ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ ციხიდან ნიკა გვარამიასთან [სრული ვერსია]
ინტერვიუ 224-ე საკნიდან
1. როგორ ხარ?
იცი რა, მჯეროდა რომ მხნედ ვიქნებოდი. მაგრამ ვერ წარმომედგინა, თუ ასე. ეტყობა, კარგად ვიყავი მზად ფსიქოლოგიურად. თან, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, ის მოქმედებს დადებითად, რომ საერთოდ ხინჯს ვერ ვგრძნობ ჩემს სიმართლეში. სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის
2. როგორი კამერა გაქვს? ეტევი ამხელა კაცი?
კი ვეტევი. 2 ლოგინი დგას და მრავალფეროვნებისთვის, ხან ერთზე ვიძინებ, ხან მეორეზე. ჩემ გემოზე ვაწყობ. დავალაგე გუშინ. საწოლების ქვეშ რკინის უჯრებია და წიგნები იქ შევინახე. ციხის მაღაზიაში ვიყიდე ე.წ. ნაჩინკი, რომ კითხვა შევძლო. პლაკატებიც უნდა შემოვატანინო და გავაკრა კედლებზე, რომ საავადმყოფოსავით სტერილურ გარემოში არ ვიყო.
3. კარგად გძინავს?
საოცრად გამოვიძინე პირველი ორი დღე. თან ძალიან გადაღლილი და უძინარი ვიყავი. ისე, ასეთ სიჩუმეში, არასდროს არ მიძინია. ყველაფერში შეიძლება დადებითის პოვნა.
4. ტელევიზორი გაქვს?
2 დღის წინ ამიწყვეს და პირველი რაც ჩაირთო, იმ სამარცხვინო პროკურორის ბრიფინგი იყო. მაგრამ მთავარი, რაზეც გავგიჟდი სიხარულით, ისააა, რომ “მთავარი არხი” მაქვს და მთელი დღეები ვუყურებ. მეგონა და გაგონილი მქონდა, რომ ციხეებში არ აჩვენებდნენ, და თვალი რო მოვკარი, კინაღამ შევხტი სიხარულით. მთავარის გარეშე ნამდვილად არ იქნებოდა ადვილი. ახლა მუდმივად ჩართულია და, უცნაურია, მაგრამ თითოეულ სიტყვას, ლამის სარეკლამო ჭრებს ვუსმენ. ეტყობა, ასე ხდება ციხეში, როცა ტელევიზორი ერთადერთი დამაკავშირებელია გარესამყაროსთან.
5. რას გაჭმევენ და შენ თუ ჭამ?
დღეში სამჯერადი კვებაა, მაგრამ მე მარტო ერთხელ ვჭამ. ყველაფერი უნდა გამოიყენო როგორც შესაძლებლობა, და აქაც ასე ვარ – დიეტაზე ვარ, სანამ გამოვალ, ფორმაში უნდა ჩავდგე. თუმცა, მგონია, სწრაფად გამოვალ და ბევრის დაკლებას ვერ მოვასწრებ. გუშინ ვჭამე ლობიო და სტაფილოს სალათა. ნორმალური იყო, აუგს ვერ ვიტყვი. გუშინწინ – ბარდის ძალიან გემრიელი წვნიანი, ოდნავ ცხარე და მაკარონი “პა ფლოცკი”, ის არ იყო გემრიელი და ვუთხარი კიდევაც, რას გავიდა ეს თქო.
6. გყოფნის ერთჯერადი ჭამა?
პრინციპში კი. თუ მომშივდა, ოჯახის მიერ გამოგზავნილ ვაშლს ან ბანანს ვჭამ.
7. რა ნომერია შენი საკანი?
224
8. გითვალთვალებენ კამერაში?
კი, მუდმივი თვალთვალია, 2 კამერის მეშვეობით
9. რა გაკლია ყველაზე მეტად?
სოლიდარობის და მხარდაჭერის ემოცია. ხალხი მაკლია ანთებული თვალებით. იმდენი პოზიტიური ენერგია, რაც ოფისში ყოფნისას მივიღე, ალბათ დანარჩენი ცხოვრების განმავლობაში ჯამში არ მიმიღია. მგონია, იმხელა მარაგი დავაგროვე, ახლაც ეს ენერგიაა მთავარი მამოძრავებელი და საერთოდ ვერ ვგრძნობ ციხეს გარედან, ვგრძნობ თავისუფლებას შიგნით, ჩემში.
