და როგორ? ანუ ქურდობის შინაარსი რა არის და არა ნაქურდალის დამალვის თუ დახარჯვის. ცალკე ცინიზმია, რომ ჰიპერკორუმპირებული რეჟიმი გვეუბნება, რომ მისი ყველაზე ხანგძლივი პრემიერის კორუფცია გაურკვეველ ღვინის ქარხანას უკავშირდება და ჯამში რაღაც რვა მილიონ დოლარს შეადგენს. ან 8 მილიონი დოლარი საიდან მოვიდა? ქეში როგორ მოხვდა იქ სადაც აღმოაჩინა? … ბანკის ტრანზაქციები არსებობს? საიდან მოვყვებით ამ ფულის წარმოშობას? თუ არ არსებობს მაშინ ქეში საიდან? ამაზე რას გვპასუხობენ? ცხადია, არაფერს. სამაგიეროდ ღარიბაშვილი ყველაფერზე თავს დააქნევს. დააქნევს, აბა რას იზამს? არ დააქნევს და ბაკურიანის ტყეზე დაიჭერენ მასაც და ტყის მიმღებსაც – ანუ მის ცოლს. დაიჭერენ მასაც და ღვინის ქარხნის სხვა მეწილეეებს – მამას და ცოლის ძმას. რად უნდა ამას ბევრი მკითხაობა, რომ ჯგუფურია ყველა ეს ფაქტი და მინიმუმ წინასწარ პატიმრობაში გაუშვებდნენ ზემოთ ჩამოთვლილ ნათესავებს და ოჯახის წევრებს. როგორც ღარიბაშვილი დაამცირეს და გააფარჩაკეს თავად მისმა თანაგუნდელებმა ამ ბოლო რამდენიმე თვეში, ამას სხვა არ გაუკეთებდა. მათ შორის, არც მე ვიკადრებდი ასე დამამცირებინა კაცი, რომელიც რუსთავი2 -ის წაღების პროცესებში პრემიერი იყო და თან აქტიურად ჩართული კაცი, რომელმაც პირადად გამომიგზავნა შუამავალი დასაშანტაჟებლად”, – წერს გვარამია.
ნიკა გვარამია წერილში ასევე საუბრობს კორუფციის ბრალდებით დაკავებული “ოცნების” სხვა მაღალჩინოსნების საქმეებზე და წერს, რომ “ოცნება” კორუფციაც რეალურად რომ ებრძოდეს, მაშინ პირველი კახა კალაძეს დაიჭერდა.
,,ეს დაჭერები კორუფციასთან ბრძოლა არაა არცერთ შემთხვევაში. კორუფციას რომ ებრძოდე, პირველ რიგში, თავად არ უნდა იყო ქვეყანაში ყველაზე კორუმპირებული, როგორიც ივანიშვილია. კორუფციას რომ ებრძოდე, კორუმპირებული პროკურორი და მოსამართლე არ უნდა იყო. კი, დაკვეთების შესრულებაც კორუფციის ფორმაა, კორუფციის, რომელიც ჩვენთან მარტო მექრთამეობა ჰგონიათ ხშირად… კორუფციას რომ ებრძოდე, მოქმედებს უნდა იჭერდე და არამხოლოდ გაშვებულებს…უმარტივესი ტესტია: არ არსებობს კორუფციასთან ბრძოლა და კახი კალაძე დაუსჯელი. კვლავ ვიმეორებ, კახი კალაძე გარეთ გამორიცხავს კორუფციასთან ბრძოლას. ამ კაცის თავისუფლება ყველაზე მარტივი ტესტია კორუფციის საკითხის ქვეყანაში. თუ სხვა არ გვჯერა, ან გვერთულება ამ მარტივი გზით შევაფასოთ”, – წერს გვარამია წერილში.








