ჩოხატაურის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი, ირაკლი ახობაძე – ჩოხატაურის მერიის აუდიტის სამსახურის უფროსად დაინიშნა;
ეს ინფორმაცია, “გურიის მოამბეს”, ჩოხატაურის მერიაში დაუდასტურეს;
ეს დანიშვნა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ჩოხატაურის მერიამ, ზედამხედველობის სამსახურის ბაზაზე, მუნიციპალური ინსპექცია დააფუძნა, მის უფროსად კი ყოფილი პოლიციელი, მალხაზ მამალაძე დანიშნა;
თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ახობაძე სახლში გაუშვეს, თუმცა, მოგვიანებით, როგორც ჩოხატაურში გვიხსნიან, საქმეში, ამ მუნიციპალიტეტის ფაქტიური მმართველი, პარლამენტარი ვასილ ჩიგოგიძე ჩაერია და ეს საკადრო დანიშვნაც მისი დამსახურებით განხორციელდა;
საქმე იმაშია, რომ, ირაკლი ახობაძე, პატიმრობაში მყოფი, სუსის ხელმძღვანელის მოადგილის, ლევან ახობაძის ახლო ნათესავია, თავად ლევან ახობაძე კი, ისევე როგორც, ასევე პატიმრობაში მყოფი, ამ უწყების ყოფილი ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი, ვასილ ჩიგოგიძის ახლო მეგობარია და მათ ოჯახებსა და ნათესავებს, პარლამენტარი ჩიგოგიძე “პატრონობს”.
“ეს ფაქტი საამაყოა პირიქით, რადგან ზოგიერთი ვირთხებივით არ გამქრალა და მისი პატიმარი მეგობრების, ლილუაშვილისა და ახობაძის ოჯახებთან კავშირები შეინარჩუნა” -გვითხრა, ამ ინფორმაციაზე კომენტირებისას, ვასილ ჩიგოგიძის გარემოცვის წევრმა;