10. უყურე დღეს მიტინგს და კარვების გაშლას? რას ფიქრობ? დაინახე ისევ ანთებული თვალები და თავისუფლებისთვის ბრძოლა?
კი, ვუყურე და ძალიან ვინერვიულე, რომ იქ არ ვიყავი. თან ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ხალხი არ ნებდება და პირიქით, სულ უფრო და უფრო გრძნობს გამარჯვების გემოს. ჩემი გამოსახულებით პლაკატს რომ შევხედე, განცდის გაორება მქონდა: თან უხერხულობისგან მეცინებოდა, თან ძალიან ამაღლებული გრძნობა მქონდა, ძალიან გამიხარდა.
11. რა გაკლია, გავიგე, და ვინ გაკლია ყველაზე მეტად?
სანდრო. რა თქმა უნდა, სანდრო. ჩემებს უთქვიათ, რომ მივლინებაში ვარ და რა იცის სანდრომ, მივლინება რა არის? ბოლო დღეები, პარტიაში რომ ვიყავი, დღეში რამდენჯერმე ვურეკავდი, ახლა როგორ აუხსნიან, რატომ არ ვრეკავ, არ ვიცი, მაგრამ რამე უნდა მოიფიქრონ. რამე, მივლინებაზე უფრო გასაგები. ერთი, რაც მამშვიდებს, ისაა, რომ, რომ გაიზრდება, იუთუბში ან გუგლში რომ შევა, ნახავს ჩემს ამბებს და იმედი მაქვს იამაყებს, ჩემითაც და ჩემი მეგობრებითაც. ყველა ჩვენთაგანით, ვინც თავისუფლებისთვის ვიბრძოდით და მოვუტანეთ მას თავისუფლება. და რომ მოვუტანთ, ეჭვიც არ მეპარება.
12. ტელევიზორი რომ ჩავრთე, პირველი იმ პროკურორის ბრიფინგი ვნახეო. რა რეაქცია გქონდა და რას უაპასუხებ მის შემოთავაზებას გირაოს გადახდაზე?
არ დაგიმალავთ, ბევრი ვიცინე. ჯერ თვითონ პროკურორია სასაცილო პერსონაჟი, ჩუმად, გრძლად და გაუგებრად მოლაპარაკე. მერე მისი გამოსვლის შინაარსი სრული ბოდვა და დასაცინი. ნული შანსი, რა გირაო უნდა გადავიხადო, მსგავსი სისულელე რა მოაფიქრათ? ეტყობა ძალიან შეშინებული არიან საერთაშორისო გამოხმაურებებით. შემოაქვთ ჩემთან ყოველდღე და ვკითხულობ. სწორად არიან შეშინებული. რაც შეეხება გირაოს მესამე პირის მიერ შეტანას, ღიად ვამბობ, ვინც ფსევდო ალტრუისტული მიზეზით, ბიძინას დავალებით შეიტანს გირაოს, ის ივანიშვილზე დიდი მტერი იქნება ჩემი. ღიად ვამბობ და ვაფრთხილებ ყველას.
13. სპეცოპერაციის დღე გაიხსენე, შენი აყვანის მომენტიდან მოყოლებული
როგორც კი გამომიყვანეს, პირველივე კიბის უჯრედზე გამომძიებელმა წამიკითხა განჩინება და დამადო ხელბორკილები. სამივე სართულის კიბის უჯრედზე კორიდორი იყო გაკეთებული და ორივე მხარეს 2-2 რიგად იდგნენ სპეცნაზელები. თავიდან ძალიან უხეშობდნენ და ხმამაღლა დავიყვირე, გულიც რომ ამომაცალოთ და სულიც რომ ამომიღოთ, ტყვიაც რომ დამახალოთ შუბლში, მაინც მე ვარ თქვენზე გამარჯვებული და შეწყვიტეთ ძლადობათქო. პირველ სართულზე რომ ჩამიყვანეს, გადავსებული იყო იქაურობა, ნემსის ჩასავარდნი ადგილი არ იყო. სამი წუთი პაუზა დაკიდეს, სიგნალს ელოდნენ, ვიდრე გარეთ გამიყვანდნენ. ეს სამი წუთი ყველა მათგანი მე მიყურებდა ინტერესით. გამიყვანეს ბოლოს და ჩამსვევს მანქანაში. არ უძალადიათ. ორივე მხარეს სპეცრაზმელი მეჯდა. წინ – მძღოლი. აშკარად არ იყო თბილისიდან, შსს სამმართველოს ვერ მიაგნო, სად უნდა გადაეხვია და რა გზით ევლო, არც იცოდა. ხელბორკილიანი ხელი დავადე და ვკითხე, საიდან ხარ, საიდან ჩამოგიყვანეს, აშკარად წარმოდგენა არა გაქვს გზებზეთქო. დანარჩენებმა გაიცინეს. შემიყვანეს ორთაჭალში, სამმართველოში. 25 წუთი ვისხედით გაუნძრევლად. ბოლოს შეცვალეს ისინი ვინც გვედით მეჯდა ორი ახალი, უფრო წარმოსადეგად ჩაცმული სპეცრაზმელით. 5 წუთიც მოიცადეს და გადამიყვანეს. რომ გადავედი, დამხვდა სამი კამერა, ბუმერი, და ათამდე გადამღები პერსონალი. მივხვდი, რო დამამცირებლად უნდოდათ ხელბორკილებით ჩემი შეყვანა და ამის გადაღება, რომ მოგვიანებით ეჩვენებინათ. არ მივეცი ამის შესაძლებლობა. ბოლო ხმაზე ვუყვიროდი, გავრილოვებს და ვაგინებდი ივანიშვილს. ამის გადაღება შეძლეს და თუ უნდათ, აჩვენონ, მე წინააღმდეგი არ ვარ. რამდენადაც ვიცი, არ უჩვენებიათ. ძალიან დაბნეულები იყვნენ. შემიყვანეს შენობაში, ე,წ, ოპერების ოთახში. მოვითხოვე ტვ ჩაერთოთ და ჩამირთეს. ავტომატურად მტავარი არხი ჩაირთო, თან შენ იყავი ეთერიJ დავცინე, რა იყო, თქვენც მთავარს უყურებთთქო. რამდენიმე წუთი მაყურებინეს და მერე გამომირთეს, გარედან მიიღეს ინსტრუქცია.
14. ქონდათ შენთან საუბრის წამოწყების მცდელობა?
კი, თან ხაზგასმულად კეთილგანწყობილ ტონალობაში. ერთერთმა, ჩემი სკოლის დირექტორი ვნახე თქვენს ოფისში სპეცოპერაციისასო, თქვა დანანებით. და სად უყურე სპეცოპერაციას, მთავარზეთქო, და გაეცინა.
15. როგორ შეაფასებ პოლიციელების ქცევას?
როგორც მონების. თან აგრესიულები, მაგრამ დროს რომ იხელთებენ, მთელი თავისი ქცევით რომ გაჩვენებენ, რომ თუ ყველაფერი შეიცვლება, ახალ პატრონს გადავბარდებით და ვემსახურებითო. გვეშველება რამე? ამას ეკითხებოდნენ, როგორც კი დროს იხელთებდნენ. ერთერთმა, ვინც ოფისიდან შსსმდე და შსსდან ციხემდე მომაცილა, რამდენიმეჯერ გაიმეორა – საყლევეთში ვცხოვრობთ. მოკლედ, კუთხეებს ამრგვალებდნენ, როგორც შეეძლოთ. ამის შემხედვარემ ზუსტად მივხვდი, რომ ეს სისტემა უნდა დაინგრეს და ეს ხალხი არავინ არ უნდა გადაიბაროს, თორემ არასდროს არ დამთავრდება მოძალადე პოლიცია.
16. რას ეტყვი პარტიას, რომლის თავმჯდომარეც ციხეშია?
ვეტყვი იმას, რომ მეგონა რომ გიცნობდით და ყველაფერი ვიცოდი თქვენზე, მაგრამ ვცდებოდი. შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ თუ გინდა გყავდეს თანაგუნდელები და მეგობრები, აი ასეთები უნდა ინატრო, როგორებიც ნაციონალურ მოძრაობაში არიან. უდიდეს ვალში ვარ თითოეულ თქვენთაგანთან. მარტო მე კი არა, მთელი ქვეყანა. და არა მარტო ტანადგომისთვის და თავისუფლებისთვის დაუღალავი ბრძოლისთვის. იმისთვისაც, როგორც სპეცოპერაციისას მოიქეცით, არც ერთი ნაბიჯით რომ არ გადაუხვიეთ მშვიდობიანი წინააღმდეგობის გეგმას და არ მიეცით პროვოკაციის შესაძლებლობა სწორედაც რომ პროვოკაციისთვის მოსულებს. სხვაგვარად რომ მოქცეულიყო ერთერთი ჩვენთაგანი მაინც, დღეს ეს საერთაშორისო შტურმი კი არ იქნებოდა, დაზარალებული პოლიციელების ფოტოებიტ და კადრებიტ იქნებოდა გამოტენილი ყველაფერი და ელჩები მთავრობასთან ერთად მათ მოსანახულებლად ივლიდნენ. ახლა კი ჩევნ ვართ სრულიად გამარჯვებულები, ოცნება კატასტროფულ ვითარებაში. მთავარია ახლა სრული მობილიზაცია და იმის რწმენა, რომ გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა.
17. ოჯახს რას ეტყვით?
ყველაფერი კარგად არის. ისტორიის სწორ მხარეს ვარ და ამაზე უკეთესი ვერაფერი მოხდებოდა. ციხეში ყოფნაზე უარესი კიდევ ბევრი რამე შეიძლება იყოს. არ ინერვიულონ და სანდროს მიხედონ. განცდა მაქვს, რომ აქ დიდ ხანს ყოფნა არ მომიწევს. მაგრამ თუ მომიწევს, მზად ვარ ამისთვისაც, ვიყო ბოლომდე, ვიდრე არ გავიმარჯვებთ
18. რაზე გწყდება გული?
არ ვიცი, უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ ალბათ ჯობია ვთქვა. გული ძალიან მწყდება იმაზე, რომ ნათია მეზვრიშვილმა, 20 ივნისის დამრბევი გახარიას მაშინდელმა მოადგილემ, საჯაროდ დამიცვა. ეს ერთი მაგალითია, ბევრმა სხვა ყოფილმა ქოცმა, რომ არაფერი ვთქვათ სხვებზე. და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელტანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ. ჩემ დაცვას ვინ დაეძებს, პარტია, რომელსაც წლები ხელმძღვანელობდა, პარტია, რომელმაც პრეზიდენტად წარადგინა და რომ არა მოპარული არჩევნები, აარჩევინა კიდეც მოსახლეობას, აი ამ პარტიის ცენტრალური ოფისის აღებაზე კაცს ხმა არ ამოუღია. მისი პირადი კაბინეტის, ყოფილის, აღებას უყურა და ხმა არ დაუძრავს, მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს. ყველა, ნაცმოძრაობის ყოფილი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის გარდა. ამაზე მწყდება გული, მეტი არავიზე და არაფერზე.
19. რა არის შენთვის გამარჯვება, რომელიც ერთი ხელის გაწვდენაზეა?
არავითარი ჩემი გათავსიუფლება, ან ნებისმიერი სხვა რამ, არავიტარი მტავრობის გადადგომა – წავლენ ესენი, მოვლენ ახალი მონები. გამარჯვება არის ვადამდელი არჩევნები წელს, უპირობოდ. და მხოლოდ ამასთან პაკეტში ნებისმიერი დანარჩენი, მათ შორის ჩემი თუ სხვა პოლიტიკური პატიმრების გატავისუფლება და პოლიტდევნის შეწყვეტა. მხოლოდ ახალი არჩევნები, სადაც ოცნება დამარცხდება და მოვიპოვებთ თავისულფებას, როგორც შენ ამბობ. დანარჩენი თავისით დალაგდება”.